აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია SOCAR-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისინი 2022 წლისათვის თავის ობიექტებზე ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავენ.
ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი აზერბაიჯანი, პარიზის კლიმატის შეთანხმების შესაბამისად, მიზნად ისახავს ნახშირბადის ემისიის ნულოვანი ნიშნულის მიღწევას 2050 წლისათვის.
SOCAR-ის ეკოლოგიური მიმართულების თავმჯდომარის მოადგილემ, რაფიგა ჰუსეინზადემ აღნიშნა, რომ ,,კომპანია ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევისთვის 2010 წლიდან მსოფლიო ბანკის GGFR პროექტის ფარგლებში მუშაობს“.
ნახშირბადის ემისია SOCAR-ის საბადოებიდან 2012 წელს 9-10%-ის ფარგლებში მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ემისიის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა და 2%-ს გაუტოლდა.
„2022 წელს ჩვენ ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მივაღწევთ“, – აღნიშნა SOCAR-ის მენეჯერმა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ემისიების შემცირება მხოლოდ ნახშირწყალბადების მოპოვების პროცესს უკავშირდება. ემისიები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული გამომუშავებასთან, მაინც წარმოიქმნება.
SOCAR-მა იანვრიდან ოქტომბრამდე საკუთარ საბადოებზე 6.58 მილიონი ტონა ნავთობი და 6.55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც ქვეყნის მთლიანი ნავთობისა და გაზის მოპოვების დაახლოებით მეხუთედია.
ჰუსეინზადეს განცხადებით, „სოკარს“ შეუძლია, ბუნებრივი აირის მოპოვება წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს ეკოლოგიურად სუფთა ნოუ-ჰაუს გამოყენებით ნეფთ-დასლარისა და გუნაშლის საბადოებზე.
აღსანიშნავია, რომ SOCAR-ი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობს BP-სთან და სხვა დასავლურ კომპანიებთან. მათ ასევე პირობა დადეს, რომ განავითარებენ მწვანე ენერგიას და ერთობლივად იმუშავებენ ნარჩენების მართვის საკითხებზე.