ზედიზედ 10 წელია, ევროპის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრში ლონდონის ტექნოლოგიური კვირეული (LTW) იმართება. ღონისძიება 90-ზე მეტი ქვეყნიდან მასპინძლობს ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებს, ინვესტორებს, ანტრეპრენიორებსა და სტარტაპერებს.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ პარტნიორები და შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, დაამყარონ კავშირები, გააზიარონ იდეები და მოისმინონ შთამაგონებელი ბიზნესისტორიები.
ლონდონის ტექნოლოგიური კვირეული წელს თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება და მასში მონაწილეობას პირველად მიიღებენ ქართული კომპანიებიც – რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ი და ინოვაციური გადახდის სისტემა Keepz-ი.
Skillwill-ი 2018 წელს დაარსდა და აქტიურადაა ჩართული განათლების სფეროში, ცდილობს სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას და უკვე ლონდონის წამყვან უნივერსიტეტთანაც თანამშრომლობს.
ნეო უნივერსიტეტის კურსები მსურველებს სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ სამყაროში ახალი უნარების შეძენასა და ნიჭის სრულფასოვნად რეალიზაციაში ეხმარება, მოიცავს ტექნიკურ ცოდნას, კარიერაზე ზრუნვასა და პროფესიული კავშირების დამყარებას.
კომპანიას LTW-ზე წარადგენს დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ფესტივალში მონაწილეობის მიღება Skillwill-ისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება, რადგან გაჩნდება გლობალური აუდიტორიისთვის კომპანიის გაცნობისა და ტექინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებთან დაკავშირების მეტი შანსი, ასევე, ეს ქვეყნისთვისაც შესაძლებლობა იქნება, მზარდ ტექნოლოგიურ ცენტრად პოზიციონირდეს.
„კვირეულში მონაწილეობა ორი მიზეზის გამოა უმნიშვნელოვანესი. პირველი არის ინვესტიციების მოზიდვა, კერძოდ, გლობალურ ინვესტორებთან კომუნიკაცია და მათთვის ჩვენი პოტენციალის ჩვენება. ჩვენი ინოვაციური მიდგომისა და სამომავლო გეგმების დემონსტრირება, ვფიქრობ, ნამდვილად დაიმსახურებს დიდ ინტერესს და მხარდაჭერას, რაც ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებში ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა.
მეორე მიზეზი კი ისეთ სერიოზულ აკადემიურ პარტნიორებთან თანამშრომლობაა, როგორიც არის ლონდონის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი და ერთობლივად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის შეთავაზება. სწორედ ამგვარი პროგრამები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გაზრდის ჩვენს სანდოობასა და მიმზიდველობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიურ წარმატებას. კვირეულში მონაწილეობის მიღება გააფართოებს Skillwill-ის გავლენას ტექნოლოგიური განათლების სექტორში“, – ამბობს გიორგი მარიამიძე.
LTW-ში მონაწილეობა არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ქართული ფინტექ სტარტაპისთვის, Keepz-ისთვისაც, რომელიც ციფრული გადახდების მიღების ალტერნატიულ და ინოვაციურ მეთოდს წარმოადგენს.
Keepz-ი მომხმარებლებს როგორც ფიზიკურ QR-ტერმინალს, ასევე ონლაინ გადახდების ინტეგრაციას სთავაზობს. პროდუქტის გამოყენება უფასოა და თანაბრადაა გათვლილი როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე.
Keepz-ს ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე წარადგენენ დამფუძნებელი ვაკო თურნავა და თანადამფუძნებელი გიორგი კუპრაშვილი, რომელთა თანახმადაც, სტარტაპით არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური აუდიტორიაც ინტერესდება და სწორედ ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ ქალაქში არსებული შესაძლებლობების გამოყენება.
„ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობისა და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიზნით keepz-მა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. ჩვენი მიზანია, არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური სერვისები განვავითაროთ. LTW-ის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა კი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს ცნობადობის ზრდასაც შეუწყობს ხელს“, – გვეუბნება ვაკო თურნავა.
კვირეულისგან ბევრს მოელის გიორგი კუპრაშვილიც, რომელიც გვიზიარებს, რომ კომპანიამ დაფინანსების წინა რაუნდი ახლახან დაასრულა და სტარტაპის ღირებულება რვანიშნა რიცხვით შეფასდა, თუმცა შემდეგი რაუნდისთვის ნიადაგის შემზადებაც უკვე დაიწყო.
„ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე keepz-ს ძალიან დატვირთული და საინტერესო დღეები ექნება. ეს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა და ცხადია, მოლოდინებიც შესაბამისი გვაქვს. ვგეგმავთ, ტექნოლოგიური ეკოსისტემის უამრავი წარმომადგენლის გარემოცვაში კიდევ ერთხელ გამოვჩნდეთ საერთაშორისო ინვესტორებისა და ვენჩურული კომპანიების რადარებზე.
Keepz-ს, როგორც სრულად ტექნოლოგიურ პროდუქტს, დიდი მასშტაბის დაფარვის პოტენციალი აქვს, შესაბამისად, სტარტაპის განვითარების შემდეგი ნაბიჯები რეგიონში გაფართოება, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესვლა იქნება – არა მხოლოდ კარგი პროდუქტით, არამედ ადგილობრივი ბაზრების ცოდნითაც.
ახლა წარმატების ისტორიას ლოკალურად ვწერთ და მთელი გუნდი ამაზე ვმუშაობთ სრული კონცენტრაციითა და ძალისხმევით, თუმცა მიზნები უფრო დიდია და გამოწვევებთან გასამკლავებლად პარტნიორებისა და ინვესტორების მუდმივ ძიებაში ვართ, რისთვისაც LTW საუკეთესო შესაძლებლობაა“, – ამბობს გიორგი კუპრაშვილი.
ცნობისთვის, ლონდონის ტექნოლოგიური კვირეული 10-14 ივნისს გაიმართება. ფესტივალის მასშტაბურობის, პრესტიჟულობისა და წინა წლების წარმატებული გამოცდილებების გათვალისწინებით, ევროპის ფინანსურ დედაქალაქში ქართულ კომპანიებს შანსი ექნებათ, სასურველ მიზნებს მიაღწიონ და უკან გამართლებული მოლოდინებით დაბრუნდნენ.
S