ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) პირველი სამედიცინო ევაკუაცია წარმატებით განახორციელა და Crew-11-ის ეკიპაჟის ოთხი წევრი დედამიწაზე უსაფრთხოდ დააბრუნა.
SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების კაფსული, Crew Dragon-ი, წყნარ ოკეანეში, სან-დიეგოს სანაპიროსთან, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისგან გამოყოფიდან დაახლოებით 10 საათის შემდეგ ჩაეშვა. მის ბორტზე NASA-ს ასტრონავტები ზენა კარდმანი და მაიკ ფინკი, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ასტრონავტი კიმია იუი და რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ კოსმონავტი ოლეგ პლატონოვი იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი კოსმოსში კიდევ ერთი თვე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისია ნაადრევად დასრულდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სამედიცინო ინციდენტის მიზეზით 8 იანვარს ღია კოსმოსში დაგეგმილი გასვლა გადაიდო.
NASA-ს მთავარი სამედიცინო ოფიცრის, ჯეი. დი. პოლკის განცხადებით, ასტრონავტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეუძლებელი იყო და მისიის ნაადრევად დასრულება სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა. ეკიპაჟის აღნიშნული წევრის ვინაობა არ საჯაროვდება.
ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის არსებობის ისტორიაში, როდესაც მისია ასტრონავტის ჯანმრთელობის მიზეზით ნაადრევად დასრულდა.
Crew-11-ის დედამიწაზე ნაადრევი დაბრუნების შემდეგ, ISS-ზე სამი ასტრონავტი დარჩა: ორი NASA-დან და ერთი რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსიდან“. შექმნილი ვითარების გამო, NASA განიხილავს შესაძლებლობას, Crew-12-ის ოთხკაციანი ეკიპაჟი თებერვლის ნაცვლად ISS-ზე უფრო ადრე გაუშვას, რადგან კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ოპტიმალური რაოდენობა შენარჩუნდეს.











