სტომატოლოგია, როგორც ხელოვნება

სტომატოლოგია, როგორც ხელოვნება
„გოდერძი ნაკაშიძეს ჯერ კიდევ მეცხრე კლასში, კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში სტაჟირებისას გაუჩნდა სურვილი, კბილის კონსტრუქციებზე ემუშავა. ასე ჩაეყარა საფუძველო „როგოს“ – 300 დოლარის საწყისი კაპიტალით, 4 კვადრატული მეტრის ფართობის პირადი სტომატოლოგიური კაბინეტითა და, რაც მთავარია, სურვილით, საქართველოში შექმნილიყო სტომატოლოგიური შედევრები. მას ეს გამოუვიდა.“

ბათუმში სტომატოლოგიური ცენტრ „როგოს“ დამფუძნებელი ხართ. ცენტრის გახსნის იდეა, როგორც ვიცი, 13 წლის წინ გაგიჩნდათ. რა ეტაპები გაიარეთ იმისთვის, რომ მაღალი სტანდარტების სტომატოლოგიური დენტალ­-­ცენტრი შეგექმნათ?

ჩემი, როგორც სტომატოლოგის კარიერა, გაცილებით ადრე დაიწყო. თავდაპირველად საქმიანობა ვიწრო მიმართულებით დავიწყე, იმ საქმით, რისი გამოცდილებაც და განათლებაც მქონდა – ეს იყო სატექნიკო ლაბორატორია და მასთან დაკავშირებული საქმიანობა. დროთა განმავლობაში ჩემს ლაბორატორიაზე მოთხოვნა იზრდებოდა, საზოგადოებამ გაგვიცნო და ნდობა გაუჩნდა. ხალხმა ნახა, რომ იმ სერვისებს, რომელთა მისაღებად თურქეთში წასვლა სჭირდებოდათ, ჩვენც ვთავაზობდით და თან მაღალ დონეზე. ამით შემოსავალიც გაიზარდა და დავიწყე კომპანიის გაფართოება, უფრო დავხვეწე ლაბორატორია და ასევე დიდი რესურსი ჩავდე ჩემს განათლებაში. ლაბორატორიული სამუშაოები მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ღამე მემუშავა და დღე სწავლისთვის დამეთმო. ლაბორატორიის შემდეგ დავამატეთ კლინიკური მიმართულებაც, ორი სტომატოლოგიური მანქანით დავიწყეთ მე და ჩემმა ძმამ. ერთი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პაციენტების რიგები მდგარიყო ჩვენს კლინიკასთან. ფაქტობრივად, ვერ ავუდიოდით მოთხოვნას, ამიტომ სტომატოლოგიური მანქანები დავამატეთ. სერვისის გაუმჯობესებასა და განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი ჩემმა ვიზიტებმა საზღვარგარეთ, ძალიან საინტერესო და წარმატებულ სტომატოლოგიურ ცენტრებში, საიდანაც ვცდილობდი, საუკეთესო პრაქტიკა წამომეღო და შემდეგ აქ, ჩვენს კლინიკაში დამენერგა. აღნიშნულ პროექტს რაც შეეხება, მასზე მუშაობა 2010 წლიდან დავიწყე, 2015 წელს პროექტის სრული კონცეფცია მზად მქონდა და მშენებლობას შევუდექით. 2019 წელს მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა – ახალ, უფრო დიდ შენობაში გადმოვიდა ორგანიზაცია, სახელწოდებაც შევიცვალეთ და ცენტრს „როგო“ დაერქვა. ისევ ჩემს კარიერას რომ მივუბრუნდეთ, პირველი ნაბიჯები რომ გადავდგი, ჯერ კიდევ მეცხრე კლასში ვიყავი: კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში სტაჟირებას გავდიოდი, სურვილი გამიჩნდა, რომ ამ პროფესიას გავყოლოდი და ასეც მოვიქეცი, კბილის სატექნიკო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ის, რომ ბათუმი სასაზღვრო ზონაა თურქეთთან, თურქი სტომატოლოგების საქმიან მიმოსვლას განაპირობებდა ჩვენს ქალაქში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში იმხანად სტომატოლოგიის სფერო განვითარებული იმდენად არ იყო, როგორც თურქეთში, ჩვენი მოქალაქეები უმეტესწილად იქ გადადიოდნენ სამკურნალოდ. კბილის კონსტრუქციებზე თუ ვისაუბრებთ, ეს სამუშაოები ძირითადად თურქეთში სრულდებოდა. ეს იყო უმაღლესი კლასით შესრულებული სამუშაო, სილამაზის თუ ტექნიკური თვალსაზრისით.

როდის დაიწყეთ სტომატოლოგიის მიმართულებით პროფესიული განვითარება და რა იყო პირველი ნაბიჯი, რაც ამ სფეროში გადადგით?

პატარაობიდანვე დავინტერესდი, სად მზადდებოდა ასეთი მაღალი ხარისხით შესრულებული კბილები, ასევე ადამიანები აკეთებდნენ მას თუ აპარატი ამზადებდა. ერთი წელი დამჭირდა, რომ თურქეთის ასეთ ლაბორატორიაში მოვხვედრილიყავი. გავოცდი, როცა ვნახე, რომ ასეთ სტომატოლოგიურ შედევრებს ადამიანები ხელით ქმნიდნენ და არანაირი აპარატი არ სჭირდებოდათ. დავფიქრდი, რატომ არ შეიძლებოდა, ეს საქართველოშიც გაკეთებულიყო. ამისთვის მხოლოდ მეტი შრომა და მონდომება იყო საჭირო. პირველი სტომატოლოგიური კაბინეტი ჩემი ხელით აწყობილი აპარატურით იყო აღჭურვილი. კაბინეტის გახსნის პარალელურად ვმუშაობდი ურთიერთობების გაღრმავებაზე თურქ კოლეგებთან. პირველი სტაჟირება თურქეთში გავიარე, შემდეგ ვცადე კბილის ისეთი კონსტრუქციის აგება, რაც იმ დროისთვის საქართველოში სიახლე იყო. გაამართლა და ჩემს ძმასთან ერთად დავიწყე შემართებით მუშაობა.

რა იყო თქვენი საწყისი კაპიტალი?

მე და ჩემი ძმა მაღალმთიან აჭარაში ვართ დაბადებული, მამა პედაგოგი გვყავდა. მოგეხსენებათ, პედაგოგების ანაზღაურება, განსაკუთრებით 20 წლის წინ, რა მიზერული იყო. დღევანდელ ჩვენს წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას მყარი მატერიალური საფუძველი ცალსახად არ ედო. ინტელექტუალური რესურსით და თავდაუზოგავი შრომით მოვედით აქამდე და შევქმენით დენტალ-ცენტრი. ზაფხულის განმავლობაში სხვები რომ ისვენებდნენ, მე და მირზა ვმუშაობდით, სასოფლო-სამეურნეო საქმეს ვაკეთებდით, რომ თანხა გამოგვემუშავებინა და ჩვენს განათლებაში ჩაგვედო. საწყისი კაპიტალი პირადი საქმიანობის დაწყებისთვის იყო 300 დოლარი, მაშინდელი კურსით 420 ლარი გამოდიოდა. მეორადი ხელსაწყოები შევიძინე, ახლაც შენახული მაქვს. ბევრი წლის განმავლობაში სულ რეინვესტირებას ვახორციელებდით, მოგებას ისევ კომპანიის და ჩვენს პროფესიულ განვითარებაში ვაბრუნებდით. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2003-2004 წელს, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს საქმიანობაში ბანკმა, რომლის მიერ გაცემული კრედიტითაც შევძელით საქმიანობის დახვეწა. 3000 ლარი იყო და, როგორც მახსოვს, პირველი სერიოზული დანადგარი ამ თანხით შევიძინეთ. მას შემდეგ პრინციპში ბანკის მხარდაჭერით მოვედით და ცენტრი განვავითარეთ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ფინანსური რესურსების მოზიდვა გაცილებით ადვილია, ვიდრე წლების წინ.

სახელწოდებაზეც გკითხავთ. რატომ „როგო“?

ჩვენი სტომატოლოგიური კაბინეტის სულ პირველი სახელი იყო „ინდმეწარმე მირზა ნაკაშიძე“. შემდგომ, როცა კლინიკა გავხსენით და გავფართოვდით, თანამშრომლების რეკომენდაციით „პრაიმ დენტი“ დავარქვით, ხოლო 2019 წელს მოხდა სრული რებრენდინგი და ჩვენმა ცენტრმა „როგოს“ სახელწოდებით გააგრძელა ფუნქციონირება. სხვათა შორის, ამ სახელს თავისი პატარა ისტორია და მიზეზი აქვს. იდეა მამაჩემს დაებადა. როგო ფუტკრების ხელნაკეთ სახლს ეწოდება და რადგან ჩვენც მრავალი წელი ფუტკრებივით ვშრომობდით და ფუტკრების პრინციპებთან ჩვენი მუშაობის პრინციპები ძალიან ახლოს იყო, მოგვეწონა იდეა და დავარქვით ეს სახელი. გარდა ამისა, პარალელი გავავლეთ ფუტკრების დისციპლინასთან, რაც ჩვენთვისაც ამოსავალი წერტილი იყო და მუდამ დიდ ყურადღებას ვაქცევდით და ვაქცევთ ამას.

ძმასთან ერთად საქმიანობთ, ანუ შეიძლება ითქვას, „როგო“ საოჯახო ბიზნესია. ერთობლივად მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ერთად გინდოდათ ამ საქმის კეთება? რას ნიშნავს, როცა ძმა – პარტნიორია?

ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ჩემმა ძმამ პოლიციის აკადემია დაამთავრა, თუმცა რამდენიმეჯერ ჩემზე დაკვირვების შემდეგ სცადა, გარკვეული მანიპულაცია ჩაეტარებინა და სხვათა შორის წარმატებით გამოუვიდა. გაფუჭებული ნამუშევრები იყო და აღდგენა სცადა, თავადაც გაოცებული დარჩა, ისევე – როგორც მე, იმდენად კარგად გამოუვიდა და, ფაქტობრივად, ამ დღის შემდეგ მირზამაც შემოდგა ფეხი ამ სფეროში. ჩემი აქტიური შთაგონების შედეგიც იყო ის, რომ მან სტომატოლოგიაში გადმოინაცვლა. მიიღო პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება და ერთად დავიწყეთ ამ საქმის კეთება. იმ ეტაპზეც კი, როცა პატარა კაბინეტი გვქონდა, ის, რომ ჩემი ძმა მედგა გვერდში, ძალიან დიდი სტიმული იყო. დროის თვალსაზრისითაც მოგებიანი და ეფექტიანი გამოდგა ეს პარტნიორობა, ბიზნესი უყურადღებოდ არ რჩებოდა, მე თუ ტრენინგებზე ვიყავი, ის რჩებოდა და ასრულებდა საქმეს.

„როგოს“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მომსახურება, რასაც ცენტრი პაციენტებს სთავაზობს, კომპლექსურია. რა იგულისხმება კომპლექსურობაში?

სერვისების კომპლექსურობაში არ იგულისხმება ის, რომ ცენტრში სამედიცინო დარგები გვაქვს განვითარებული. კომპლექსურობაში იგულისხმება სამედიცინო პროცესების მართვის სპეციფიკა და მრავალფეროვნება. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, განსაკუთრებით სტომატოლოგიური მიმართულებით, თუკი გეგმური ვიზიტია, მათი მოთხოვნა იგზავნება ჩვენს საკონსულტაციო ჯგუფთან და ისინი შეიმუშავებენ ამ პაციენტის მკურნალობის გეგმას. შემდგომი პროცესები ამ გეგმის მიხედვით ხორციელდება. ზოგადად საღეჭი აპარატი არ არის ცალკეული ერთი ან ორი კბილი, ეს არის 28 კბილის ერთობლიობა და მათ ირგვლივ განლაგებული ძვლოვანი თუ რბილი ქსოვილები, რის მკურნალობასაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ამიტომაა, რომ ჩვენს კლინიკაში არ ვაღიარებთ პაციენტის მოთხოვნას „ეს მინდა გამიკეთოთ და მორჩა“, ჩვენ, როგორც სპეციალისტები, ვადგენთ, თუ რა სჭირდება მას და რა ტიპის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს. თუკი ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა, ამ შემთხვევაში ვიწყებთ მის მკურნალობას.

რა არის ის, რაც „როგოს“ სხვა ცენტრებისგან გამოარჩევს და რა აქციეთ თქვენს კონკურენტულ უპირატესობად?

ძალიან არ მიყვარს სიტყვა კონკურენცია და ვთვლი, რომ ადამიანის ჯანმრთელობით ვაჭრობა დაუშვებელია. თუკი ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მაძლევს საბაბს, ვიყო დარწმუნებული ამ სისტემის სისწორესა და წარმატებაში, გეტყვით, რომ ეს არის მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს პაციენტებთან, მათი შენიშვნების მოსმენა და გათვალისწინება და მათ სურვილებზე მორგებული სერვისის უზრუნველყოფა. ცენტრის გახსნის დღიდან ჩვენ გვაქვს შენიშვნების ყუთი, რომლის მეშვეობითაც პაციენტები თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ, ეს ყოველივე ისევ და ისევ მათი კომფორტის საწინდარია. მინუსების გამოსწორებაზე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიონალურად ყოველდღიურად ვზრუნავ. მიმაჩნია, რომ პირობები, რომელთაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია. თუნდაც სამედიცინო ტურიზმის კუთხით თუ ვისაუბრებთ, სპეციალური ჯგუფი მუშაობს ორგანიზაციის შიგნით ამ მიმართულების გამართულად ფუნქციონირებისთვის, მთლიანი ჯაჭვი აწყობილია, მომსახურება იწყება აეროპორტიდან, ცენტრის ბაზაზე მათთვის საცხოვრებელი ფუნქციონირებს, რომელიც, დამერწმუნეთ, ჩემი პირადი სახლისგან არაფრით განსხვავდება და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს აქ ჩამოსული პაციენტებისთვის. უპირატესობაა სისწრაფეც, რადგან დრო სამედიცინო ტურიზმში ძალიან ძვირად ფასობს და მნიშვნელოვანი ასპექტია. დანადგარებისა და ინსტრუმენტების ხარისხი ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი გამოკვეთილი უპირატესობაა – მათ ჩვენ პერმანენტულად ვამოწმებთ და ვაახლებთ. ეს პირადად ჩემი ვალდებულებაა ორგანიზაციაში, რომ ფინანსური მოგების მიზნით არ მოხდეს ახალი ინსტრუმენტების ჩანაცვლება თუნდაც მეორადი, უფრო დაბალხარისხიანი ინსტრუმენტებით.

რა ფინანსური რესურსი ხმარდება ყოველწლიურად ცენტრის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით მომარაგებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას?

კომპანიის მოგების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ და ისევ ტექნოლოგიურ გადაიარაღებასა და დახვეწას ხმარდება. მე და ჩემი ძმა, როგორც დამფუძნებლები, სხვა თანამშრომლების მსგავსად ვიღებთ ყოველთვიურ ხელფასს და რაიმე განსაკუთრებული ფინანსური პრივილეგიებით არ ვსარგებლობთ. შემოსავლების ნაწილი ბანკის კრედიტს, ნაწილი კადრების სწავლა-განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო დარჩენილი ნაწილი სრულად ტექნოლოგიურ დახვეწას ხმარდება. სანამ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობებით შევძლებ, რომ ვიყო კლინიცისტი, მუდამ განვითარებაზე ვიფიქრებ. სხვანაირად წარმოუდგენელია. დღეს ამ ცენტრის და ჩემ უკან 110 ახალგაზრდა დგას, რომელთაც თავიანთი პროფესიული მომავალი სწორედ აქ, ცენტრთან ერთად წარმოუდგენია. რომ შევაჯამო თქვენს კითხვაზე პასუხი, გეტყვით, რომ თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამოვრჩებით და მაქსიმალურად ვზრუნავთ ცენტრის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე.

ახლა, როცა თითქმის 20-წლიანი გამოცდილება გაქვთ და ბევრი საინტერესო ეტაპი გაიარეთ, ყველაზე დიდ გამოწვევად რას მიიჩნევთ ამ სფეროში?

ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ფინანსების მოძიება იყო, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი ნულიდან გვქონდა დასაწყები, ფინანსური კაპიტალი არ გაგვაჩნდა. გამოწვევა იყო სპეციალისტების მოძიებაც, რადგან ჩვენ კომპლექსური მიდგომა გვაქვს კადრების შერჩევისას. ისინი როგორც პროფესიური კუთხით, ისე პიროვნულად უნდა აკმაყოფილებდნენ ჩვენს სტანდარტებს, შრომის დისციპლინა უნდა ჰქონდეთ უმაღლეს დონეზე. ეს ცალსახად გამოწვევა იყო. არ იყო მარტივი ეს გზა თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა მაინც მოვახერხე, რომ შემედგინა ისეთი პროექტი, რომელიც უკეთეს დონეზე აიყვანდა ამ დარგს საქართველოში. შევიძინე 6000 კვადრატული მიწა და დავიწყე პროექტის განხორციელება. ეს, უდავოდ, რისკი იყო, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ გაამართლა და ორგანიზაციამ ღირსეულად გაუძლო თუნდაც ისეთ მძიმე პერიოდს, როგორიც იყო პანდემია, როცა ფაქტობრივად უმოქმედო კომპანია სრულებით ფარავდა თავის ფინანსურ ვალდებულებებს დასაქმებულებთან მიმართებით. ეს მე ძალიან მეამაყება და მიხარია.

რა არის ის სიახლეები და გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ახლო მომავალში აპირებთ?

მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმაა, რომ პლასტიკური ქირურგიის ბლოკი გავხსნათ ცენტრში, რაც სახის სხვა დეფექტების ქირურგიულად გამოსწორების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს დიდი ხანია, გეგმაში გვაქვს და ახლა უკვე ლიცენზირების ეტაპზე ვართ, რაც, ვფიქრობ, მალე დასრულდება. ამ ბლოკის დამატება შესაძლებლობას მოგვცემს, ზოგადი გაუტკივარებით ვიმუშაოთ პაციენტებთან, რაც ცალსახად ბევრ შიშს მოუხსნის ისევ და ისევ ამ პაციენტებს და მოგვცემს საშუალებას, უფრო ხარისხიანად და ეფექტიანად შევასრულოთ სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სამომავლო გეგმაა ასევე განათლების კუთხით განვითარება ჩვენი ცენტრის ბაზაზე. მომავალი თაობა, რომელიც ჩვენთან საქმიანობს, აუცილებლად იმსახურებს უკეთეს შესაძლებლობებს განათლების დონის ასამაღლებლად. ტექნიკურად ამ ბაზის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პრინციპში ზოგადი მონახაზი უკვე გვაქვს. კლინიცისტი ექიმებით უკვე დაკომპლექტებულია ეს მიმართულება. არ მინდა, რომ ის რთული გზა, რაც გავიარე პროფესიული კუთხით, ჩვენმა ახალგაზრდა თაობამაც გაიაროს.