SpaceX-მა შესაძლოა IPO-ზე განაცხადი ამ კვირაში შეიტანოს - The Information

SpaceX-მა შესაძლოა IPO-ზე განაცხადი ამ კვირაში შეიტანოს - The Information

ფოტო: ILLUSTRATION BY EMILY SCHERER FOR FORBES

 

The Information-ის ინფორმაციით, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა შესაძლოა აქციების საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განთავსების შესახებ განაცხადი მარეგულირებელთან მიმდინარე ან მომდევნო კვირაში დაარეგისტრიროს.

სააგენტოს თანახმად, კომპანიის IPO-ს სამზადისში ჩართული მრჩევლების პროგნოზით, SpaceX-ი დიდი ალბათობით აქციების საჯარო განთავსებას რეკორდული ღირებულებით განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, დიდი ალბათობით, ინდივიდუალური ინვესტორების წილი 20%-ით განისაზღვრება.

გამოცემის თანახმად, SpaceX-ი IPO-ს რეკორდული ღირებულებით, $1.75-ტრილიონიანი შეფასებით გეგმავს. კომპანიის ღირებულების მთავარი წილი Starlink-ზე მოდის. აქამდე ერთადერთი კომპანია, რომელმაც IPO $1 ტრილიონზე მაღალი შეფასებით განახორციელა, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ა. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა. ყველა სხვა კომპანიას, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც დღეს $1 ტრილიონზე მეტია, ამ ღირებულების მისაღწევად ათწლეულები დასჭირდა.

SpaceX-ის მიზანი IPO-ს შედეგად მიღებული ფინანსების კოსმოსური მონაცემთა ცენტრების აშენებისა და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ნახევარგამტარების შესაძენად გამოყენებაა.

მოგეხსენებათ, იმისათვის, რომ კომპანიამ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე საკუთარი აქციების საჯაროდ განთავსების უფლება მოიპოვოს, სხვადასხვა სახის ნებართვა სხვადასხვა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა გასცეს.

SpaceX-მა IPO-სთვის საჭირო ტექნიკური დეტალების შესახებ კონსულტაციები ოთხ უმსხვილეს ამერიკულ ბანკთან გაიარა. Reuters-ის მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის აქციების საჯარო განთავსების პროცედურას შესაძლოა Bank of America-მ, Goldman Sachs-მა, JPMorgan Chase-მა და Morgan Stanley-მ უხელმძღვანელოს.

Morningstar-ის ინფორმაციით, 2025 წელს SpaceX-ის შემოსავლებმა $16 მილიარდი შეადგინა, რომლის დიდი ნაწილიც Starlink-ის გამოწერის სერვისზე მოდის.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.