სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი იანვრიდან თურქულ საქონელზე ემბარგო მოიხსნება. თავდაპირველად სომხეთმა შეზღუდვები შარშან, მას შემდეგ დააწესა, რაც ანკარამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარე დაიჭირა.
თურქეთისა და სომხეთის ბოლოდროინდელი განცხადებების თანახმად, მხარეები ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ ისწრაფვიან, რაც ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ფრენების აღდგენასაც ითვალისწინებს. 5 დეკემბერს თურქეთმა სელდარ კილიჩი, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სომხეთთან ურთიერთობების მოგვარების წარმომადგენლად დანიშნა, სამი დღის შემდეგ კი სომხეთის მიერ თურქეთთან დიალოგის საკითხებში წარმომადგენლად ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, რუბენ რუბინიანი აირჩია. ანკარის განცხადებით, ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენელთა შორის პირველ შეხვედრას რუსეთი უმასპინძლებს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში შეჩერებულია. 2009 წელს სომხეთმა და თურქეთმა, კავშირების აღდგენისა და საზღვრის გასახსნელად, საეტაპო სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, თუმცა შეთანხმება არასდროს რატიფიცირებულა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია.
თურქეთსა და სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ისტორიულად 1915 წლის მოვლენების „სომეხთა გენოციდად“ აღიარების საკითხს უკავშირდება. თურქეთი აპროტესტებს მომხდარის გენოციდად აღიარებას, თუმცა მას ტრაგედიას უწოდებს, რომელსაც ორივე ქვეყნის მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ანკარამ კონფლიქტის მსვლელობისას ბაქოს პოზიცია დაიჭირა და ერევანი აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციაში დაადანაშაულა.