სიმპტომური მედიცინიდან − პრევენციული მედიცინისკენ

სიმპტომური მედიცინიდან − პრევენციული მედიცინისკენ

პრევენციული მედიცინა და ჰოლისტური ჯანდაცვა − ესაა ევექსის განვითარების ორი უმთავრესი მიმართულება. ქვეყანაში პირველადი მედიცინის ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერის იდენტობის ცვლილება და მომხმარებლისთვის ახალი სერვისის, Health Coaching-ის შეთავაზებაც ამას ემსახურება. ამ გარდაქმნისა და ევექსის გეგმების შესახებ კომპანიის დირექტორი, გიორგი გორდაძე გვესაუბრა.

დავიწყოთ ზოგადი კითხვით − რა ცვლილებებს მოიაზრებს ევექსის რებრენდინგი? რამ განაპირობა ეს ცვლილებები?

ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის განვითარება უმნიშვნელოვანესია როგორც პაციენტებისთვის სარგებლის შექმნისთვის, ისე მთლიანი სისტემისთვის. პირველადი ჯანდაცვა არის ის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სიცოცხლის ხარისხი იყოს მაღალი და არ მივიდეთ ჰოსპიტალიზაციამდე.

მიუხედავად ამისა, დღეს პაციენტების უმრავლესობა მოგვმართავს სიმპტომურად და საჭიროა, საზოგადოება გადავიდეს პრევენციულ მედიცინაზე. ჯანდაცვა არის სერვისი, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ და სხვა ტიპის ჯანმრთელობას აერთიანებს. შესაბამისად, უფრო მეტი სარგებელი უნდა შეიქმნას მომხმარებლისთვის, ვიდრე დღესაა და უფრო მეტი ადამიანი უნდა გადმოვიდეს პრევენციულ მიდგომაზე, რათა სამომავლოდ გართულებები თავიდან აირიდოს.

ამის გათვალისწინებით, ჩვენს სტრატეგიაშიც ბევრი რამ იცვლება: იხვეწება სერვისები, იზრდება ხელმისაწვდომობა, ვითარდება ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ევექსის მიზანი ჰოლისტური მიდგომისა და პრევენციული მედიცინის დანერგვაა და ამის შედეგია Health Coaching-ის ახალი პროგრამაც. რას გულისხმობს ის?

ამ პროექტზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ბრიტანელ პარტნიორებსა და საერთაშორისო Health Coaching-ის ასოციაციასთან და მათთან პარტნიორობით შევქმენით ახალი პროგრამა. შვიდი თვის განმავლობაში ჩვენი ოჯახის ექიმები გადიოდნენ ინტენსიური გადამზადების კურსს, რათა დამატებითი უნარები შეეძინათ.

დღევანდელ მედიცინაში მხოლოდ რეცეპტის გამცემი კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ მხარდამჭერი, ამხსნელი და მიმდევნებელი. შედეგი ორივე მხარის, პაციენტისა და ექიმის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ამ პროცესში პაციენტის მეგზური სწორედ Health Coach-ია.

ჩვენ ასეთი მიდგომა გვაქვს, რომ როდესაც რაიმე სიახლეს ვგეგმავთ, გარკვეულ მარათონს ვაწყობთ და პირველი მომხმარებლები ჩვენივე თანამშრომლები არიან. ასე მოხდა ახლაც და 15 Health Coach-ს ჰყავდა 15 პაციენტი, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, იქნებოდა ეს წონის კორექცია, ფსიქოლოგიური ფაქტორი თუ სხვა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ერთობლივი პასუხისმგებლობით მათ სასურველ მიზნებს მიაღწიეს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესი მათი ოჯახის წევრებმაც გაითავისეს.

ქართველი მომხმარებლისთვის ეს სერვისი ჩვენთან უკვე 19 თებერვლიდანაა ხელმისაწვდომი. ამ სერვისზე ცალკე კამპანიასაც ვგეგმავთ, რათა მომხმარებელს მივაწოდოთ ინფორმაცია და დავანახოთ მისი საჭიროება.

პრევენციული მედიცინა რიგი დაავადებების თავიდან არიდებისა და ჯანმრთელობის ხარისხის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. რა გამოწვევებია ამ კუთხით საქართველოში და როგორ გეგმავს ევექსი ამ მიმართულების განვითარებას?

ამ მიმართულებით საქართველოში ბევრ შეთავაზებას ვერ შეხვდებით. მედიცინა იცვლება, ცხოვრების წესი იცვლება, სულ სადღაც გვეჩქარება და ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველა მეტად მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობა ადამიანის ყველაზე ძვირფასი აქტივია.

ბევრი კვლევა გვაქვს ამაზე გაკეთებული და კი, ჯანდაცვა კომპლექსურია, მაგრამ კიდევ უფრო რთულად ესახება მომხმარებელს სერვისების მიღება, შესაბამისად, ბევრი ვიმუშავეთ პროცესისა და ხელმისაწვდომობის გამარტივებაზე, ციფრული სერვისების გააქტიურებაზე და სხვა.

რა მდგომარეობაა ამ კუთხით საერთაშორისო ბაზარზე?

ხელმისაწვდომობა საერთაშორისო მასშტაბითაც დიდი პრობლემაა. ასევე გამოწვევაა გეგმური დაჯავშნაც. ჩვენთან საექთნო რესურსი უფრო რთულად ხელმისაწვდომია და დიდი გადინებაა, რაც, დიდწილად, ხელფასებს უკავშირდება, იქ კი ექიმების ხელმისაწვდომობა უფრო რთულია, ამიტომ, ძირითადად, ვითარდება ისეთი სერვისები, რომლებიც ფოკუსირებულია ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. თუმცა Health Coaching-ი ამ პრობლემას აგვარებს, რადგან შესაძლებელი ხდება სხვა სპეციალობის ადამიანების გადამზადება ამ როლის მოსარგებად.

განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება ტექნოლოგიური წინსვლაცაა. რა ცვლილებებია ამ კუთხით? ნერგავს თუ არა ევექსი ხელოვნურ ინტელექტს (AI) სამედიცინო სერვისებში?

როგორც იცით, ჩვენ გვაქვს აპლიკაცია Ekimo, რომელიც საუკეთესო ასისტენტია პაციენტისა და ექიმის კომუნიკაციაში და მომხმარებელს სერვისების მიღებას უმარტივებს. დამატებულია დაჯავშნის, გადახდის სისტემები, შესაძლებელია ყველა გამოკვლევის ერთ სივრცეში, პირად კაბინეტში თავმოყრა და ამ ინფორმაციის გაზიარება ყველასთვის შესაძლებელია, რაც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის.

ციფრული ტექნოლოგიები უკვე გამოვცადეთ კოვიდის დროს და საზოგადოებამ სარგებელიც მიიღო. დღესაც, როცა გრიპზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალია კლინიკებში, ტექნოლოგია რესურსების ეფექტიან გადანაწილებაში გვეხმარება და, მაგალითად, ონლაინკონსულტაციების საშუალებას გვაძლევს.

რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ჯანდაცვა ტექნოლოგიური დარგია და ჩვენც უნდა განვვითარდეთ. ერთ თვეში იქნება აპლიკაციაში ჩაშენებული AI-ასისტენტი, რომელიც კითხვებზე პასუხის გაცემასა და ინფორმაციაზე სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს. ასეთი ხელსაწყოები პიკურ პერიოდებში ძალიან მნიშვნელოვანია.

იგეგმება თუ არა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სამედიცინო სერვისების გამრავალფეროვნება?

რებრენდინგის ფარგლებში ორ ფილიალში შეიცვალა ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე ასახავს ახალ მიდგომას. აღარ არის კლასიკური სამედიცინო დაწესებულებებისთვის დამახასიათებელი ცივი თეთრი ფერები, არის თბილი ატმოსფერო და გარემო, რომელიც ხელს უწყობს განტვირთვას და მოდუნებას. ეტაპობრივად, ყველა ჩვენი კლინიკა განახლდება და ახალი იდენტობა ყველა მათგანზე აისახება.

ინფრასტრუქტურის შეცვლის პირველადი მიზანი იყო ის, რომ სერვისის მიმართ მომხმარებლისა და კომპანიაში დასაქმებულების დამოკიდებულება და აღქმა შეგვეცვალა. რებრენდინგი გულისხმობს ფილოსოფიის ცვლილებას და ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების, ემპათიის, ცოდნის, ხელმისაწვდომობისა და პასუხისმგებლობის მანიფესტაციას ემსახურება.

რაც შეეხება სერვისების გაფართოებას, პირველად ჯანდაცვაზე ჩვენი ფოკუსი არ იცვლება. ერთი წლის წინ გავხსენით ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი კარავი და სამომავლოდაც ვაპირებთ, განვიხილოთ ყველა საინტერესო სერვისი, რომელთა ინტეგრაციაც შესაძლებელი იქნება.

ეხება თუ არა რებრენდინგი კომპანიაში დასაქმებულებს?

უკვე ვახსენეთ, რომ ცნობიერების ამაღლებას ვიწყებთ შიგნით, იქნება ეს სტრატეგიული ვორკშოპები, ფილოსოფიის ცვლილება თუ სხვა. ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია და მასში ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი რაღაც ერთ ფასეულობაზე თანხმდება და გარკვეულ იდენტობას ქმნის.

ევექსის შემთხვევაშიც მრავალფეროვნება, ძალიან ბევრი ინტერესი თუ ასაკობრივი ჯგუფია, მაგრამ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი, რომ ერთი მიზანი გვქონოდა. პირველ რიგში, სარგებელს თანამშრომლებს ვუქმნით, რადგან გვჯერა, რომ თუ თანამშრომელი კეთილდღეობის ამ ველში ვერ ხვდება, გარეთაც ამ სარგებელს ვერ გაიტან. შესაბამისად, ყველაფერი იტესტება შიგნით.

გვაქვს კორპორაციული კეთილდღეობის პროგრამა, რომელსაც წლებია, ვავითარებთ და ვაინტეგრირებთ სხვადასხვა მოდელს. ბოლო ასეთია Health Coaching-ი. კულტურული ცვლილება ჯერ ორგანიზაციაში უნდა ხდებოდეს, რადგან შენ უნდა იყო მზად, რომ სხვებიც გამოგყვნენ ამ მოგზაურობაში.

გეგმავთ ლოიალობის პროგრამის გარდაქმნასაც და ქმნით კლუბს, რომელიც მომხმარებელს რიგ უპირატესობებს სთავაზობს. რა იქნება ამ კლუბის მისია?

ჩვენი ლოიალობის პროგრამა ევექსის შიგნით სარგებლის შექმნასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ რადგან კონცეპტუალურად ვიცვლებით და მთელ ჯანმრთელობაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, ლოიალობის პროგრამაც გარდაიქმნება და მიიღებს კლუბის სახეს.

გარდა უშუალოდ ევექსის მიერ შეთავაზებული სამედიცინო სერვისებისა, ეს კლუბი გააერთიანებს ნუტრიციოლოგების, ფსიქოლოგების სერვისს, სპორტულ დარბაზებს, საკვებ, დასვენების ობიექტებს და ისინი იქნებიან ჩვენი პარტნიორები, რათა ადამიანებს გავუმარტივოთ ჰოლისტური ზრუნვა ჯანმრთელობაზე. კონცეფცია, რომელიც სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, სცილდება კიდევაც ევექსის მისიას და უფრო ფართო მისიაა.

რა იქნება რებრენდინგის საბოლოო შედეგი? გაგრძელდება და იცვლის თუ არა ის სახეს?

ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. კულტურულ ცვლილებას დრო, შესაბამისი კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება სჭირდება. სწორედ ამიტომ კლუბის ფარგლებში საგანმანათლებლო შეხვედრებიც იქნება გათვალისწინებული.

ცხადია, ჩვენი ყველა მომხმარებელი სიმპტომური მედიცინიდან პრევენციულზე ერთ დღეში ვერ გადმოვა, მაგრამ მზად ვართ, საჭირო დროითი ინვესტიცია დავუთმოთ, რადგან ესაა კეთილდღეობის მიღწევის გარანტი.

საჭიროა თუ არა, რომ სხვა ორგანიზაციებმაც აგიბან მხარი?

პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობა მთლიანი სისტემისთვის გასაზრდელია. ერთი ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილმა კამპანიამ გარკვეული შედეგები შეიძლება მოიტანოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ სხვებიც, მათ შორის, მარეგულირებელიც, უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში.

ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის შესახებაც ახლახან განვაცხადეთ, არის ის, რომ ბიზნესმა თავის თანამშრომელს მისცეს ერთი დღე ჯანმრთელობის პრობლემებზე ზრუნვისთვის. ამის საჭიროებას ვხედავთ და ვიმუშავეთ, რომ ერთდღიან ვიზიტში ჩატეულიყო მთლიანი დიაგნოსტიკა წელიწადში ერთი დღით მაინც. ეს ბიზნესისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი იქნება მისი თანამშრომელი, ეფექტიანობაც გაიზრდება.

ამგვარი ბიზნესებისთვის, რომლებიც ჩვენი პარტნიორები გახდებიან, გვექნება მნიშვნელოვანი ფასდაკლებები მათი თანამშრომლებისთვის და დავუგეგმავთ მთლიან პროცესს, რათა ერთ დღეში მთლიანი გამოკვლევა იყოს შესაძლებელი. ესაა ინოვაციური, საჭირო პროდუქტი ჩვენი ქვეყნისთვის.

როგორი იქნება ევექსი მომავალში?

ევექსი აუცილებლად განვითარდება და კლასიკური მიდგომიდან ჰოლისტური მიდგომისკენ გადაუხვევს და აიღებს პასუხისმგებლობას, რომ Health Coach-ების მეშვეობით, ყველა ის სერვისი მოიცვას, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ გაუმჯობესებული სიცოცხლის ხარისხი, რასაც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი გავლენა ექნება საზოგადოებაზე, ბიზნესსა და საერთო კეთილდღეობაზე.