ფოტო: Janos Kummer/Getty Images
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინა ნავთობსადენის მუშაობის ხელახლა დაწყების პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებს, რათა უნგრეთზე მისი ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებული პოზიციის გამო წნეხი გაზარდოს. საუბარია ნავთობსადენზე, რომელიც რუსულ ნავთობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის გავლით აწვდის.
გასულ ხუთშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიჰას განმარტებით, რუსეთის მიერ მილსადენზე თავდასხმის გამო, ნავთობსადენის ფუნქციონირება 27 იანვრიდან შეჩერებულია. შეგახსენებთ, რომ უკრაინული ნავთობისა და გაზის კომპანიის, Nafrogaz-ის განცხადებით, 27 იანვარს რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში კომპანიის ერთ-ერთ ობიექტს თავს დაესხა, რის გამოც მილსადენი „დრუჟბას“ მონაკვეთი დაზიანდა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდების ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა. რობერტ ფიცოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისათვის იარაღის მიწოდებით ომის ხელოვნურად გახანგრძლივებაში არაერთხელ დაუდანაშაულებია.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მილსადენი უკვე შეკეთებულია“, – განაცხადა რობერტ ფიცომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ. „იმას, რაც დღეს ნავთობის საკითხის გარშემო ხდება, პოლიტიკურ შანტაჟად აღვიქვამ იმ პოზიციის გამო, რაც სლოვაკეთს ევროკავშირში უკრაინის გაწევრებასთან დაკავშირებით აქვს“, – განმარტა მან.
რობერტ ფიცოს განცხადება მსგავსია მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომლის თანახმად უკრაინა ნავთობის მიწოდების პროცესს ხელოვნურად აფერხებს.
მოგეხსენებათ, სლოვაკეთი და უნგრეთი კვლავ აგრძელებენ რუსული ენერგეტიკული რესურსების შესყიდვას იმ მიზეზით, რომ ზღვაზე გასასვლელის არარსებობის გამო, მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაცია ურთულდებათ.














