ფოტო: Fabrice Coffrini/AFP via Getty Images and Brandon Bell
აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე მილიარდერების მიერ გაღებულმა შემოწირულებებმა უკვე მასშტაბურ მოცულობას მიაღწია. ფედერალური საარჩევნო ჩანაწერების მიხედვით, არჩევნებში ყველაზე მსხვილმა 10-მა მილიარდერმა დონორმა ამ დრომდე ჯამში $734 მილიონზე მეტი გაიღო. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი მილიარდერები, როგორებიც არიან მარკ ანდრეესენი, ილონ მასკი და ჯორჯ სოროსი.
The New York Times-ისა და The Washington Post-ის მიერ შედგენილი რეიტინგების მიხედვით, საარჩევნო ციკლის უმსხვილეს ინდივიდუალურ დონორებს შორის მილიარდერები და მათ მიერ კონტროლირებადი კომპანიები დომინირებენ. ათეულს მიღმა მსხვილ დონორებს შორის არიან როგორც რესპუბლიკელებთან, ისე დემოკრატებთან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციები, კრიპტოკომპანიები Coinbase-ი და Crypto.com-ი, ასევე სპორტული ფსონების პლატფორმა DraftKings-ი.
მარკ ანდრეესენი – $115.3 მილიონი (Forbes-ის მიერ შეფასებული ქონება: $1.9 მილიარდი)
მარკ ანდრეესენის, მისი ბიზნესპარტნიორის, ბენ ჰოროვიცისა და მათი ვენჩურული კაპიტალის ფონდის, Andreessen Horowitz-ის მიერ ამ საარჩევნო ციკლში გაღებულმა თანხამ ჯამში $115.3 მილიონს მიაღწია.
ფედერალური საარჩევნო ჩანაწერების მიხედვით, ანდრეესენმა პირადად დაახლოებით $42.2 მილიონი გაიღო. მისი ყველაზე მსხვილი შემოწირულებები კრიპტოვალუტისა და ხელოვნური ინტელექტის მხარდამჭერ პოლიტიკურ კომიტეტებს (PAC), ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის MAGA Inc.-ს მოხმარდა.
ჯორჯ სოროსი – $103.7 მილიონი (ქონება: $7.5 მილიარდი)
დემოკრატიული პარტიის ყველაზე მსხვილ დონორებს შორის არიან მილიარდერი ჯორჯ სოროსი და მისი ვაჟი, ალექს სოროსი. მათი და მათ მიერ კონტროლირებადი ჯგუფების მიერ დემოკრატებთან დაკავშირებული სუპერ-PAC-ებისთვის გაღებულმა თანხამ ჯამში $103.7 მილიონი შეადგინა.
თუმცა თავად ჯორჯ სოროსმა დემოკრატ კანდიდატებსა და Democratic Senatorial Campaign Committee-ს პირადად $1 მილიონზე ოდნავ ნაკლები შესწირა.
ჯეფ იასი – $93.8 მილიონი (ქონება: $67.4 მილიარდი)
ტრამპის მხარდამჭერმა მილიარდერმა ჯეფ იასმა შუალედური არჩევნებისთვის ბოლო მონაცემებით $93.8 მილიონი გაიღო.
მისი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი, $20 მილიონი, ოჰაიოს გუბერნატორობისთვის მილიარდერი ვივეკ რამასვამის კანდიდატურის მხარდამჭერ სუპერ-PAC-ში გადაირიცხა. იასი ასევე ცნობილია TikTok-ის მიმართ მხარდაჭერითაც.
ილონ მასკი – $90.5 მილიონი (ქონება: $876 მილიარდი)
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, მიმდინარე საარჩევნო ციკლში დაახლოებით $90.5 მილიონი გაიღო.
მისი თანხების ძირითადი ნაწილი მისივე America PAC-ის დაფინანსებას მოხმარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა ორგანიზაციას წელს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საკვანძო შტატებში მიმდინარე არჩევნებისთვის $120 მილიონამდე დახარჯვის უფლება მისცა.
რიჩარდ და ელიზაბეთ უილაინები – $70 მილიონი (ქონება: $7.7 მილიარდი)
რიჩარდ და ელიზაბეთ უილაინები დიდი ხანია რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დონორ წყვილად მიიჩნევიან. მიმდინარე საარჩევნო ციკლში მათ რესპუბლიკელების მხარდამჭერ სუპერ-PAC-ებში ჯამში დაახლოებით $70 მილიონი შეიტანეს.
მათი დაფინანსება, მათ შორის, სასამართლო არჩევნებსა და ვისკონსინის წარმომადგენელთა პალატის კანდიდატ ჯესი ებენს მოხმარდა, რომელმაც საბოლოოდ პრაიმერიზი წააგო.
მირიამ ადელსონი – $67.6 მილიონი (ქონება: $33.8 მილიარდი)
კაზინოების მაგნატის, გარდაცვლილი შელდონ ადელსონის მეუღლემ, მირიამ ადელსონმა, მიმდინარე საარჩევნო ციკლში დაახლოებით $67.6 მილიონი დახარჯა.
აქედან $25 მილიონი ტრამპის MAGA Inc.-ის სუპერ-PAC-ს გადაეცა, დამატებით $40 მილიონი კი წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდასაჭერად გამოიყო.
კრის ლარსენი – $65.7 მილიონი (ქონება: $12.6 მილიარდი)
Ripple Labs-ის თანადამფუძნებლის, კრის ლარსენისა და კომპანიის მიერ არჩევნებისთვის გაღებულმა თანხამ ჯამში $65.7 მილიონი შეადგინა. აქედან ლარსენის პირადი შემოწირულება $15.2 მილიონი იყო.
Ripple-ის თანხების ძირითადი ნაწილი Fairshake-ის სუპერ-PAC-ს მოხმარდა, რომელიც კრიპტოვალუტის მიმართ მეგობრულად განწყობილ კანდიდატებს უჭერს მხარს.
ლარსენი, რომელიც დიდი ხნანია დემოკრატიული პარტიის დონორია, თავის მხრივ, მნიშვნელოვან თანხებს ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციის მხარდამჭერ PAC-ებსა და დემოკრატ კანდიდატებს სწირავდა, მათ შორის ნიუ-იორკის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატ ალექს ბორესს.
პოლ სინგერი – $52.5 მილიონი (ქონება: $6.7 მილიარდი)
რესპუბლიკელებთან დაკავშირებულმა მილიარდერმა პოლ სინგერმა მიმდინარე საარჩევნო ციკლში $52.5 მილიონი გაიღო.
აქედან $15 მილიონი STW PAC Inc.-ს გადაეცა – ახლად შექმნილ სუპერ-PAC-ს, რომელიც, როგორც ჩანს, მთლიანად სინგერის მიერ ფინანსდება. ორგანიზაციას შუალედურ არჩევნებში თანხები ამ ეტაპზე ჯერ არ დაუხარჯავს.
კამერონ და ტაილერ უინკლვოსები – $42.7 მილიონი (ქონება: $2.9 მილიარდი)
კრიპტობირჟა Gemini-ის დამფუძნებელმა ტყუპებმა, კამერონ და ტაილერ უინკლვოსებმა, მიმდინარე შუალედურ არჩევნებში ჯამში $42.7 მილიონი მიმართეს.
აქედან თითოეულმა პირადად $16.1 მილიონი გაიღო, დამატებითი თანხები კი მათი საინვესტიციო კომპანია Winklevoss Capital-იდან მოდის.
ტყუპების შემოწირულებების ძირითადი ნაწილი კრიპტოვალუტის მხარდამჭერ Digital Freedom Fund-ს, ტრამპის MAGA Inc.-სა და რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდამჭერ ფონდებს მოხმარდა.
კენ გრიფინი – $32.2 მილიონი (ქონება: $53.2 მილიარდი)
ჰეჯფონდების მენეჯერი და მილიარდერი კენ გრიფინი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, თუმცა მიმდინარე შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებს აქტიურად უჭერს მხარს.
გრიფინმა რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდამჭერ პოლიტიკურ კომიტეტებში ჯამში $32.2 მილიონი შეიტანა.
აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მილიარდერების მიერ გაღებული თანხები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. მათი საბოლოო დანახარჯების სრული მოცულობა კი არჩევნების დასრულების შემდეგ ფედერალური ანგარიშების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.












