საქართველოს სრულად კონვერგენტულმა საკომუნიკაციო ოპერატორმა „სილქნეტმა“ 2020 წელი 80.2 მილიონი ლარის მოცულობის ზარალით დაასრულა.
კომპანიამ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 1.7 მილიონ მობილურ, 292,000 ფიქსირებულ და 228,000 Pay TV-ის აბონენტს ემსახურება, 2020 წელს შემოსავლის სახით 382.1 მილიონი ლარი გამოიმუშავა. კომპანია ასევე მიიჩნევს, რომ COVID-19-ის პანდემიის უარყოფითმა ეფექტმა შემოსავალზე დაახლოებით 32 მილიონი ლარი შეადგინა.
შემოსავლების განაწილება წყაროების მიხედვით
- 48% – მობილური მომსახურება | ბაზრის წილი: 34%
- 26% – ფიქსირებული ინტერნეტი | ბაზრის წილი: 31%
- 12% – Pay TV | ბაზრის წილი: 34%
- 9% – საბითუმო მომსახურება
- 4% – ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება | ბაზრის წილი: 57%
- 1% – სხვა
ზარალის ძირითადი წყარო უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულებას უკავშირდება. კერძოდ, „სილქნეტის“ ბრუტო სესხის 95% აშშ დოლარშია დენომინირებული, საიდანაც 74% არაჰეჯირებულია. ამასთან, მაღალია უცხოურ ვალუტაში დენომინირებული კაპიტალური დანახარჯებიც. კერძოდ, 2020 წელს კომპანიის ქეშ კაპიტალური დანახარჯების 82% უცხოურ ვალუტაში განხორციელდა. კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს უცხოური ვალუტის კონვერტაციით გამოწვეულმა წმინდა ზარალმა 86.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 51 მილიონი ლარით მეტია 2019 წლის იდენტურ მაჩვენებელზე.
ცნობისთვის, 2019 და 2020 წლებში კომპანიას დივიდენდები არ გამოუცხადებია.
კაპიტალური დანახარჯები:
პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს კომპანიამ ქსელის განვითარებისა და გაფართოების პროექტების განხორციელება მაინც შეძლო:
- 230 მობილური საიტი განახლდა gigabit-LTE (4.9G) ტექნოლოგიით. Gigabit-LTE ტექნოლოგია უკვე საქართველოს ფაქტიურად ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი.
- 200 მობილური საიტი განახლდა 4G ტექნოლოგიით.
- დასრულდა დამატებით 21 მობილურის მაკრო საიტი ე.წ. როლაუთი. კომპანიამ ქსელის ოპტიმიზაციის შედეგად 53 მობილური საიტის რელოკაცია და დემონტაჟი მოახდინა.
- გრძელდება ოპტიკური ქსელის განვითარება. 2020 წელს კომპანიამ ოპტიკური ქსელი დაახლოებით 63,000 ახალ ბინამდე მიიყვანა. ჯამურად, წლის ბოლოს ოპტიკური ქსელი 650,000-ზე მეტ ბინამდეა მისული, რაც ქვეყნის მასშტაბით არსებული შინამეურნეობების 60%-ია.
სს „სილქნეტის“ საბოლოო ბენეფიციარი აქციონერები:
- გიორგი რამიშვილი – 38.2%
- იერკინ ტატიშევი – 38.2%
- ალექსი თოფურია – 17.7%
- დევიდ ბორგერი – 5.9%
- დავით მამულაიშვილი – 5%