ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში ელექტროენერგეტიკული სექტორის გაციფრულება დაიწყო. ერთი თვის წინ ელექტროენერგეტიკის სექტორში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ავამოქმედეთ ახალი რეგულაცია, რომელიც ჭკვიანი მრიცხველების დანერგვას შეეხება. ყველა ახალაშენებული, ექსპლუატაციაში შესული საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მომსახურე კომპანიას მიმართავს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნით, სავალდებულო წესით ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება. ფაქტობრივად, ჭკვიანი მრიცხველი არის მინი-კომპიუტერი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელია დისტანციურად.
ერთ დღესაც ყველას შეგვეძლება, ჩვენს მობილურზე, კომპიუტერში და ა.შ. ჩამოვტვირთოთ აპლიკაცია და პირდაპირი დროის რეჟიმში ვაკონტროლოთ ელექტროენერგიის მოხმარება, შემდგომ კი დროში დიფერენცირებული ან საათობრივი ტარიფებით განვსაზღვროთ, თუ დღის რომელი მონაკვეთია უკეთესი მეტი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის საყოფაცხოვრებო დიდი სიმძლავრის მქონე დანადგარების ასამუშავებლად. მხოლოდ აღნიშნულით გახდება შესაძლებელი ე.წ. ჭკვიანი სახლის კონცეფციის განხორციელება. მართალია, ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში რეალობად იქცევა.
ფაქტობრივად, ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება, შემდგომ ეტაპზე დიფერენცირებული და დღე-ღამის ტარიფების ამოქმედება სრულად შეცვლის მომხმარებლის ქცევას, რაც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს დღის ჭრილში ელექტროენერგიის პიკური დატვირთვების ახლებურად გადანაწილებაზე.
საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც მაქსიმალურად გაამარტივებს ბაზრების გახსნილობასა და განვითარებას. ჭკვიანი მრიცხველი გვჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს სტანდარტული მრიცხველის წაკითხვის დროს დაშვებული ადამიანური შეცდომები, გათიშვის ან რაიმე შეფერხების შემთხვევაში კომპანიას პირდაპირი დროის რეჟიმში ჰქონდეს ინფორმაცია პრობლემის შესახებ, ვაკონტროლოთ ჩვენი მოხმარება და თუ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა დაგვავიწყდა და ამის გამო გაგვეთიშა ელექტროენერგია, საათობით არ ველოდოთ მის აღდგენას. სმარტ-აღრიცხვის სისტემით შესაძლებელი იქნება გადახდის დაფიქსირებისთანავე მიწოდების აღდგენა, რადგან მას აქვს ავტომატური ჩართვა-გამორთვის ფუნქცია. ჭკვიანი მრიცხველით ასევე შესაძლებელია ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი და ჩაწერა, რაც მნიშვნელოვანი ფუნქციაა, განსაკუთრებით – რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის.
ერთიანად ახალი ტიპის მრიცხველებზე გადასვლა არამიზანშეწონილია, რადგან საჭიროებს მოცულობით ინვესტიციებს და საქართველოს მასშტაბით ყველა აბონენტისთვის სმარტ-აღრიცხვის ერთდროულად დამონტაჟება გამოიწვევს ტარიფზე ზეწოლას, ანუ გაზრდის ტარიფს. აქედან გამომდინარე, ტარიფზე ზეწოლა რომ არ მოხდეს, კომპანიებს ექნებათ რამდენიმე წელიწადზე გათვლილი სემეკთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკი და სწორედ ამ გრაფიკის მიხედვით ჩაანაცვლებენ არსებულ მრიცხველებს ახალი, ჭკვიანი მრიცხველებით. ეს პროცესი დაახლოებით ათ წლამდე პერიოდს მოიცავს. გეგმა-გრაფიკის მიხედვით მრიცხველების ჩანაცვლება მომხმარებლის ასანაზღაურებელი არ იქნება. აღნიშნულს კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს, თუმცა, თუ ძველი მრიცხველი გაქვთ და ახლა, დღესვე გსურთ მისი ჭკვიანი მრიცხველით ჩანაცვლება, ამ მოთხოვნით შეგიძლიათ, კომპანიას მიმართოთ. ასეთ შემთხვევაში მრიცხველის შეცვლას თქვენ დააფინანსებთ.
ჭკვიანი მრიცხველით სარგებლობა მნიშვნელოვანია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფლობის შემთხვევაში, სადაც ერთდროულად უნდა აღირიცხოს როგორც ქსელში გასული, ისე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგია. ჭკვიანი მრიცხველებით ასევე აღიჭურვება ელექტრომობილების დამტენი სადგურები.
ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის სექტორშიც იქნება შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს კომპანიას, მოითხოვოს ჭკვიანი მრიცხველის დამონტაჟება და ისევე როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში, ბუნებრივი გაზის მოხმარების დროსაც ისარგებლოს სმარტ-აღრიცხვის სისტემით.
საქართველოში მიმდინარე პროცესი როგორც ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის, ასევე ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის მიმართულებით სრულად შეესაბამება ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას. მათაც რამდენიმე წლის წინ სწორედ ეს ეტაპები გამოიარეს. საქართველოს სამიზნე მაჩვენებელიც ევროპის იდენტურია. ჩვენი სამიზნე ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის 2009/72/EC დირექტივას შეესაბამება, რომელიც ათ წელიწადში 80% სმარტ-აღრიცხვის დანერგვას გულისხმობს.
ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის საქართველოს ენერგეტიკულ სივრცეში ფართო იმპლემენტაციის შესახებ სემეკმა ევროპელ კოლეგებთან ერთად აქტიურად იმუშავა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ პროექტის ფარგლებში. შემუშავდა ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგია და სხვა დამხმარე სარეკომენდაციო დოკუმენტაცია, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკსა და მათი გადაჭრის გზებს იმპლემენტაციის სხვადასხვა ეტაპზე.
მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით სრულყოფილად განხორციელდეს ყველა პროექტი, რომლებიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს ენერგეტიკაში მომსახურების ხარისხის ამაღლებას, მომხმარებლის კმაყოფილების ზრდას, ბაზარზე ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას. რამდენიმე წელიწადში საქართველოს ექნება სრულად რეფორმირებული ელექტროენერგეტიკული ბაზარი, სადაც მომხმარებელს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება. ბაზრის გახსნის პროცესი დაწყებულია ბუნებრივი გაზის სექტორშიც, თუმცა ელექტროენერგიის სექტორი უსწრებს ბუნებრივი გაზის სექტორის ლიბერალიზაციას. საბოლოო ჯამში, როგორც ერთ, ასევე მეორე სექტორშიც, ანუ ელექტროენერგეტიკაშიც და გაზშიც, ღია ბაზრის პირობებში მომხმარებელი გაცილებით აქტიური იქნება და, თუნდაც მიმწოდებელ კომპანიასთან ურთიერთობის შემთხვევაში, მას დასჭირდება წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მიმწოდებლის არჩევა, რა აუცილებელი პირობების გათვალისწინება იქნება საჭირო, სად გადის ზღვარი მომხმარებლის უფლებებსა და კომპანიის უფლებებს შორის და ა.შ. სემეკში აქტიურად ვემზადებით მომხმარებლის ეტაპობრივად ინფორმირებისთვის. ფაქტობრივად, სემეკის მომდევნო წელი სწორედ მომხმარებლის ახალი ქცევის ჩამოყალიბებაზე მუშაობის წელი იქნება.