2025 წლის ინაუგურაციის შემდგომ, ახლა უკვე მეორე ვადით არჩეულმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მომავალი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი გამოწვევები საჯაროდ გაამხილა. ტრამპის გეგმებში გლობალურად მიმდინარე ომებისა და დაპირისპირებების მშვიდობიანი გზით დასრულებაც შედიოდა – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით დაწყებული, ინდოეთ-პაკისტანისა თუ სომხეთ-აზერბაიჯანის მრავალწლიანი კონფლიქტებით დასრულებული.
ბოლო პერიოდში ტრამპი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უკრაინაში რუსეთის ომს უთმობს. დონალდ ტრამპი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას მედიაციის გზით ცდილობს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავის მიღწევებსაც ხაზს აქტიურად უსვამს. ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან ალასკაში პირისპირი შეხვედრაც გამართა. ამის შემდგომ კი უკვე პრეზიდენტ ზელენსკის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, თებერვლის დაძაბული შეხვედრის შემდგომ, მეორედ უმასპინძლა. შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც ესწრებოდნენ.
არც ეს არის გასაკვირი, რადგან პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მოპოვება სურს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ნობელის პრემიის ლაურეატად ტრამპი შვიდი ქვეყნის ლიდერმა წარადგინა. საინტერესოა, რომ ეს ლიდერები სწორედ იმ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, რომელთა სამშვიდობო შეთანხმება ტრამპის ჩართულობით მიიღწა. მათ შორისაა: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, კამბოჯის პრემიერი ჰუნ მანეტი, გაბონის პრეზიდენტი ბრაის ოლიგი ნგემა, ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლივიერ ნდუჰუნგირე და პაკისტანის მთავრობა.
როგორც თავად პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებს, მან თავისი მმართველობისას შვიდი ომი დაასრულა. ამის შესახებ თავდაპირველად ტრამპმა სწორედ 18 აგვისტოს, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა. ევროპელები აშშ-ის პრეზიდენტისგან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემუშავებას მოითხოვდნენ. „მე ექვსი ომი დავასრულე… ყველა ეს შეთანხმება ტერმინი „ცეცხლის შეწყვეტის” ხსენების გარეშე დავდე”, – განაცხადა ტრამპმა და მეორე დღეს, მის მიერ მოყვანილი რიცხვი „შვიდ ომამდე“ გაიზარდა.
„დასრულებული ომების” შესახებ წერს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და იმავე განცხადებაში ტრამპს, ნობელის პრემიისთვის „მთავარ მშვიდობისმყოფელსაც” უწოდებს. ხოლო ტრამპმა, საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ომების შესახებ საუბრისას, ტერმინი „ცეცხლის შეწყვეტა” რამდენჯერმე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, უკრაინა-რუსეთის შემთხვევაში ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის ხსენებისგან ბოლო პერიოდში თავს იკავებს და აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დასრულებულ ომებს შორის, ისრაელსა და ირანს შორის დაწყებულ 12-დღიან დაპირისპირებას ასახელებს. სახელმწიფოებს შორის 12-დღიანი კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელის საჰაერო ძალების 200-მდე გამანადგურებელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა. მოგვიანებით ტრამპმა დაადასტურა, რომ შეტევამდე ის ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააფრთხილა. 21 ივნისს ირანის სამ ბირთვულ ობიექტებზე ამჯერად ბომბდამშენებით იერიში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიტანა. ტრამპის ეს ნაბიჯი ფართოდ განიხილება, როგორც კონფლიქტის სწრაფი დასრულების ხელშემწყობი წინაპირობა.
23 ივნისს ტრამპმა მხარეების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა დაადასტურა და 12-დღიანი ომიც, „ოფიციალურად” დასრულებულად გამოაცხადა. საომარი მოქმედებების შემდეგ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ „გადამწყვეტი გამარჯვება“ მოიპოვა, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაფერი უთქვამს. ომში გამარჯვება გამოაცხადა ისრაელმაც, თუმცა ახალი საფრთხეების შემთხვევაში, არც ირანზე დარტყმების განახლება გამორიცხა.
ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევრის, მაიკლ ო’ჰენლონის შეფასებით, მუდმივ მშვიდობაზე ან ირანის ბირთვული პროგრამის მონიტორინგზე შეთანხმება არ არსებობს. შედეგად, საქმე უფრო მეტად „ფაქტობრივ ცეცხლის შეწყვეტასთან” გვაქვს, ვიდრე ომის დასრულებასთან.
ასევე საკუთარ ძალისხმევად მიიჩნევს პაკისტანსა და ინდოეთს შორის მრავალწლიანი კონფლიქტის გადაწყვეტას პრეზიდენტი ტრამპი. ოთხდღიანი ორმხრივი თავდასხმების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჩართულობით მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა. ტრამპის თქმით, მოლაპარაკებები აშშ-ის მედიატორობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწორედ ამის შემდგომ პაკისტანმა ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.
თუმცა ინდოეთმა მოლაპარაკებებში აშშ-ის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა. როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიკრამ მისრიმ განაცხადა, „სამხედრო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უშუალოდ ინდოეთსა და პაკისტანს შორის, არსებული არხების ფარგლებში შედგა”.
ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებიდან მალევე, 27 ივნისს, დიდი ხნის საომარი მოქმედებები გამწვავდა რუანდასა და კონგოს შორისაც. 23 მარტის მოძრაობის (M23) სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელობით, ამბოხებულებმა საზღვართან მდებარე ყველაზე დიდ ქალაქს, გომას შეუტიეს. ივნისში ქვეყნებმა ვაშინგტონში სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიზანიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულება იყო. ტრამპის განცხადებით, ეს შეთანხმება ხელს მათსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებასაც შეუწყობდა.
შეთანხმების ტექსტში იყო „ზავის პატივისცემის“ მოწოდებაც, რომელიც რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 2024 წლის აგვისტოში დაიდო. თუმცა ბოლო შეთანხმების შემდეგ ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში, ხოლო M23-ის ამბოხებულები სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლით იმუქრებოდნენ.
Human Rights Watch-ის მონაცემებით, ივლისში ამბოხებულმა ჯგუფმა აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სულ მცირე 140 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, მოკლა. უფლებადამცველი ჯგუფის განცხადებით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეამბოხეებმა ეს სამშვიდობო პროცესის მიუხედავად ჩაიდინეს.
26 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ: „მე ახლავე დავურეკავ ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, რათა მოვთხოვო ცეცხლის შეწყვეტა და იმ ომის დასრულება, რომელიც ამჟამად მძვინვარებს”. რამდენიმე დღის შემდეგ, დაახლოებით 1-კვირიანი დაპირისპირების შემდეგ, ქვეყნები „დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე” შეთანხმდნენ.
სამშვიდობო შეთანხმების პროცესს მალაიზია ხელმძღვანელობდა, თუმცა ტრამპი ქვეყნებს ტარიფების შემსუბუქებაზე მოლაპარაკებების შეჩერებით დაემუქრა. რეალურად კი ორივე ქვეყანა აშშ-ში ექსპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. 7 აგვისტოს ტაილანდმა და კამბოჯამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მათ გამყოფ საზღვარზე მშვიდობის დაძაბულობის შემცირებას ისახავდა მიზნად.
ვაშინგტონში, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა. ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტ ტრამპის თანხლებით მოაწერეს. შეთანხმება, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას ისახავს მიზნად. „დიდი ხანი – 35 წელი – ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, ახლა კი მეგობრები არიან და ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიაზე და ქვეყნების ლიდერები მიღებული გადაწყვეტილებისთვის შეაქო.
გარდა ამისა, ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმება გულისხმობს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე, რომელიც, თეთრი სახლის თქმით, ენერგიისა და სხვა რესურსების ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თითოეულ ქვეყანასთან ცალკეული შეთანხმებები გააფორმა ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გასაფართოებლად.
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა დონალდ ტრამპი კონფლიქტის დასრულებაში დახმარებისთვის შეაქეს და განაცხადეს, რომ მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენდენ.
რაც შეეხება ეგვიპტესა და ეთიოპიას, ამ ქვეყნების შემთხვევაში ქვეყნებს შორის აქტიური საომარი პროცესები არ მიმდინარეობს, თუმცა დაძაბულობაა მდინარე ნილოსზე კაშხლის მშენებლობის გამო. დიდი ეთიოპიური რენესანსის კაშხლის მშენებლობა ამ ზაფხულს დასრულდა, ეგვიპტე კი ამტკიცებს, რომ პროექტი გავლენას იქონიებს წყალზე, რომელსაც ისინი ნილოსიდან იღებენ. 12-წლიანი უთანხმოების შემდეგ, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა 29 ივნისს განაცხადა, რომ ეთიოპიასთან მოლაპარაკებები შეჩერდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კაშხლის მშენებლობაზე განაცხადა, რომ ეგვიპტის ადგილზე, ნილოსის წყალი მასაც ენდომებოდა. ეგვიპტემ ტრამპის განცხადება დადებითად შეაფასა, თუმცა ეთიოპიის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი შეფასებებით, დაძაბულობის გამწვავების რისკი იქმნებოდა. ტრამპმა ამ საკითხის მოკლე ვადებში მოგვარების პირობა დადო, თუმცა ოფიციალური შეთანხმება სახელმწიფოებს შორის არ მიღწეულა.
დაბოლოს, ტრამპი კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული დაძაბულობის მოგვარებასაც საკუთარ მიღწევებს შორის ითვლის. როგორც 27 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მან ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებების დაწყება თავიდან აიცილა. ტრამპის თქმით, ქვეყნები საომარი მოქმედების დაწყებისთვის მზად იყვნენ, თუმცა ის მათ აშშ-სთან ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა და სახელმწიფოებმაც უკან დაიხიეს.
სერბეთსა და კოსოვოს შორის 1990-იან წლებში დაწყებული კონფლიქტი ბოლო წლებში შედარებით გამძაფრდა. სახელმწიფოებმა ეკონომიკური ნორმალიზების შეთანხმებებს ხელი 2020 წელს, ოვალურ კაბინეტში მოაწერეს, თუმცა იმ დროს ისინი ომში არ იმყოფებოდნენ. კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებითაა დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.