SIPRI-ს ანგარიში: როგორ შეცვალა უკრაინის ომმა შეიარაღების გლობალური ბაზარი?

SIPRI-ს ანგარიში: როგორ შეცვალა უკრაინის ომმა შეიარაღების გლობალური ბაზარი?

უკრაინაში ომის დაწყებამ ბოლო წლების განმავლობაში შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა. შემოსავლების ზრდა იარაღის წარმოების ზრდითაა განპირობებული, რაც, თავის მხრივ, ომის საჭიროებებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინის მთავარი პარტნიორი შეიარაღების საკითხებში ევროკავშირია, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპანიების შემოსავლებში შეინიშნება.

უკანასკნელი მონაცემებით, შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, 2024 წელს იარაღის უმსხვილესი მწარმოებლების შემოსავალი 5.9%-ით, $679 მილიარდამდე გაიზარდა.

როგორც აღვნიშნეთ, ზრდის დიდი წილი ამერიკულ და ევროპულ კომპანიებზე მოდის. მაგალითად, 2024 წელს ას ყველაზე მსხვილ სამხედრო კომპანიაში შემავალი ევროპული მწარმოებლების 65%-მა წარმოება რაღაც ფორმით მაინც გაზარდა. შედეგად, 26 ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემოსავლები ჯამში 13.4%-ით, $151 მილიარდამდე გაიზარდა.

ასი ყველაზე მსხვილი სამხედრო კომპანიიდან ყველაზე დიდი ზრდა ჩეხურმა Czechoslovak Group-მა დააფიქსირა, რომლის შემოსავალიც 193%-ით, $3.6 მილიარდამდე გაიზარდა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ჩეხეთის მთავრობის მიერ ინიციირებული პროგრამის დამსახურებაა, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთი ადგილობრივად წარმოებულ საარტილერიო ჭურვებს უკრაინას აწვდიდა. კონკრეტულად ამ კომპანიის გასული წლის შემოსავლის ნახევარზე მეტი უკრაინასთან რაღაც ფორმით მაინც კავშირშია.

გასულ წელს ოთხი ყველაზე მსხვილი ფრანგული სამხედრო კომპანიის შემოსავლები დაახლოებით 12%-ით გაიზარდა და $26.1 მილიარდი შეადგინა. 9.1%-ით, $16.8 მილიარდამდე გაიზარდა ტოპ-100-ში შემავალი ორი უმსხვილესი იტალიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემოსავლებიც. რაც შეეხება გერმანულ კომპანიებს, ტოპ-100-ში შემავალი ოთხი გერმანული მწარმოებლის შემოსავლები გასულ წელს 36%-ით, $14.9 მილიარდამდე გაიზარდა.

მიუხედავად ევროპული სამხედრო კომპანიების შემოსავლების ზრდისა, კონტინენტი მაინც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კრიტიკულ რესურსებზე, კერძოდ, კობალტსა და ლითიუმზე. სწორედ ამიტომ, ევროპული იარაღის წარმოება გეოპოლიტიკურ ვითარებასთან და ფასებთან საკმაოდ მოწყვლადია. ამის გამო ევროკავშირის ახალი თავდაცვითი ინიციატივის ფარგლებში კრიტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების 2029 წლისთვის 50%-ით შემცირებაა დაგეგმილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაახლოებით 10%-ით შემცირდა ჩინური სამხედრო კომპანიების შემოსავალი, ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემოსავალი კი მხოლოდ 3.8%-ით გაიზარდა. 23%-იანი ზრდა ჰქონდათ რუსულ შეიარაღების მწარმოებელ კომპანიებს, +16% კი – ისრაელს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.