სტარმერი: ბრიტანეთი აბრამოვიჩის გაყინულ €2.8 მილიარდს უკრაინის ფონდში გადარიცხავს

სტარმერი: ბრიტანეთი აბრამოვიჩის გაყინულ €2.8 მილიარდს უკრაინის ფონდში გადარიცხავს

გაერთიანებულმა სამეფომ რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული 2.8 მილიარდი ევროს უკრაინის ფონდში ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადარიცხვის ლიცენზია გასცა. პრემიერ კირ სტარმერის განცხადებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში რუს ოლიგარქს სამართლებრივი დევნა ემუქრება.

„დრო იწურება. რომან აბრამოვიჩმა უნდა შეასრულოს ვალდებულება, რომელიც მან „ჩელსის“ გაყიდვის დროს აიღო და 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (2.8 მილიარდი ევრო) უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის გადარიცხოს. მთავრობა მზადაა, მიმართოს სამართლებრივ გზებს, რათა თითოეული პენი მივიდეს მათთან, ვისი ცხოვრებაც პუტინის უკანონო ომით განადგურდა“, – განაცხადა სტარმერმა.

გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული ლიცენზიით, მიღებული შემოსავალი ჰუმანიტარული მიზნებისკენ უნდა იყოს მიმართული, თუმცა მომავალში მოგება შესაძლოა სხვა გეგმებითაც დაიხარჯოს, მათ შორის გლობალური მასშტაბის კონფლიქტის მსხვერპლთა დასახმარებლად. თუმცა აღნიშნული თანხები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას აბრამოვიჩის ან სანქციების ქვეშ მყოფი სხვა პირების სასარგებლოდ.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო, გაერთიანებულმა სამეფომ აბრამოვიჩს სანქციები 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესა. რუსმა ოლიგარქმა „პრემიერ ლიგის“ საფეხბურთო კლუბი დაჩქარებული წესით გაყიდა, თუმცა მას შემდეგ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, რაც თანხის უკრაინისთვის გადარიცხვას გულისხმობს, უარს აცხადებს.