სპირტიანი ბიზნესის გენერალი

სპირტიანი ბიზნესის გენერალი

Stoli Group-ის გლობალური CEO დამიან მაქკინი კენიაში დაიბადა და სამეფო საზღვაო ძალების 35 წლის ვიცე-პოლკოვნიკი იყო, როცა მიხვდა, რომ მალე არმიასთან გამომშვიდობება და შტაბში სამსახური მოუწევდა. გენერლის ეპოლეტებსა და მოსაწყენ ცხოვრებას მან ისევ აღმასრულებლობა ამჯობინა, ამჯერად – ბიზნესის ფრონტზე.

დამიან, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოში.

მშვენიერია აქ ყოფნა.

დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის.

გვითხარით თქვენი ვიზიტის მიზნის შესახებ. არ ვიცი, პირველად ხართ თბილისში თუ არა?

პირველად ვარ. უნდა ვთქვა, ისტორიის მოყვარული ვარ. ჩემში არის პატარა ბავშვი, რომელსაც ყოველთვის სურდა საქართველოში ჩამოსვლა. მართალია, ეს 24-საათიანი ვიზიტია, მაგრამ ძალიან მოკლე დროშიც კი მომეწონა აქ ყოფნა. მე მომწონს აქაური ხალხი. მე მომწონს ის საბრძოლო სულისკვეთება, რაც აქ შეიმჩნევა.

მოგვიყევით თქვენ შესახებ. სანამ “სტოლი ჯგუფის” ამბებამდე მივალთ, არის რაღაცები, რაც უნდა აღვნიშნოთ. ყოველთვის საჯაროობის მომხრე ხართ. მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო ამასთან დაკავშირებით, რადგან ლიდერისთვის საჯაროობის მსგავსი აღქმა 21-ე საუკუნეში უპირატესობაა.

მე დავიბადე და გავიზარდე აფრიკაში, კენიაში, ნაირობის გარეთ, ფერმაში. მე გავიზარდე გამჭვირვალობის კულტურაში, ბუნებისა და სამყაროს სიყვარულში. ჭეშმარიტებისა და სამყაროს შეცნობის სურვილით გავიზარდე. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ჯარში გაწევრება გადავწყვიტე. არ მინდოდა, გავმხდარიყავი ის, რასაც მე ვუწოდებ ჩვეულებრივი ტიპის ჯარისკაცს. ამიტომ მე სპეციალიზებული ვარ სამეფო საზღვაო ძალებში, თუმცა არასდროს ჩამიბარებია ოფიცერთა მოსამზადებელ კოლეჯში.

რაც ოფიციალურ სამხედრო სწავლებას ნიშნავს?

სხვადასხვა სწავლების ნაზავია. პრინციპში, ტრენინგებზე წასვლასა და შემდეგ ტაქტიკის შესწავლას მოიცავს. ამ საქმეს ოფიცრის როლში შევუერთდი. მხოლოდ 35 ჩვენგანი ვიყავით ერთი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, მაგრამ მე ვვარჯიშობდი იმ ადამიანებთან, რომლებსაც მომავალში ვუხელმძღვანელებდი. მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სწავლობ სხვების თანასწორად, მაგრამ უნდა მოიპოვო უფლება, იყო ლიდერი.

ლიდერმა ყველა საქმე – ფიზიკური თუ გონებრივი – უკეთ და სწრაფად უნდა გააკეთოს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება, ვთქვათ, ძალიან მარტივ რამეს, როგორიცაა საკვები და ჭამა, მასწავლიდნენ, რომ, როგორც ლიდერს, უნდა მეჭამა ბოლოს. ლიდერი უნდა ზრუნავდეს თავის ხალხზე და მათი გამოკვებაც ამაში შედის. და ახლა რატომ არის რასაც ვყვები, რელევანტური? პირველ რიგში, 18 წლიდან, ალბათ, 14 წელი გავატარე აქტიურ სამსახურში. ფრონტის ხაზზე რეალურ ოპერაციებში ჩართულობამ გამააზრებინა, რომ “შემიძლია დიდი გეგმების დასახვა, მაგრამ დღის ბოლოს საქმე ამ გეგმების შესრულებაზეა”.

სწორად გავიგე, რომ იმ პერიოდში თქვენი პასუხისმგებლობები მოიცავდა როგორც დაგეგმვას, ისე აღსრულებას?

დიახ, ასეა. უნივერსიტეტში ბიზნესის ტიპის კურსებში ჩართულობისას, არსებობს საშიშროება, რომ დიდ დროს დახარჯავთ მხოლოდ კონკრეტული ქეისების შესწავლაზე. სამხედრო საქმის სილამაზე იმაშია, რომ ის, ფაქტობრივად, ექსპერიმენტულია. გასწავლიან იმას, რაც შემდეგ უნდა გამოცადო. ეს დიდი საგანმანათლებლო გამოწვევაა.

როგორ აისახა ეს გამოცდილება რეალურ ცხოვრებაში?

სიმართლე გითხრათ, გადავწყვიტე, რომ არ მინდოდა, გენერალი ვყოფილიყავი. ბიზნესის კეთება მინდოდა. ძალიან ბევრ, რიჩარდ ბრენსონის ტიპის, ანტრეპრენიორული ტიპის წიგნს ვკითხულობდი.

გახსოვთ ის პერიოდი, როცა გადაიფიქრეთ? სამხედრო სამსახურში მომავალზე უარის თქმას და ბიზნესში გადასვლას ვგულისხმობ. რატომ გადაიფიქრეთ?

სიმართლე ასეთია – ვიჯექი ბარში, ნორფოლკში, ვირჯინიაში. ვიაზრებდი, რომ მქონდა ფანტასტიკური კარიერა, ვიყავი ახალგაზრდა, 35 წლის ვიცე-პოლკოვნიკი. თეორიულად, მთელი ცხოვრება წინ მქონდა. თან ცარიელი ფურცელი მქონდა. ავიღე კალამი და დავხატე შემდეგი 20 წელი. საკუთარ თავს ვკითხე, საინტერესო 20 წელი დამრჩა, აქედან რამდენს გავატარებ ჯარში? მივხვდი, რომ დაახლოებით საინტერესო 4 წელი დამრჩა, შემდეგ უკვე გენერალი გავხდებოდი და რაღაც შტაბში მოვხვდებოდი. არის რაღაც განსაკუთრებული სიამოვნება ბიზნესსა და მეწარმეობაში, კონკრეტულად – ოპერაციებში ჩართულობაში. მე მომწონდა ოპერაციებში ყოფნა, ამიტომ თანამდებობა მეორე დღესვე დავტოვე. ვთქვი, რომ ბიზნესში ვაპირებდი წასვლას. ერთი წელი კონსულტანტად გავატარე და შემდეგ ნამდვილი სამსახური ვიშოვე.

მითხარით თქვენი ძირითადი მიგნებები, მანამდე და მას შემდეგ, რაც სათანადოდ გამოიკვლიეთ და შეხვდით ბატონ იური შეფლერს, რომელიც Stoli Group-ის დამფუძნებელია და მისგან მიიღეთ შეთავაზება, გამხდარიყავით კომპანიის გლობალური CEO…

პირველი ის არის, რომ ეს კაცი ნამდვილი მეწარმეა. კარგად ვიცი ოთხმოცდაათიანი წლების ის თავზარდამცემი დღეები და ზუსტად ვხედავ, მაშინ რა ხდებოდა – ისევ სიკეთე და ბოროტება. რუსეთში შეფლერი გამოჩნდა ადამიანად, რომელსაც სურდა, გამხდარიყო მეწარმე. მას უყვარდა ჟანგბადისა და ადრენალინის ის ხარისხი, რომელიც დაკავშირებულია მეწარმეობასთან. მას ყოველთვის ასე მოვიხსენიებ – “სტოლის” სტივ ჯობსი, რადგან მას აქვს საოცარი ხედვა. ეს ძალიან ნათლად დადასტურდა პრაქტიკაშიც. გულწრფელი ვიქნები თქვენთან, მე მაწუხებდა პუტინის ფაქტორი. მე ყოველთვის მაწუხებდა პუტინი – მისი კა-გე-ბეს წარსულს შეშფოთების წყაროდ ყოველთვის აღვიქვამდი. მე მაწუხებდა კომპანიისა და შეფლერის რაიმე სახით ასოციაციაც კი პუტინთან. მართალია, სიღრმისეულად გამოვიკვლიე ეს ფიგურა და მისი ბიზნესიც, მაგრამ არაფერია ისეთი ზუსტი, როგორიც ადამიანების თვალებში ჩახედვა და მათი ამ გზით შემოწმება. როცა მე შეფლერს ვესაუბრე, ვაკვირდებოდი მისი “სხეულის ენას”, თუ პასუხობდა ის კითხვებს, ვაკვირდებოდი მის ტონსა და თვალებს. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო პიროვნება, რომელიც პუტინის ოპოზიციურ მხარეს იდგა. მე მას ხშირად ვეძახი წინააღმდეგობის მოძრაობის განუყოფელ ნაწილს და ასეცაა.

მე მესმის, რომ ვესაუბრები პროფესიონალ სამხედრო პირს, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია უკვე ბიზნესსაზოგადოებაშიც, მაგრამ ამავე დროს მსურს, გკითხოთ – არ იყო ძალიან სარისკო და სახიფათო გადაწყვეტილება, გამხდარიყავით გლობალური CEO მაშინ, როცა მსოფლიოს ასეთი მაღალი დონის გაურკვევლობის პერიოდი უდგას?

ყველაფერი მთავრდება. ჩემი მთავარი ფოკუსი იყო, შემიძლია თუ არა ამ კომპანიასთან მუშაობა, რასაც მე ვუწოდებ მძინარე მზეთუნახავს? შემიძლია ამ ინდივიდთან მუშაობა? შემიძლია თუ არა, ვიმუშაო ამ გუნდებთან და გადავაქციო ეს ყველაზე გასაოცარ კომპანიად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში? მოკლე პასუხი არის – დიახ, დანამდვილებით! ეჭვი არ მეპარებოდა, რადგან ვიცოდი, რომ პანდემიები წარსულშიც გვქონია და ისინი დამთავრებულა. ყველა კრიზისი მთავრდება. საკმარისად ვიყავი ბრძოლებსა და სამხედრო ოპერაციებში ჩართული იმისთვის, რომ ვიცოდე – ყველა კრიზისი მთავრდება. თუმცა მთავარია, გავანობიეროთ მომავლისთვის საჭირო წარმატების საფეხურები და ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ წარმატების მისაღწევად. სწორედ ამიტომ CEO-ს პოზიციაზე დანიშვნის პირველივე დღეს გავმართე გლობალური შეკრება, როგორც ჩანს, პირველად კომპანიის ბოლო წლების განმავლობაში. ყველა ერთად შეიკრიბა – მთელი კომპანია. ცხადია, ყველაფერი ვირტუალურად გაკეთდა. მე უბრალოდ ვთქვი, მე ვდებ ფსონს, რომ ხუთ წელიწადში ჩვენ ვიქნებით ყველაზე ძლიერები. ვგულისხმობ ძლიერი ბრენდისა და კულტურის მიმართულებას და მდგრადი ულტრაპრემიუმ-პორტფელის არსებობას ინდუსტრიაში 2025 წლისთვის. შეხვედრის მეორე ნაწილი კი იყო იმ ნაბიჯების განხილვა, რომელთა გადადგმაც აქამდე მისასვლელად დაგვჭირდება.

კიდევ ერთხელ მოვიყვან მაგალითად თქვენს ციტატას: “ვირტუალური დარბაზის გავლით ჩვენი დამფუძნებლების ოფისში გავემართე, მომზადებული გულწრფელი საუბრისთვის პუტინის წინააღმდეგ პოზიციების დაკავების მნიშვნელობაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ბრძოლა, რომლის მოგებაც მჭირდებოდა, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვიყავით. შემდეგი ნაბიჯი უკვე პოზიციებთან დაკავშირებით სიტყვის გავრცელება იყო“. რა გახსოვთ ამ საუბრიდან?

პირდაპირ გიპასუხებთ: 24 თებერვალს დილის 5:30 საათზე ავდექი, რადგან ჩრდილოეთ ამერიკის მხარეს ვცხოვრობ. სავარჯიშო დარბაზში წასასვლელად ჩავიცვი, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებ. ახალ ამბებს და პრესას გავეცანი. წავიკითხე, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მაშინვე გამოვიცვალე. დავურეკე ჩემს მეუღლეს და ვუთხარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. 18 თვის განმავლობაში მე ყველას ვეუბნებოდი, რომ ჩემი ხედვის ნაწილი მდგრადობაა. მდგრადობა არის გამჭვირვალობა, სიკეთის კეთება, ლიდერობის პერსპექტივიდან სიმაღლეზე დგომაა. ჩვენ არსებითად შევცვალეთ და ხელახლა გავუშვით Stoli და ვისაუბრეთ ხალხის მხარდაჭერაზე. ეს იყო მომენტი, სადაც ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით, PowerPoint-სლაიდიდან რეალობაში უნდა გადასულიყო. დავურეკე დამფუძნებელს და ვკითხე მისი პოზიციების შესახებ. მე მას დამფუძნებელს ვუწოდებ, რადგან ის ჩემი სტივ ჯობსია. ვიცოდი, რომ თუ მის ხმაში ყოყმანს შევნიშნავდი, თანამდებობას მაშინვე დავტოვებდი. კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებდი. აღმოჩნდა, რომ მას უფრო რადიკალური შეფასებები ჰქონდა პუტინთან და უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ვიდრე მე. ის გრძნობდა, რომ ეს ბოროტება იყო, ეს არასწორი იყო. და მე უბრალოდ მადლობა ვუთხარი. შემდეგ კი ჩემს დანარჩენ გუნდთან ერთად გლობალურ შეხვედრაზე შევედი და მათგანაც იგივე რეაქცია მივიღე.

2013 წელს დაარსებული Stoli Group-ი იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბრენდი. რა არის Stoli Group-ი დღეს?

„სტოლი ჯგუფი“ ელიტარულია და, ჩემი აზრით, საუკეთესო არაყია მსოფლიოში. ამის არამხოლოდ მე, ყველას სჯერა. “სტოლიმ” მოიგო 10 პლატინუმის ჯილდო მსოფლიოში საუკეთესო არყისთვის. ჩვენ ასევე გვაქვს “კენტუკი ნაუ” და ახლახან გავუშვით ბრენდი სახელად “ვაიზმენი”. ეს არის ცხელი სიახლე – დღეს გამოცხადდა, რომ სან-ფრანცისკოს მთავარ დაჯილდოებაზე ჩვენ მოვიგეთ ორი ოქროს მედალი Stoli-სთვის. ასე რომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი ბრენდის გასაოცარ ხარისხს.

ჩვენს დამფუძნებელს ამ საოცარი ბრენდების შექმნის მნიშვნელობაზე მივუთითე, რადგან ჩვენ ორი ოქრო მოვიგეთ ჩვენი ბურბონისთვისაც, “ვაიზმენისთვის”. ჩვენ მოვიგეთ ათი გლობალური პლატინუმის ჯილდო. ჩვენს დანარჩენ ბრენდებსაც, თითოეულ მათგანს აქვს მიღებული ჯილდოები. ასე რომ, ფაქტობრივად, ჩვენი არყიდან – ბურბონებამდე, ტეკილამდე, ჯინიდან – რომამდე… მთელი პორტფელი გვაქვს.

საუბარია 176 ბაზარზე და 200-ზე მეტ დისტრიბუტორზე მსოფლიოში. ვიცი, რომ “სტოლი” უზარმაზარ ბაზრებს ფარავს, და, ამავდროულად, საქართველოშიცაა წარმოდგენილი. რა არის საქართველო, როგორც ქვეყანა, “Stoli Group-ისთვის და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის?

ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გარკვეულწილად კომპანიის ფილოსოფიას ჰგავს. იცით, ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც ამბობს, “იოცნებეთ ფართოდ, ითამაშეთ კიდევ უფრო ფართოდ და მიაღწევთ მიუღწეველს”. ეს არის ჩვენი წამყვანი მოტივაცია, რომელიც ჩვენს საუბარშიც გამოჩნდა და თემად გასდევს ამ ინტერვიუს. თქვენ ბაზრის მოცულობა ახსენეთ – დიდი სულაც არ ნიშნავს სწორს ან საუკეთესოს. ვალიდურია კითხვაც, თუ რატომ საქართველო? საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. რატომ? იმიტომ რომ მომხმარებლებს ესმით. ქართველი მომხმარებელი გამჭრიახია და ესმის, თუ რა გემო აქვს საუკეთესო არაყს. ასევე, ეს არის ბაზარი, სადაც საოცარი დისტრიბუტორი გვყავს. ბრენდისა და ხარისხის მიღმა, მთავარი კითხვაა, გვაქვს თუ არა სწორი კულტურა არჩეული? გვყავს თუ არა სწორი დისტრიბუტორი და პარტნიორები, რომლებიც, ერთი მხრივ, იზიარებენ ჩვენს იდეებსა და ოცნებებს და მეორე მხრივ წარმოაჩენენ საჭირო უნარებს? საქართველოში ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს. წარმოიდგინეთ, იდეალური კომბინაციაა – შესანიშნავი დისტრიბუტორი და ჩვენი პარტნიორები ქართული კომპანია “გაგრა პლუსის” სახით, მომხმარებელი და გუნდი – ასე ვთქვათ, ერთგვარად იდეალური, სამოთხისეული კოქტეილია!

როგორ გრძნობს ბრენდი თავს ქართულ ბაზარზე? არის თუ არა რაიმე პრობლემური საკითხები ადგილობრივ ბიზნესკლიმატთან ან ბიზნესოპერაციებთან დაკავშირებით?

ძალიან კარგი კითხვაა. გულწრფელი ვიქნები. რატომ ვარ აქ? იმიტომ, რომ იმედგაცრუებული ვარ. Stoli, რომელიც ლეგიტიმურად შექმნილი ბრენდია, “პრაის ვოტერჰაუსკუპერსის” დასკვნაზე დაყრდნობით, 1997 წელს სავაჭრო ნიშნით, ღია წესით ბაზარზე იქნა ნაყიდი. გეტყვით, რომ 2000 წელს ლატვიაში თავშესაფრის ძებნა მოგვიწია, რადგან ცხადი იყო, რომ პუტინს არ მოსწონდა ჩვენი წარმატების იდეა. მას ალტერნატიული მიდგომა სურდა. მაშასადამე, მე არ მესმის, როგორ შეიძლება ლეგიტიმურად შეძენილ ბრენდს ლეგიტიმური სავაჭრო ნიშნით საქართველოში ეთქვას უარი ვაჭრობაზე რაღაც სამართლებრივი მიზეზის გამო. ჩვენი ვაჭრობა შეჩერებულია. მეორე, მე არ მესმის, როგორ უნდა შეაჩერო ბრენდი, რომელსაც მომხმარებელი გულწრფელად ითხოვს და რომელიც მოსწონს, რადგან ის არის საუკეთესო ხარისხის და დიახ, აქვს სპეციალური რეცეპტი. და მესამე, არ მესმის, როგორ უნდა შეაჩერო ბრენდი, რომელმაც აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს იმას, რისიც სწამს – რეალურად უკეთესი სამყაროს შექმნის. საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, არ მესმის, რატომ გვაჩერებენ. მე ჩამოვედი აქ იმისთვის, რათა თავად დავაკვირდე პროცესს, გავატარო დრო გუნდთან ერთად და დავამშვიდო ისინი. გულწრფელად დიდი მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს, რომ მომეცით შესაძლებლობა, ჩვენი პოზიცია გაგვეჟღერებინა – დაგვაბრუნეთ თაროებზე!

„იმედგაცრუებული ვარ. გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება, რომ ბრენდი Stoli, რომელიც 1997 წელს ლეგიტიმურად შეიქმნა და სავაჭრო ნიშნებიც ღია წესით PwC-ის საშუალებით ბაზარზე შეიძინა, საქართველოში სამართლებრივ წინააღმდეგობებს ხვდებოდეს და მას ვაჭრობის უფლება შეზღუდული ჰქონდეს“.

სწორად გავიგე? სასამართლო პროცესები და დავები ისევ გრძელდება?

დიახ, აქ, საქართველოში, გრძელდება. ახლა ჩვენ ვართ სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე. მოვიგეთ საქმე ზემდგომ სასამართლოში, მაგრამ ქვედა სასამართლოში კვლავ გვაყოვნებენ. არც ამ საქმის დეტალების განხილვის უფლება გვაქვს.

თქვენ ახსენეთ FKP, რომელსაც, ფაქტობრივად, რუსული სააგენტო უწოდეთ, რადგან 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაშია.

დიახ, სწორედ ასეა. აქ ვართ, როგორც საერთაშორისო, ლეგიტიმური სამეწარმეო ბიზნესი. გვინდა, ვიბრძოლოთ ჩვენი ლეგიტიმური უფლებით, რომელსაც აფერხებს რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო სააგენტო. მე ეს არ მესმის.

ეს მხოლოდ საქართველოში ხდება თუ გლობალური პრობლემაა?

2000 წლიდან, პუტინის მხრიდან საკითხი დგას შემდეგნაირად: ან შინაურულად აკეთებ საქმეს, ან გაძევებული ხარ. ხოლო იური შეფლერის შემთხვევაში განსხვავებულად არის: მან თქვა, მე ამ ყველაფრის გარეთ ვარ. მე არ ვაპირებ მონაწილეობას კორუფციაში და ასეთ კავშირებში. “სტოლის” დამფუძნებელმა ეს ყველაფერი ძალიან ადრე დაინახა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

და სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენ რუსეთის გარეთ ვართ. მოგვიხსენიებდნენ, როგორც წინააღმდეგობას. ჩვენ დიდი ხანია, რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით, შესაძლოა, აქამდე არ მოვხვედრილვართ ფართო საზოგადოების რადარზე, რადგან ამ კუთხით არავინ გვაქცევდა დიდ ყურადღებას. როცა 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩემთვის აშკარა იყო, რომ ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებოდით და საზოგადოებას ამ როლით გავეცნობოდით. გარკვეულწილად ეს ამბავი ეხება სასაქონლო ნიშნის გამოწვევებს წარსულში. ლოგიკურად, ჩვენ ხშირად გვიჩნდებოდა კითხვები ამასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ნათელია – ეს პოლიტიკაა.

ჩვენი საუბრის ამ ნაწილის დასკვნის სახით, „სტოლი ჯგუფი“ საქართველოში და მთელ მსოფლიოში ძირითად სისტემებში სასამართლო დავებს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთის სახელმწიფოსთან. მართალი ვარ?

ეს სიმართლეა.

და ეს იურიდიულად გამართული განცხადებაა?

სწორია. ეს არის იურიდიულად სწორი. ეს ყოველივე ხდება FKP-ის მეშვეობით, მაგრამ იურიდიულად ასეა: ჩვენ – რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.

გილოცავთ სან-ფრანცისკოს შედეგებს, მორიგ ჯილდოს და აღიარებას. მომიყევით თქვენი, როგორც CEO-ს გეგმების შესახებ. აღმასრულებელი დირექტორის გეგმების, რომელიც უკვე შეეგუა პანდემიისა და ომის მდგომარეობას. მე ვიცი, რას გეგმავთ 2025 წლისთვის. თქვენ დაადასტურეთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ ძალაშია. შეგიძლიათ უფრო დაკონკრეტდეთ თქვენს გეგმებზე?

ნომერი პირველი: ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ 2025-ის გეგმას. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩემი ფინანსური დირექტორი ახლა ხშირად მეუბნება – ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შედეგები გავაორმაგოთო. თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ. მეორე არის ის, რომ ჩვენი მიზანი ბევრად უფრო დიდი ორგანიზაციის აშენებაა. უკრაინის ამ საომარმა პერიოდმა, იმედი მაქვს, ყველას მისცა საშუალება, დაფიქრდნენ ცხოვრებასა და პლანეტაზე. მე მჯერა, რომ ყოველთვის იყო დაძაბულობა ბიზნესსა და, ასე ვთქვათ, “სწორი, კეთილი” საქმის კეთებას შორის. ყოველთვის იყო ეს დაძაბულობა და უამრავი შემთხვევა, როცა ბიზნესის მხრიდან ბევრი რამ არასწორად წავიდა. ფუნდამენტურად, ბიზნესი ფულის გამომუშავებაა, მოგება არის ჟანგბადი. და ამიტომ, თუ არის კომპრომისი, რომელზეც ბიზნესი უნდა წავიდეს, მაშინ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მთელი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მთელი მრავალფეროვნება, ყველა შესანიშნავი გეგმა მდგრადობის შესახებ ნაგავშია გადასაყრელი – რადგან კრიზისია, რთული დროა! ჩემი მიზანი, ჩვენი მიზანი “სტოლიში” არის, მიმღებლები ვიყოთ იმ დაძაბულობის მიმართ, რომელიც ჩვენთან დაკავშირებით სამართლიანად არსებობს. და მე მჯერა ამის. ამიტომ, ამ კრიზისიდან გამოსვლისას, მჯერა, რომ მომხმარებელი და სხვები არსებითად შეიცვლიან პოზიციებს და სხვანაირად შეგვაფასებენ. ინტერნეტი ამ შეფასებების წაკითხვის საშუალებას იძლევა. იქნება კითხვები – მოიქცა თუ არა ეს კომპანია სწორად კრიზისის მომენტში, როდესაც ასე მარტივად შეეძლო ეთქვა “ეს ძალიან რთულია და ჩვენ უკან დავიხიეთ?” ვისურვებდი, რომ შეგვაფასონ და თქვან: “არა, ეს კომპანია ადგა, და ხმამაღლა თქვა: არ მოგვერიდება სწორი საქმის გაკეთება და, სხვათა შორის, მაინც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად დავრჩებით“.

 

მთავარი ფოტო:  Jaryd Niles-Morris