SpaceX-ი 2026 წლის მასშტაბური IPO-სთვის პარტნიორად უოლ-სტრიტის ოთხ ბანკს განიხილავს

SpaceX-ი 2026 წლის მასშტაბური IPO-სთვის პარტნიორად უოლ-სტრიტის ოთხ ბანკს განიხილავს

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 2026 წელს მოსალოდნელი IPO-სთვის ოთხი მსხვილი საინვესტიციო ბანკის შერჩევა დაიწყო. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის აქციების საჯარო განთავსების პროცედურას შესაძლოა Bank of America-მ, Goldman Sachs-მა, JPMorgan Chase-მა და Morgan Stanley-მ უხელმძღვანელოს.

თუმცა წყაროს თქმით, ბანკები ჯერ საბოლოოდ შერჩეული არ არის და SpaceX-ის გეგმები საბაზრო პირობების მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს. Reuters-მა ჯერ კიდევ გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ SpaceX-ი ბანკებთან კონსულტაციებს მართავდა, ხოლო Morgan Stanley, მასკთან მჭიდრო კავშირების გამო, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა.

კომპანიამ ასევე გახსნა მეორეული აქციების გაყიდვის პროცესი, რომლის ფარგლებშიც SpaceX-ის შეფასებამ შესაძლოა 800 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ამასთან, დეკემბერში Reuters-ი წერდა, რომ მასკის კომპანია IPO-ს გზით 25 მილიარდ დოლარზე მეტის კაპიტალის მოზიდვას გეგმავდა. თუ პროცესები მსგავსი სცენარით წარიმართება, ეს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი IPO იქნება.

აშშ-ის საფონდო ბირჟები „მეგა-IPO“-ების ტალღის მოლოდინშია. მათ შორის IPO-სთვის ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიები Anthropic-ი და OpenAI ემზადებიან. მედიასააგენტოს ინფორმაციით, ისინი აქციების პოტენციურ საჯარო განთავსებაზე უკვე მუშაობენ.

ცნობისთვის, Financial Times-მა ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ SpaceX-ის IPO-ში Bank of America ერთ-ერთი საკვანძო როლის კანდიდატია. Reuters-ის ცნობით, Morgan Stanley-მ, Bank of America-მ, Goldman Sachs-მა და JPMorgan Chase-მა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, ხოლო SpaceX-ს მედიასააგენტოს შეკითხვაზე ჯერჯერობით არ უპასუხია.