ფოტო: Harun Ozalp /Anadolu via Getty Images
კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მოზარდებში სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და ამით მომხმარებელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების მიყენების საქმეში Meta და Google-ი დამნაშავედ ცნო. კომპანიებს მომჩივანი მხარისათვის კომპენსაციის სახით $3 მილიონის გადახდა დაეკისრათ.
Meta-სა და Google-ის წინააღმდეგ სარჩელი 20 წლის პირმა, ინიციალებით K.G.M., შეიტანა. K.G.M.-ის მტკიცებით, მოზარდობის პერიოდში აღნიშნული კომპანიების სოციალური ქსელების გამოყენებამ მის ფსიქიკაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია, რაც, მათ შორის, სუიციდურ აზრებშიც გამოიხატებოდა.
სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცეს Meta-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა და Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ. Courthouse News-ის ცნობით, სხდომაზე ცუკერბერგმა განაცხადა, რომ პლატფორმის შექმნისას მათ დადებითი მიზნები ამოძრავებდათ, რათა ადამიანებისთვის ღირებული პროდუქტი შეეთავაზებინათ. სასამართლო გადაწყვეტილებას კომპანიის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და საპასუხო სამართლებრივ ზომებზე უკვე მუშაობენ.
Wall Street Journal-ის ცნობით, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელ კომპანია Meta-ს სრული კომპენსაციიდან 70%-ის, ხოლო YouTube-ს დარჩენილი 30%-ის გადახდა დაეკისრა. მოპასუხეთა შორის იყვნენ TikTok-ი და Snapchat-ის მფლობელი Snap-ი, თუმცა ორივე მათგანმა მომჩივან მხარესთან შეთანხმებას სასამართლოს გარეშე მიაღწია. ამ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა არ დასახელებულა.
აღნიშნული საქმე ერთ-ერთია იმ ათასობით სარჩელიდან, რომელიც შტატისა და ფედერალურ სასამართლოებში Meta-ს, TikTok-ის, YouTube-ისა და Snap-ის წინააღმდეგაა შეტანილი. გუშინ Meta-ს საქმეზე განაჩენი გამოაცხადა ნიუ-მექსიკოს სასამართლომაც და ბავშვთა ექსპლუატაციის ხელშეწყობისთვის კომპანიას $375 მილიონის გადახდა დააკისრა.














