შვეიცარიიდან იარაღის ექსპორტი მცირდება | კრიტიკოსები ქვეყნის ნეიტრალიტეტს ადანაშაულებენ

შვეიცარიიდან იარაღის ექსპორტი მცირდება | კრიტიკოსები ქვეყნის ნეიტრალიტეტს ადანაშაულებენ

ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს შვეიცარიიდან შეიარაღების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულის მიზეზი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსია, რომლის თანახმადაც შვეიცარიული შეიარაღებისა და სამხედრო მასალის უკრაინაში რეექსპორტი იკრძალება. სამთავრობო უწყების მონაცემებით, 2023 წელს შვეიცარიიდან სამხედრო შეიარაღების ექსპორტი 27%-ით შემცირდა და მისი ღირებულება $788.06 მილიონით განისაზღვრა. შედარებისათვის, 2022-ში შვეიცარიიდან ექსპორტზე $1.08 მილიარდის ღირებულების იარაღი გავიდა.

მიუხედავად ქვეყნის ნეიტრალური სტატუსისა და სამხედრო მიუმხრომლობისა, შვეიცარია იარაღის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი სახელმწიფოა. „სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის“ მონაცემებით, რომელიც სახელმწიფოთა თავდაცვის სექტორებს იკვლევს, 2022 წელს შვეიცარია მსოფლიოში მე-14 ყველაზე მსხვილი იარაღის ექსპორტიორი იყო.

2023 წელს შვეიცარიული შეიარაღება 58-მა სახელმწიფომ შეიძინა. ნეიტრალური სახელმწიფოსათვის ყველაზე მსხვილი პარტნიორები გერმანია და დანია არიან, რომლებიც შვეიცარიისაგან ჯავშანტრანსპორტიორებსა და საბრძოლო მასალებს ყიდულობენ.

ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ექსპორტის 27%-ით შემცირების ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ინდუსტრიის ასოციაციის, Swissmem-ის განმარტებით, აღნიშნული მიზეზი შვეიცარიისათვის შეიარაღების რეექსპორტზე დაწესებული აკრძალვაა. 2022 წელს ესპანეთს, დანიასა და გერმანიას შვეიცარიაში წარმოებული შეიარაღების უკრაინაში რეექსპორტის ნებართვა არ მიეცათ.

საინტერესოა, რომ შვეიცარიის ნეიტრალური სტატუსიდან გამომდინარე, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მეტწილად ექსპორტზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ძლიერი და მაღალგანვითარებული არმია ჰყავს, მისი მოთხოვნა ინდუსტრიისათვის საკმარისი არ არის. ამიტომ შვეიცარიული იარაღის მწარმოებელი კერძო სამხედრო კომპანიები აღნიშნული აკრძალვის მოხსნას და რეექსპორტირების უფლების მიცემას ითხოვენ. მათი განმარტებით, ამით ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი არ შეიცვლება და ეს სამართლებრივად აკრძალულიც არ არის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *