SpaceX: უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ გავაგრძელებთ

SpaceX: უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ გავაგრძელებთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უფასოდ მიეწოდებინა.

CNN-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას SpaceX-მა პენტაგონს განცხადებით მიმართა, რომელშიც კომპანია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან დაფინანსებას მოითხოვს, რათა პროგრამა გაგრძელდეს.

SpaceX-ის განმარტებით, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარია საჭირო, აღნიშნული მოცულობის თანხა კი SpaceX-ს არ გააჩნია, რის გამოც კომპანია იძულებული გახდება, რომ უკრაინას სატელიტური ინტერნეტის მიწოდება შეუწყვიტოს.

Starlink-ის ინტერნეტს უკრაინის მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებს და ის ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდების ყველაზე სტაბილური საშუალებაა, რომლის განადგურებაც რუსულ სამხედრო ძალებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ.

ამ ეტაპზე პენტაგონის პოზიცია უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის მთავრობამ მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის სატელიტური ინტერნეტის დაფინანსების პროგრამასაც.

აღსანიშნავია, SpaceX-ის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს და მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულებას უნდა მოაწერონ ხელი, რასაც უკრაინის წარმომადგენლობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *