ფოტო: Dilara Irem Sancar / Anadolu via Getty Images
სტრიმინგსერვისების პლატფორმა Spotify-მ გასულ წელს ლეიბლებსა და არტისტებს კომპანიისა და ინდუსტრიისთვის რეკორდული თანხა, $11 მილიარდი გადაუხადა. შედეგად, პლატფორმის გაშვების დღიდან Spotify-ის მიერ მუსიკალური ინდუსტრიისთვის გადახდილმა ჯამურმა თანხამ $70 მილიარდს მიაღწია.
Spotify-ის ცნობით, 2024 წელთან შედარებით გადახდები 10%-ითაა გაზრდილი, რაც სხვა მუსიკალური სერვისების მიერ დაფიქსირებულ დაახლოებით 4%-იან მატებას აღემატება. 2025 წლის გადახდებიდან დამოუკიდებელი არტისტებისა და ლეიბლების წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. სტრიმინგპლატფორმის განცხადებით, ზოგიერთი არტისტი ამჟამად მხოლოდ Spotify-დან ყოველწლიურად $100,000-ზე მეტს გამოიმუშავებს.
შედარებისთვის, YouTube Music-მა 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისამდე პერიოდში მუსიკალურ ინდუსტრიას $8 მილიარდზე მეტი გადაუხადა.
Spotify-ს ყოველთვიურად 713 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Spotify-ის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელის, ჩარლი ჰელმანის განცხადებით, მომხმარებელთა გამოწერებიდან შემოსული თანხის დაახლოებით 70% მუსიკალურ კომპანიებსა და არტისტებზე ნაწილდება, შემოსავლების მატებასთან ერთად კი გადახდების მოცულობაც გაიზარდა.
ცნობისთვის, Spotify-ზე გამომუშავებულ თანხას არტისტები და სიმღერების ავტორები კონტენტზე საავტორო უფლებების მქონე კომპანიების გავლით იღებენ, რომლებიც თანხას ინდივიდუალური კონტრაქტების შესაბამისად ანაწილებენ.
ჰონორარი გენერირდება ყოველთვის, როდესაც კონკრეტულ სიმღერას პრემიუმ-გამოწერის მქონე მომხმარებელი ან ის პირი უსმენს, რომელიც რეკლამების განთავსებაზე თანხმობას აცხადებს. ამის მიუხედავად, მიღებული თანხა ნაწილდება არა თითო სტრიმინგზე ფიქსირებული ტარიფით, არამედ თვის განმავლობაში სტრიმინგების მთლიანი რაოდენობის პროპორციულად.












