SoftBank-ი Intel-ში $2 მილიარდის ღირებულების აქციებს შეიძენს

SoftBank-ი Intel-ში $2 მილიარდის ღირებულების აქციებს შეიძენს

იაპონიის მრავალეროვნული საინვესტიციო ჰოლდინგი Softbank Group-ი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Intel-ში $2 მიილიარდის ღირებულების აქციებს შეიძენს. სააქციო კაპიტალში Softbank-ის შენატანი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვითარებას მოხმარდება. ლონდონის საფონდო ბირჟის თანახმად, აღნიშნული შეთანხმებით Softbank-ი Intel-ის მე-6 უმსხვილესი აქციონერი ხდება.

კომპანია Intel-ის აქციაზე 23 დოლარს გადაიხდის, რაც ორშაბათს, სავაჭრო სესიის დახურვის შემდგომ ფასთან შედარებით დაბალია, როდესაც კომპანიის  აქციის ღირებულებამ $23.66-ს მიაღწია. არსებული ინფორმაციით, შეთანხმება მხოლოდ Intel-ის სააქციო კაპიტალის შეძენას გულისხმობს. იაპონური ჰოლდინგი კომპანიის დირექტორთა საბჭოში ადგილის დაკავებას ან  Intel-ის ჩიპების შესყიდვის ვალდებულების აღებას არ განიხილავს.

Intel-ში ინვესტირებით, იაპონური ჰოლდინგი მთავარ ფოკუსს ნახევარგამტარებისა და ხელოვნური ინტელექტის აქტივებზე ახდენს. ამავდროულად, იაპონური კომპანია ტრამპის ინიციირებულ, აშშ-ის მონაცემთა ცენტრის პროექტშიცაა ჩართული. არებული გეგმით, Stargate-ის მონაცემთა ცენტრს OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი დააფუძნებენ და მისი ღირებულება $500 მილიონს მიაღწევს.

ცნობისთვის, Intel-ის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით ბოლო დღეებში, მას შემდეგ გაიზარდა, რაც Bloomberg-მა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კომპანიაში წილის შესაძლო შესყიდვაზე სტატია გამოაქვეყნა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან Intel-ში წილის შესყიდვის მიზანი ქვეყანაში კომპანიის წარმოების გაზრდაა. არსებული გეგმით, Intel-ი 2030 წლისთვის ოჰაიოში ორი ობიექტის აშენებას გეგმავს, რომელთა ღირებულება $28 მილიარდი იქნება.

თუმცა Reuters-ი საკითხთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იაპონური ჰოლდინგის ინვესტიცია ტრამპის შემდგომ ნაბიჯებს არ უკავშირდება და მხოლოდ სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.