თითქმის ექვსი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავით მეტრეველმა თავის სამედიცინო კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა, ექიმობა ალბათ საუკეთესო არჩევანი იყო მის ცხოვრებაში. ამ წლების განმავლობაში აქტიურ სამედიცინო საქმიანობას ეწევა, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ თაობებსაც უზიარებს და დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრსაც ხელმძღვანელობს.
ბატონო დავით, სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ გქონიათ და ექიმობა როგორ გადაწყვიტეთ?
პროფესიის არჩევანი არ იყო მარტივი, ჩემი მშობლები (დედა – ინგლისური ენის პედაგოგი და მამა – ფიზიკოსი) ცდილობდნენ, რომელიმე მათგანის კვალს გავყოლოდი. ექიმის სპეციალობისადმი ჩემი დაინტერესება დაახლოებით მერვე კლასიდან დაიწყო. იდეა ჩემი უახლოესი მეგობრის დედას დაებადა, ალბათ ჩემი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, როდესაც ერთ-ერთი კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციის დროს ყურადღება მიუქცევია ჩემი საუბრისა და ქცევისთვის. ამის გათვალისწინებით მან გადაჭრით თქვა, რომ ჩემი მომავალი საქმე ექიმობა უნდა ყოფილიყო. მისმა რჩევამ აშკარად დამაინტერესა, დამაფიქრა, იდეა მომეწონა და ამან გადაწყვეტილებაც მიმაღებინა.
ყოველთვის ფიქრობდით რომ გაამართლა ამ არჩევანმა?
მას შემდეგ სტუდენტობისთვის მზადების, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისა და პროფესიული საქმიანობის ექვს ათეულ წელიწადზე მეტია გასული. სწავლა, პროფესიონალიზმის სრულყოფა თუ მოვალეობის პირნათლად შესრულება ყოველთვის მოითხოვდა დიდ ინტელექტუალურ, მორალურ და თუნდაც ფიზიკურ შესაძლებლობათა მაქსიმალურ მობილიზებას. ეს ყოველივე მარტივი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ამის მიუხედავად არასდროს ეჭვი არ დამბადებია პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილების მართებულებაში.
ჩემს პროფესიულ გზას რამდენიმე წინადადებით თუ შევაფასებთ, საექიმო საქმიანობა 53 წელიწადზე მეტი ხნის წინ დავიწყე და ახლაც ვაგრძელებ როგორც სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლის, მისი დირექტორისა და პრაქტიკოსი ექიმის პოზიციაში, ისე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი – ემერიტუსის ხარისხში. დიდ პატივად მიმაჩნია, ვიყო საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების, ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო ასოციაციების აქტიური წევრი და 1986 წლიდან 2006 წლამდე – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ენდოკრინოლოგი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგი.
ნათქვამი გაქვთ, რომ თქვენი ხასიათი გეხმარებათ პროფესიულ საქმიანობაში, რა პიროვნული თვისებებია საჭირო ექიმის წარმატებული კარიერისთვის?
ასე მგონია, რომ ექიმის პროფესიასთან დაკავშირებული ძალიან სპეციფიკური საქმიანობა ყველაზე უფრო მიესადაგება ჩემს ხასიათს, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს და უფლისგან ბოძებულ იმ მადლს, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებს თუკი სხვა ადამიანის ჯანმრთელობას შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი მიუძღვენი და საქმის კეთილად დაგვირგვინება შეძელი. ეს ის მადლია, რომელიც ძალას გაძლევს, აიტანო პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სირთულეები, შესაძლოა დიდი უსიამოვნებებიც და ზოგჯერ დაუმსახურებლად მოყენებული გულისტკენაც. წარმატებისადმი ლტოლვა, ოპტიმიზმი, ცოდნა და გამოცდილება ექიმს აძლევს ძალას, აიტანოს ის მძიმე და არაიშვიათად მტანჯველი ურყოფითი ემოციები, რასაც ავადმყოფის მძიმე მდგომარეობა იწვევს ნებისმიერი ნორმალური გონის ადამიანში.
მდიდარი პროფესიული ცოდნა და სათანადო პრაქტიკული ჩვევების მაღალ დონეზე ფლობა აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი ექიმისთვის. მედიცინაში პროფე-სიონალიზმი უეჭველად გულისხმობს ექიმის მაღალ ზნეობას.
„დავით მეტრეველის სამედიცნო ცენტრი” როგორ შეიქმნა და რა მიმართულებებს მოიცავთ?
„დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი” (შ.პ.ს.) წარმოადგენს თანამედროვე, უმაღლესი კლასის სტანდარტების მქონე სამედიცინო დაწესებულებას.
ცენტრი 2010 წელს კობა კობიაშვილთან ერთად დავაფუძნეთ. ეს სამედიცინო კერა იმ უმდიდრესი საექიმო, პედაგოგიური და სამეცნიერო ტრადიციების მემკვიდრეა, რომელიც სათავეს იღებს გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან და რაც უშუალო კავშირშია საქართველოში თანამედროვე ენდოკრინოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვაჟა ივერიელის მრავალწლიან ნაყოფიერ მოღვაწეო-ბასთან.
ენდოკრინოლოგია, მათ შორის ტოქსიკური და არატოქსიკური დიფუზური და კვანძოვანი ჩიყვი, ფარისებრახლო ჯირკვლების ავადმყოფობანი, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ენდოკრინული მიზეზებით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია (წნევის მატება), კარდიომეტაბოლური დარღვევები და ათეროსკლეროზი, ჰიპოფიზის, სასქესო ჯირკვლებისა და სხვადასხვა ენდოკრინული ჯირკვლების ავადმყოფობა, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ავთვისებიანი და არაავთვისებიანი სიმსივნეები, ბავშვთა სქესობრივი და ფიზიკური განვითარების, კერძოდ, სიმაღლეში ზრდის პრობლემები, მოზრდილთა სქესობრივი ფუნქციის დარღვევისა და რეპროდუქციული ორგანოების ავადმყოფობათა ენდოკრინული ასპექტები მამაკაცებსა და ქალებში (მათ შორის, ენდოკრინული მიზეზებით გამოწვეული მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ჭარბთმიანობა და უშვილობა), თირკმელზედა ჯირკვლების ავადმყოფობები, ძვლოვანი სისტემის მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული მძიმე დაზიანებების, ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა – აი, არასრული სია იმ სამედიცინო პრობლემებისა, რომელთა სფერო ყოველთვის იყო ასპარეზი ჩემი ხელმძღვანელობით მომუშავე სამედიცინო კოლექტივისთვის.
„დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი” დიდი ავტორიტეტით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ბევრი პაციენტი მოგვმართავს აზერბაიჯანიდან და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან.
ცენტრში ხორციელდება თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უფასოდ სკრინინგის პროგრამა, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისის მოსახლეობაში.
აქტიური შეხება გაქვთ ახალ თაობასთან, ვინც ჯერ კიდევ ცოდნის მიღების პროცესშია, თქვენი დაკვირვებით, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მომავალი თაობისგან?
ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც მრავალი წელიწადი ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას, ბევრი კარგი და პერსპექტიული ახალგაზრდა ცდილობს, დაეუფლოს ექიმის რთულ პროფესიას. როგორც ყველა უმაღლეს სასწავლებელში, აქაც იგრძნობა მნიშვნელოვანი განსხვავებები მათი შრომისმოყვარეობის, სწავლის უნარისა და მოვალეობისადმი პასუხისმგებლობის მხრივ. ამის მიუხედავად, მომავალი საექიმო კადრების ხარისხობრივი და რაოდენობრივი რესურსების თვალსაზრისით ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს.
მეუღლე თქვენი კოლეგაა, ვაჟი მედიცინის დოქტორია, როგორია ცხოვრება ექიმების გარემოცვაში?
სხვისთვის საჭირო და სასარგებლო რომ იყო, ოჯახური პრობლემები არ უნდა გიშლიდეს ხელს და პირადი ბედნიერება ხელს უნდა გიწყობდეს. 57 წლის განმავლობაში ჩემს მეუღლესთან, სპეციალობით ენდოკრინოლოგ მზია კარსანიძესთან ერთად ცხოვრებისეული წინააღმდეგობები ბევრი გვქონია, მაგრამ სიყვარული და ერთგულება ყოველთვის გვამხნევებდა და ოპტიმიზმით გვავსებდა. ჩემმა მეუღლემ, თავისი ცხოვრებით და საქმიანობით, დამარწმუნა, რომ ღირსეული დედა ოჯახში უმთავრესია საერთოდ და კერძოდ მეუღლის მხარდაჭერისა და კარგი შვილების აღზრდის მხრივ. ჩვენ ძალიან ახალგაზრდები დავქორწინდით, მაგრამ ეს ურთიერთობა ბედნიერი აღმოჩნდა. ალბათ ამ ყოველივემ მოგვატანინა თავი დღემდე. შვილები უკვე დიდი ხანია, დაიზარდნენ. უფროსი ვაჟი, ლევან მეტრეველი მედიცინის დოქტორია, ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და მეუღლესთან ერთად საკუთარ კლინიკაში აქტიურ საექიმო საქმიანობას ეწევა. მისი ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი გერმანიაში დაიბადნენ და, ცხადია, იქ იზრდებიან. ყველა ერთად ვცდილობთ, რომ ეს პატარები ვაზიაროთ ქართულ სულს და საქართველოს სიყვარულს. ჩემი ქალიშვილი, ეკა მეტრეველი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, ამჟამად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას მუსიკის სპეციალობით. მისი მეუღლე, კარლო სიხარულიძე, ცნობილი დიპლომატია, მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილებით. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში და ა.შ.
ექიმის პროფესია საკმაოდ სტრესულია, თავისუფალ დროს განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის თქვენთვის?
პროფესიონალი ექიმის ასაკის მიუხედავად, კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, საქმე მოითხოვს, რომ განუწყვეტლივ ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე, ახალი უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის დაუფლებაზე. მედიცინის განვითარების თანამედროვე ტემპისა და ახალი ინფორმაციის მოზღვავების პირობებში, ბევრი სხვა ჩემი მსგავსი პროფესიონალის მსგავსად, კლინიკაში გატარებული სამუშაო საათების შემდგომ მუშაობას ვაგრძელებ ბინაზე, რაც შესაძლოა, საკმაოდ გვიანობამდე გაგრძელდეს. ასეთ პირობებში შრომის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და ზოგადად გადახალისებისთვის დიდად მეხმარება ფიზიკური აქტიურობისთვის დათმობილი დღეში რამდენიმე 20-25-წუთიანი სეანსი, მათ შორის სარბენი ბილიკის დახმარებით. მუსიკისა და ლიტერატურისთვის მუდმივი ცაიტნოტის პირობებში ვარ, მაგრამ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ფსიქოემოციურ განტვირთვაში ძალზე მეხმარება კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებებისა და ქართული ხალხური სიმღერების მოსმენა. S