SMART ენერგეტიკა

SMART ენერგეტიკა

ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცი­ის პროცესში ელექტროენერგეტიკული სექტორის გაციფრულება დაიწყო. ერთი თვის წინ ელექტრო­ენერგეტიკის სექტორში საყოფაცხოვრებო მომხ­­მარებლებისათვის ავამოქმედეთ ახალი რეგულა­ცია, რომელიც ჭკვიანი მრიცხველების დანერგვას შეეხება. ყველა ახალაშენებული, ექსპლუატაციაში შესული საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მომ­­სახურე კომპანიას მიმართავს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვ­­ნით, სავალდებულო წესით ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება. ფაქტობრივად, ჭკვიანი მრიცხველი არის მინი-კომპიუტერი შესაბამისი კომპიუტერუ­ლი პროგრამით, რომელთან დაკავშირებაც შესაძ­­ლებელია დისტანციურად.

ერთ დღესაც ყველას შეგვეძლება, ჩვენს მობი­ლურზე, კომპიუტერში და ა.შ. ჩამოვტვირთოთ აპ­­ლიკაცია და პირდაპირი დროის რეჟიმში ვაკონტ­­როლოთ ელექტროენერგიის მოხმარება, შემდგომ კი დროში დიფერენცირებული ან საათობრივი ტარიფებით განვსაზღვროთ, თუ დღის რომელი მონაკვეთია უკეთესი მეტი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის საყოფაცხოვრებო დიდი სიმძ­­ლავრის მქონე დანადგარების ასამუშავებლად. მხოლოდ აღნიშნულით გახდება შესაძლებელი ე.წ. ჭკვიანი სახლის კონცეფციის განხორციელება. მართალია, ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, მაგ­­რამ რამდენიმე წელიწადში რეალობად იქცევა.

ფაქტობრივად, ჭკვიანი მრიცხველების და­მონტაჟება, შემდგომ ეტაპზე დიფერენცირებული და დღე-ღამის ტარიფების ამოქმედება სრულად შეცვლის მომხმარებლის ქცევას, რაც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს დღის ჭრილში ელექტ­­როენერგიის პიკური დატვირთვების ახლებურად გადანაწილებაზე.

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბე­რალიზაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც მაქსიმალურად გაამარტივებს ბაზრე­ბის გახსნილობასა და განვითარებას. ჭკვიანი მრიცხველი გვჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმამ­­დე დავიდეს სტანდარტული მრიცხველის წაკითხ­­ვის დროს დაშვებული ადამიანური შეცდომები, გათიშვის ან რაიმე შეფერხების შემთხვევაში კომპანიას პირდაპირი დროის რეჟიმში ჰქონ­­დეს ინფორმაცია პრობლემის შესახებ, ვაკონტ­­როლოთ ჩვენი მოხმარება და თუ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა დაგ­­ვავიწყდა და ამის გამო გაგვეთიშა ელექტრო­ენერგია, საათობით არ ველოდოთ მის აღდგენას. სმარტ-აღრიცხვის სისტემით შესაძლებელი იქნე­ბა გადახდის დაფიქსირებისთანავე მიწოდების აღდგენა, რადგან მას აქვს ავტომატური ჩართვა-­­გამორთვის ფუნქცია. ჭკვიანი მრიცხველით ასევე შესაძლებელია ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი და ჩაწერა, რაც მნიშვნელოვანი ფუნ­­ქციაა, განსაკუთრებით – რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის.

ერთიანად ახალი ტიპის მრიცხველებზე გადას­­ვლა არამიზანშეწონილია, რადგან საჭიროებს მოცულობით ინვესტიციებს და საქართველოს მას­­შტაბით ყველა აბონენტისთვის სმარტ-აღრიცხ­­ვის ერთდროულად დამონტაჟება გამოიწვევს ტარიფზე ზეწოლას, ანუ გაზრდის ტარიფს. აქედან გამომდინარე, ტარიფზე ზეწოლა რომ არ მოხდეს, კომპანიებს ექნებათ რამდენიმე წელიწადზე გათ­­ვლილი სემეკთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკი და სწორედ ამ გრაფიკის მიხედვით ჩაანაცვლე­ბენ არსებულ მრიცხველებს ახალი, ჭკვიანი მრიცხ­­ველებით. ეს პროცესი დაახლოებით ათ წლამდე პერიოდს მოიცავს. გეგმა-გრაფიკის მიხედვით მრიცხველების ჩანაცვლება მომხმარებლის ასა­ნაზღაურებელი არ იქნება. აღნიშნულს კომპა­ნია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს, თუმცა, თუ ძველი მრიცხველი გაქვთ და ახლა, დღესვე გსურთ მისი ჭკვიანი მრიცხველით ჩანაცვლება, ამ მოთხოვნით შეგიძლიათ, კომპანიას მი­მართოთ. ასეთ შემთხვევაში მრიცხვე­ლის შეცვლას თქვენ დააფინანსებთ.

ჭკვიანი მრიცხველით სარგებლობა მნიშვნელოვანია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფლობის შემთხ­­ვევაში, სადაც ერთდროულად უნდა აღირიცხოს როგორც ქსელში გასული, ისე ქსელიდან მიღებული ელექტროე­ნერგია. ჭკვიანი მრიცხველებით ასევე აღიჭურვება ელექტრომობილების დამ­­ტენი სადგურები.

ჭკვიანი მრიცხველების დამონტა­ჟება ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის სექტორშიც იქნება შესაძლებელი. მომ­­ხმარებელს შეუძლია, მიმართოს კომპა­ნიას, მოითხოვოს ჭკვიანი მრიცხველის დამონტაჟება და ისევე როგორც ელექტ­­როენერგეტიკის სექტორში, ბუნებრივი გაზის მოხმარების დროსაც ისარგებ­­ლოს სმარტ-აღრიცხვის სისტემით.

საქართველოში მიმდინარე პრო­ცესი როგორც ენერგეტიკული ბაზრე­ბის ლიბერალიზაციის, ასევე ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის მიმართულე­ბით სრულად შეესაბამება ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას. მათაც რამდენიმე წლის წინ სწორედ ეს ეტაპები გამოიარეს. საქართველოს სამიზნე მაჩვენებელიც ევროპის იდენ­­ტურია. ჩვენი სამიზნე ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის 2009/72/EC დირექტივას შეესაბამება, რომელიც ათ წელიწადში 80% სმარტ-აღრიცხვის და­ნერგვას გულისხმობს.

ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის სა­ქართველოს ენერგეტიკულ სივრცეში ფართო იმპლემენტაციის შესახებ სე­მეკმა ევროპელ კოლეგებთან ერთად აქტიურად იმუშავა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ პროექ­­ტის ფარგლებში. შემუშავდა ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგია და სხვა დამხმარე სარეკომენდაციო დოკუ­მენტაცია, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკსა და მათი გადაჭრის გზებს იმპლემენტაციის სხვადასხვა ეტაპზე.

მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით სრულყოფილად განხორციელდეს ყვე­ლა პროექტი, რომლებიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს ენერგეტიკაში მომსახურების ხარისხის ამაღლებას, მომხმარებლის კმაყოფილების ზრდას, ბაზარზე ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას. რამდენიმე წელიწად­­ში საქართველოს ექნება სრულად რეფორმირებული ელექტროენერგეტი­კული ბაზარი, სადაც მომხმარებელს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება. ბაზრის გახსნის პროცესი დაწყებულია ბუნებრივი გაზის სექტორშიც, თუმცა ელექტროენერგიის სექტორი უსწრებს ბუნებრივი გაზის სექტორის ლიბერალი­ზაციას. საბოლოო ჯამში, როგორც ერთ, ასევე მეორე სექტორშიც, ანუ ელექტრო­ენერგეტიკაშიც და გაზშიც, ღია ბაზრის პირობებში მომხმარებელი გაცილებით აქტიური იქნება და, თუნდაც მიმწოდე­ბელ კომპანიასთან ურთიერთობის შემ­­თხვევაში, მას დასჭირდება წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მიმწოდებლის არჩევა, რა აუცილებელი პირობების გათვალისწი­ნება იქნება საჭირო, სად გადის ზღვარი მომხმარებლის უფლებებსა და კომპა­ნიის უფლებებს შორის და ა.შ. სემეკში აქტიურად ვემზადებით მომხმარებლის ეტაპობრივად ინფორმირებისთვის. ფაქტობრივად, სემეკის მომდევნო წე­ლი სწორედ მომხმარებლის ახალი ქცე­ვის ჩამოყალიბებაზე მუშაობის წელი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *