გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, Skydance-თან გაერთიანებაზე ექსკლუზიური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, Paramount-ის შესყიდვაზე ოფიციალური შეთავაზება Sony-მ და Apollo-მ გააკეთეს. Paramount-ი გადარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობს მაშინ, როდესაც კომპანია პირველ კვარტალში ზარალზე გავიდა, შემდეგ კი აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ბობ ბაკიშმა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას Sony-მ და კერძო საინვესტიციო ფირმა Apollo Global Management-მა კომპანიის შესაძენად $26 მილიარდის შეთავაზება გააკეთეს. ეს კი სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც Paramount-ი დევიდ ელისონის ფირმა Skydance Media-სთან შერწყმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გასულ თვეში Paramount-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვაზე Skydance-თან სავარაუდო შეთანხმებაც შედგა, თუმცა საბოლოოდ შეჩერდა და კომპანიამაც ალტერნატივების მოძიება განაგრძო.
Times-ის ცნობით, შაბათს Paramount-ის სპეციალურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა Sony-სა და Apollo-სთან მოლაპარაკებების დაწყებას და Skydance-თან მოლაპარაკებების გაგრძელებას. თუმცა Wall Street Journal-ის ანალიზით, სავარაუდოდ, გაყიდვასა და შერწყმაზე შეთანხმება ვერ შედგება, ამას კი ხელს მარეგულირებლის დაბრკოლებები და აქციონერთა სამართლებრივი ქმედებები შეუშლის. კერძოდ კი, კომპანიის აქციონერებს მიაჩნიათ, რომ გარიგება არასამართლიანად მოგებიანი იყო შარი რედსტოუნისთვის, Paramount-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელისთვის.
ბაკიშმა, რომელიც Skydance-თან შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა, Paramount-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი გასულ კვირას დატოვა. Sony-ისა და Apollo-ს შეთავაზება კომპანიის ვალის დაფარვასაც ითვალისწინებდა, Sony, როგორც კომპანიის მთავარი აქციონერი, ოპერაციებზე კონტროლს მიიღებდა, ხოლო Apollo მცირე აქციონერი გახდებოდა.
გასულ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშით, Paramount Global-ის ვალი $14.6 მილიარდს აღემატებოდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი სტრიმინგში კომპანიის ზარალმა $286 მილიონს მიაღწია.