SpaceX-მა მასკის ანაზღაურების პაკეტი მარსის კოლონიზაციის მიზნებს დაუკავშირა

SpaceX-მა მასკის ანაზღაურების პაკეტი მარსის კოლონიზაციის მიზნებს დაუკავშირა

ფოტო: SpaceX

SpaceX-მა კომპანიის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ილონ მასკისთვის უპრეცედენტო საკომპენსაციო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული კომპანიის ყველაზე ამბიციურ მიზნებზე – მარსის კოლონიზაციასა და კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შექმნაზე.

Reuters-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის დირექტორთა საბჭომ მასკისთვის შეიმუშავა მრავალმილიარდიანი სტიმულირების სქემა, რომლის მიხედვითაც ის ხმის უფლების მქონე 200 მილიონამდე შეზღუდული აქციების მიღებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ SpaceX-ი, აქციების საჯაროდ განთავსების შემდეგ, $7.5ტრილიონიან საბაზრო ღირებულებას მიაღწევს და მარსზე შექმნის მუდმივ კოლონიას, სადაც მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი იცხოვრებს.

გარდა ამისა, დამატებითი ბონუსის სახით, მასკს შეუძლია კიდევ 60.4 მილიონი შეზღუდული აქციის მიღება, თუ კომპანია სხვა მიზნებსაც შეასრულებს – მათ შორის კოსმოსში მონაცემთა ცენტრების ოპერირებას, რომლებიც მინიმუმ 100 ტერავატის გამოთვლით სიმძლავრეს უზრუნველყოფს. ეს კოლოსალური ენერგიაა და დაახლოებით 100,000 ერთგიგავატიანი ატომური რეაქტორის ერთდროულ მუშაობას უტოლდება.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პაკეტი სრულად შედეგებზეა დამოკიდებული – თუ კომპანია ვერ მიაღწევს დასახულ მაჩვენებლებს, მასკი არცერთ აქციას არ მიიღებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან SpaceX-ში მისი ხელფასი წელიწადში დაახლოებით 54,080 დოლარს შეადგენს.

კომპანიის ღირებულება ამ ეტაპზე ზუსტად განსაზღვრული არ არის, რადგან SpaceX-ი ჯერ კიდევ კერძო საკუთრებაშია. თუმცა ცნობილია, რომ კომპანია აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას (IPO) გეგმავს, რამაც შესაძლოა მისი შეფასება დაახლოებით 1.75 ტრილიონ დოლარამდე განსაზღვროს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი საკომპენსაციო მოდელი ბიზნესში პრაქტიკულად უნიკალურია. კორპორაციული მართვის სპეციალისტების შეფასებით, ასეთი მასშტაბის მიზნებზე მიბმული ანაზღაურება შეიძლება კონკურენციასაც ქმნიდეს მასკის სხვა კომპანიასთან, მათ შორის Tesla-თან, სადაც ის ასევე აღმასრულებელი დირექტორია.

Forbes-ი მასკის ქონებას დაახლოებით 778 მილიარდ დოლარად აფასებს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცევს. ანალიტიკოსების აზრით, თუ ის შეძლებს როგორც SpaceX-ის, ისე Tesla-ს ამბიციური მიზნების შესრულებას, მისი ქონება კიდევ უფრო, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომპანიისთვის მსგავსი მიზნების განსაზღვრა, ერთი მხრივ, ინვესტორებს აძლევს მკაფიო წარმოდგენას, თუ რამდენად შორსმიმავალი ხედვა აქვს ბიზნესს, ხოლო მეორე მხრივ, აჩენს კითხვებს – რამდენად რეალისტურია მარსის კოლონიზაცია და კოსმოსური ინფრასტრუქტურის შექმნა უახლოეს მომავალში.