Bloomberg-ის ინფორმაციით, სინგაპურის სავალუტო ორგანო (MAS) Credit Suisse-ის ადგილობრივი ობიექტის ადგილზე შემოწმებას გეგმავს. შემოწმების მიზანია დადგინდეს, გამართულად ახორციელებდა თუ არა ბანკი მდიდარი კლიენტების მონიტორინგს. საკითხი კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მის ერთ-ერთ მომხმარებელს ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს.
სინგაპურის ფინანსური მარეგულირებლების ოფიციალური წარმომადგენლები კვირების განმავლობაში შეისწავლიან დოკუმენტებს და გაესაუბრებიან როგორც Credit Suisse-ის თანამშრომლებს, ასევე სხვა ბანკებში დასაქმებულ პირებსაც. 3 ოქტომბერს, პარლამენტში გამოსვლისას, სინგაპურის სახელმწიფო მინისტრ ალვინ ტანის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, MAS-ი ფინანსურ ინსტიტუტებზე სამეთვალყურეო მიმოხილვებსა და შემოწმებებს ახორციელებდა.
აზიის ფინანსური ცენტრი ფულის გათეთრების საკითხზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საქმეს იძიებს. აგვისტოში, სინგაპურის პოლიციამ აღნიშნული ბრალდებით უცხო ქვეყნის ათი მოქალაქე დააკავა, რომელთაც $2 მილიარდის ღირებულების აქტივები აქვთ ჩამორთმეული, ნაღდი ფულით დაწყებული, სამკაულებით დასრულებული. ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებული ჯგუფი სავარაუდოდ ჩინეთიდანაა.
Credit Suisse-ი სწორედ იმ ბანკებს შორისაა, რომლებსაც ბრალდებულებთან ან მათ კომპანიებთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, ვან შუიმინგს, შვეიცარიულ კრედიტორში $66 მილიონზე მეტის აქტივები ჰქონდა, რაც ამ საქმეში, აქამდე ცნობილ ყველაზე დიდ ანგარიშს წარმოადგენს.
Credit Suisse-ში კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.