ფოტო: Government Office of the Slovak Republic
სლოვაკეთმა უკრაინას ელექტროენერგიის საგანგებო მიწოდება შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მიერ „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდების აღსადგენად კიევისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. გადაწყვეტილების შესახებ ფიცომ თავად, ვიდეომიმართვისას განაცხადა და თქვა, რომ უკრაინა თავისი ენერგეტიკული ქსელის სტაბილიზაციისთვის საჭირო დახმარებას ვეღარ მიიღებს.
„დღეიდან, თუ უკრაინა სლოვაკეთს ენერგოქსელის სტაბილიზაციისთვის მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართავს, ის მსგავს დახმარებას აღარ მიიღებს“, – განაცხადა ფიცომ ვიდეომიმართვისას. ფიცოს თქმით, სლოვაკეთის ელჩს „დრუჟბას“ მილსადენის დაზიანებული ნაწილის დათვალიერების საშუალებაც არ მისცეს. იგი მიიჩნევს, რომ ნავთობის მიწოდების შეწყვეტა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც სლოვაკეთის შანტაჟის მიზნით მიიღეს.
თავის მხრივ, შანტაჟად აფასებს ფიცოს გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები რუსეთს აძლევს ხელს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ულტიმატუმები კრემლს უნდა წამოუყენონ და არა – კიევს“.
შეგახსენებთ, „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება სლოვაკეთს 27 იანვარს შეუწყდა. ოფიციალური კიევის განცხადებით, ტრანზიტი რუსული დრონების თავდასხმის შემდეგ, მილსადენის დაზიანების მიზეზით შეჩერდა.
ფიცომ შაბათს, სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით, კიევს მიწოდების აღდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროენერგიის საგანგებო მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. ამასთან ერთად, ფიცომ არ გამორიცხა დამატებითი ზომების მიღებაც, თუ უკრაინა ტრანზიტს არ აღადგენს. მათ შორის, პრემიერის თქმით, სლოვაკეთი მზადაა, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციასაც გადახედოს.
ფიცოს მოსაზრებას, რომ მიწოდების აღსადგენად ტექნიკური დაბრკოლებები არ არსებობს, იზიარებს უნგრეთიც. გასულ კვირას უნგრეთმა უკრაინას დიზელის მიწოდება შეუჩერა და ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის პაკეტის დაბლოკვითაც დაემუქრა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, თუ ტრანზიტი არ აღდგება, ბუდაპეშტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რიგით მე-20 პაკეტს ვეტოს დაადებს.
















