საქართველოში სოციალური საწარმოების პროდუქციის პირველი მაღაზია „ესკი“ 2022 წელს, სოციალურ საწარმოთა ალიანსის (SEA) მიერ დაფუძნდა. ის თბილისის ცენტრში, ნატო ვაჩნაძის 7 ნომერში მდებარე ფიზიკურ სივრცესა და ონლაინპლატფორმა eski.ge-ს აერთიანებს. „ესკის“ მისიაზე, მიზნებსა და გეგმებზე სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელ დირექტორს, სალომე კუსიანს ვესაუბრეთ.
სალომე, პირველი რიგში, როგორ დაიბადა „ესკის“ შექმნის იდეა?
„ესკი“ სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ 2022 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა. თუმცა იდეა, რომ სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გაერთიანებულიყო და მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონოდა, სოციალურად პასუხისმგებლობიანი შესყიდვები წლის ნებისმიერ დროს განეხორციელებინა, რა თქმა უნდა, უფრო ადრე დაიბადა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სექტორისა და თავად სოციალური საწარმოების საჭიროებებზე დაფუძნებული ლოგიკური განვითარება იყო.
იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი სივრცის შექმნა და მისი შემდგომი ფუნქციონირება დიდ რესურსებთან იყო დაკავშირებული, ეს მანამდე არ გახდა შესაძლებელი, ვიდრე სოციალური მეწარმეობის პროექტი დაიწყებოდა, რომელსაც ფინანსურად ევროკავშირი უჭერდა მხარს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის, ასევე საჯარო და კერძო სექტორების მხარდაჭერით, შეიქმნა „ესკი“.
რა არის „ესკის“ მისია?
ჩვენი მაღაზიის მისია ფართო საზოგადოებაში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების გაზრდაა როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებში. ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური საწარმოების ეკონომიკურად გაძლიერება, რადგან იგი გაყიდვების დამატებით არხს ხსნის.
როგორც ვიცით, „ესკი“, ფიზიკურთან ერთად, ინტერნეტსივრცეშიც არის წარმოდგენილი – უფრო მეტი გვიამბეთ ამ სივრცეებსა და პროდუქტზე, რომელიც „ესკიშია“ ხელმისაწვდომი.
მას შემდეგ, რაც „ესკის“ ფიზიკური მაღაზია გავხსენით, მიზნად მაშინვე e-commerce-პლატფორმის შექმნა დავისახეთ. ზუსტად ორი წლის შემდგომ კი www.eski.ge რეალობად ვაქციეთ და მომხმარებლებს პარტნიორი სოციალური საწარმოების პროდუქციის შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შევთავაზეთ.
„ესკის“ მულტიბრენდულ პლატფორმაზე საქართველოში მოქმედი 30-მდე სოციალური საწარმოს პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელთა დიდი ნაწილი ხელნაკეთია. „ესკიში“ საშუალოდ 1000-მდე დასახელების სხვადასხვა ტიპის ნივთს შეხვდებით, თითოეული მათგანის მიღმა კი უნიკალური ისტორიაა, რომელიც მომხმარებელს მეტად უბიძგებს სოციალურად პასუხისმგებლობიანი შენაძენი გააკეთოს. „ესკიში“ გაკეთებული შესყიდვით მას არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციური ნივთი დარჩება. პარალელურად კი შეძლებს ამ გზით, მაგალითად, მარტოხელა დედები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები გააძლიეროს, ასევე იზრუნოს გარემოზე, ვინაიდან ის მეორადი დამუშავების შედეგად შექმნილ ნივთებს ყიდულობს.
მართალია, „ესკის“ დაფუძნებიდან სულ რაღაც ორი წელია გასული, მაგრამ საინტერესოა, როგორია მოთხოვნა და ვინ არის ძირითადი მომხმარებელი?
მივიჩნევთ, რომ 2023 წელს ნაჩვენები შედეგები ჩვენთვის წარმატებულია. ამ პერიოდში სივრცემ მოახერხა, სოციალური საწარმოებისთვის საშუალოდ 100,000 ლარის ოდენობის თანხის გენერირება მოეხდინა. ცხადია, ეს შედეგები სოციალური საწარმოების ეკონომიკურ გაძლიერებას ნიშნავს, აისახება როგორც მათი გაყიდვების ზრდაზე, ისე ცნობადობის ამაღლებაზე.
2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მაღაზიაში წლიურად საშუალოდ 2,500-ზე მეტმა ადამიანმა გააკეთა სოციალურად პასუხისმგებლობიანი შენაძენი. ორწლიანი ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ „ესკის“ მომხმარებლების 60%-ს საერთაშორისო ვიზიტორები შეადგენენ, ადგილობრივ მომხმარებლებზე კი, შესაბამისად, 40% მოდის. ჩვენი დაკვირვებით, საერთაშორისო მომხმარებელში სოციალურ მეწარმეობის შესახებ ცნობადობა უფრო მაღალია – მათ იციან, თუ რა საქმეს ემსახურებიან ეს საწარმოები.
ცნობადობა ქართველ მომხმარებლებშიც თანდათან იზრდება. ჩვენს მაღაზიაში სტუმრობისას, ისინი სასიამოვნოდ გაოცებულნი არიან, რომ სოციალურ საწარმოებში ასეთი ნივთები იქმნება. ჩვენს საზოგადოებაში სიტყვა „სოციალურს” არა აქვს დადებითი დატვირთვა და ხშირად ხალხს ჰგონია, სოციალურ საწარმოში შექმნილი პროდუქცია უხარისხოა ან გამოუყენებელი და ნივთი მხოლოდ ქველმოქმედების მიზნით უნდა შეიძინონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შედეგად ამ ადამიანებში სტერეოტიპებს ვამსხვრევთ. მათ თვალნათლივ ვაჩვენებთ, რომ მსგავს საწარმოებში საკმაოდ ხარისხიანი, ფუნქციური პროდუქცია იქმნება.
მისიაზე საუბრისას გარკვეულწილად ვახსენეთ, თუმცა უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა სარგებლობა მოაქვს „ესკის“ სოციალური საწარმოებისთვის?
ამ მაღაზიას განსაკუთრებით დიდი წვლილი ისეთი სოციალური საწარმოების განვითარებაში შეაქვს, რომელთაც თბილისში გაყიდვების არხები არა აქვთ და რეგიონებში ფუნქციონირებენ. მომხმარებელი მათ პროდუქტს ადგილზე ვერ ნახულობს, რაც გადაწყვეტილების მიღებისას დამაბრკოლებელია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ სოციალურ საწარმოებს მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირსაც ვუგზავნით, რომელიც მათ პროდუქციის დახვეწასა და განვითარებაში ეხმარება.
გარდა ამისა, ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქცია იმ ფასად, რა ფასადაც მათ სოციალური საწარმო აწვდის. „ესკი“ მათი, ასე ვთქვათ, B2B-პარტნიორია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საწარმოების გაყიდვებს.
დაბოლოს, „ესკი“ არის სივრცე, სადაც მომხმარებელს გულდასმით ვაცნობთ თითოეულ სოციალურ საწარმოს, მათ მიზნებსა და პროდუქციას. ეს კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცნობადობის ზრდას.
ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, რომ „ესკი“ ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით შეიქმნა – რა სახის მხარდაჭერა მიიღეთ მათგან? ზოგადად, მსგავსი პროექტებისთვის ამგვარი მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გვესაუბრეთ.
დიახ, უკვე აღვნიშნე, რომ „ესკი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში სოციალური მეწარმეობის პირველი დიდი მხარდამჭერია. ევროკავშირი უკვე ათ წელზე მეტია, ამ სექტორის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ ამ სივრცის განვითარებაში წვლილი ასევე შეიტანა თბილისის მერიამ, კონკრეტულად კი ეკონომიკური განვითარების სამსახურმა, რომელიც ზოგადად მეწარმეობის განვითარებას უჭერს მხარს.
გარდა ამისა, დაგვეხმარა სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi, რომელმაც თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენი სივრცის ბრენდინგზე იმუშავა. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ახალგახსნილი სივრცისთვის, რადგან, მოგეხსენებათ, დღეს ბაზარზე შესვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს საკუთარი საკომუნიკაციო ენა, ვიზუალი და ა.შ.
საწყის ეტაპზე, ევროკავშირისგან გაღებული რესურსი სივრცის მოწყობას მოხმარდა. პოპულარიზაციაზე, ასევე ვებპლატფორმის ჩაშვებაზე მინიმალური თანხა დავხარჯეთ. გაგვიმართლა, რომ 2023 წელს მონაწილეობა მივიღეთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და „ესკის“ პროექტისთვის „ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის“ დაფინანსება მოვიპოვეთ. რესურსი ვებპლატფორმის განვითარებისა და მისი შემდგომი პოპულარიზაციისთვის იყო განკუთვნილი.
ამავე საგრანტო პროექტის ფარგლებში მალე ვებპლატფორმა სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებზე იქნება მორგებული. საწყის ეტაპზე გვინდა, რომ მისი გამოყენება მხედველობადაქვეითებულმა ადამიანებმა შეძლონ. ვგეგმავთ, მომავალში ის უფრო და უფრო ადაპტირებული გავხადოთ.
ძალიან ვამაყობთ, რომ „ესკი“ სამი სექტორის რესურსების გაერთიანებით შეიქმნა.
მინდა გკითხოთ „ესკის“, და ზოგადად, სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
ჩვენი სექტორი დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას – ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან, და კერძოდ, „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე ამოქმედებულია. ზოგადად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთშიც სოციალური საწარმოები საზოგადოებრივ სექტორში ყალიბდება, ეს კანონი კი შესაძლოა მათ მომავალ საქმიანობას მნიშვნელოვნად ზღუდავდეს.
ამ ეტაპზე სამომავლო თანამშრომლობებზე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, რაც სექტორისათვის დამაზიანებელია. გამოდის, რომ საქმე, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, შეიძლება უცებ გაჩერდეს და მომავალში ამ ყველაფრის თავიდან გავლა მოგვიწიოს.
გარდა ამისა, ძირითადი გამოწვევა, რასაც სოციალური მეწარმეობა საქართველოში აწყდება, არის ამ სფეროს დაურეგულირებლობა. სოციალური მეწარმეობა არ განიმარტება არცერთი კანონმდებლობის ან პოლიტიკური დოკუმენტის დონეზე. მსგავს მოცემულობაში, სოციალური საწარმოები თვითპოზიციონირებენ და ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ისინი, ასე ვთქვათ, კრიტერიუმებს მოარგონ – განსაზღვრონ, არის თუ არა საწარმო სოციალური. ჩვენ ევროკავშირის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს მივყვებით. თუმცა მაინც იქმნება გარკვეული ბუნდოვანება, რაც ამ სექტორისთვის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებას ართულებს. ხელოვნურად შეფერხებული პროცესები წინ წავა, თუ სოციალური საწარმო, სოციალური მეწარმე და, ზოგადად კონცეფცია, თუ რა არის სოციალური მეწარმეობა, კანონმდებლობის დონეზე განიმარტება.
გამოწვევა ასევე შეიძლება იყო ბიზნესუნარების ნაკლებობა, რაც ტრადიციულ მეწარმეობაშიც ხშირია. თუმცა სოციალური მეწარმეები, ძირითადად, არიან ადამიანები, რომელთაც შინაგანი ლტოლვა ამოძრავებთ, გარკვეული რესურსების გენერირებით, მათ გარშემო სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. აქედან გამომდინარე, ხშირად სოციალური საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის მართვა გამოწვევას წარმოადგენს, რაც მათი საქმიანობის განვითარებისა და შემოსავლების ზრდისთვის საკმაოდ საჭიროა.
ბოლოს, გამოწვევაა სოციალური მეწარმეობის შესახებ ჯერ კიდევ დაბალი ცნობადობა, მიუხედავად ჩვენი და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციების ძალისხმევისა. აღქმა იმისა, თუ რატომ შეიძლება გახდე სოციალური საწარმო და მოგების რეინვესტირებას ისევ სოციალური მისიისთვის აკეთებდე, ზოგჯერ ძალიან უჭირთ.
„ესკის“ 16 სექტემბერს ორი წელი შეუსრულდა – როგორ შეაფასებთ განვლილ ორ წელს და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ყველაზე მეტად იმით ვამაყობთ, რომ არსებობს ფიზიკური და ახლა უკვე ონლაინპლატფორმა, სადაც სოციალური საწარმოების პროდუქტი უფრო ფართოდაა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „ესკიმ“ აჩვენა მდგრადობა, რომლის შენარჩუნებაც მსგავსი ინიციატივების შემთხვევაში ხშირად ძალიან რთულია.
მომხმარებლის მხრიდან მიღებული უკუკავშირი და თავად სოციალური საწარმოების შეფასებაც, თუ რა როლი ითამაშა „ესკის“ გახსნამ, უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს და ამ სივრცის არსებობის აუცილებლობაში გვარწმუნებს. ბოლო პერიოდის შეხვედრებზე სოციალურმა მეწარმეებმა სექტორში 2023 წელს ყველაზე დიდ მიღწევად ამ სივრცის გაჩენა დაასახელეს, რითაც ძალიან ვამაყობთ.
რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სივრცის არსებობას დაბრკოლება არ შეექმნას. ჩვენმა ორგანიზაციამ სამწლიანი სტრატეგია შეიმუშავა და ერთ-ერთ მიზნად დავისახეთ, რომ „ესკის“ ფილიალი საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდეს. ასევე, გვსურს საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა მაღაზიასთან თანამშრომლობაც. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ გეგმების განხორციელებაში ბევრ თანამოაზრეს შემოვიკრებთ.