რუსეთსა და უკრაინას შორის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების კუთხით პროგრესის აშკარა ნიშნები ჯერ არ გამოკვეთილა.
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს თურქეთის ქალაქ სტამბოლში შეხვდნენ. ეს 2022 წლის მარტის შემდეგ მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო — და წინა შეხვედრის მსგავსად, უშედეგოდ დასრულდა.
როგორც Reuters-ი წერს, უკრაინული წყაროს ცნობით, რუსეთის მოთხოვნები „რეალობას იყო მოწყვეტილი“ და მანამდე განხილულ საკითხებს სცილდებოდა. Axios-ის ინფორმაციით კი, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა. რუსული მხარის მიერ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეფასებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
დღეს გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი რამდენიმე ფაქტორმა გააქარწყლა. მასში მონაწილეობა არც რუსეთის და არც უკრაინის პრეზიდენტებს არ მიუღიათ. პუტინმა ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა, უკრაინის ლიდერი კი დელეგაციების შეხვედრას სწორედ ამ მიზეზით არ დასწრებია, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ თურქეთში ჩავიდა და ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
დელეგაციებს შორის შეხვედრის უშედეგოდა დასრულება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც იწინასწარმეტყველა. მან ახლო აღმოსავლეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნება მანამ, სანამ მასა და პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა არ გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ პუტინი თურქეთში არ ჩავიდა, რადგან მან ეს არ გააკეთა: „მე ვთქვი, თუ არ წავალ, გარანტიას გაძლევთ, რომ არც პუტინი წავა და ის არ წავიდა… მე მესმის ეს“.
დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, პუტინს რაც შეიძლება მალე შეხვდეს. „ვფიქრობ, დროა, უბრალოდ ეს გავაკეთოთ“, – თქვა ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმების შესახებ და დასძინა, რომ ომის გამო „ყოველ კვირას“ საშუალოდ ხუთი ათასი ადამიანი იღუპება.