ამერიკული Forbes-ის შეფასებით, იაპონური ჰოლდინგური კომპანია SoftBank Group-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მასაიოში სონის ქონებამ ოთხშაბათს, აზიის მილიარდერთა შორის ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა. სონის ქონების ღირებულება $13.1 მილიარდით, $71.5 მილიარდამდე შემცირდა.
იაპონიის უმდიდრესი ადამიანის ქონების შემცირება SoftBank Group-ის აქციების ღირებულების 10%-ით ვარდნას მოჰყვა. თავის მხრივ კი, ჰოლდინგის აქციების ფასების კლება გლობალურ საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობისა და AI-კომპანიების მიმართ ინვესტორთა შეცვლილი დამოკიდებულების შედეგი იყო. გლობალური საფონდო ბირჟების გავლენით ოთხშაბათს, აზიის ბაზრების გახსნის შემდეგ, იაპონური Nikkei-სა და სამხრეთკორეული KOSPI-ის აქციათა ფასები, შესაბამისად, 2.5%-ით და 2.9%-ით დაეცა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ოპერირებადი კომპანიების ნაწილი ინვესტორების მაღალ მოლოდინს ვერ ამართლებს. მათი შეშფოთება კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რიგმა ფირმებმა – მათ შორის Advanced Micro Devices-მა და Super Micro Computer-მა – პროგნოზირებადზე დაბალი შედეგები გამოაქვეყნეს.
სონის SoftBank-ი წარსულში ამერიკული OpenAI-ის დაფინანსების რამდენიმე რაუნდს ხელმძღვანელობდა, ახლა კი, OpenAI-სა და Oracle-თან ერთად, ტრამპის მიერ ინიციირებული Stargate-ის ინვესტორად განიხილება. შესაბამისად, SoftBank-ის აქციების ღირებულების ვარდნაზე ერთდროულად როგორც იაპონური საფონდო ბირჟების კლებამ, ასევე ინვესტორთა შეშფოთებამ იმოქმედა.
ოთხშაბათის ვარდნის მიუხედავად, მიმდინარე წელს SoftBank Group-ის აქციების ღირებულება თითქმის 150%-თაა გაზრდილი. ხოლო მასაიოში სონი, რომელიც ჰილდინგის უმსხვილესი მეწილეა, $71.5 მილიარდით კვლავ იაპონიაში პირველი, ხოლო მსოფლიოში 25-ე უმდიდრესი ადამიანია.















