სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, 2008 წლის ომის გამო, საქართველოსთვის €130 მილიონის გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, 2008 წლის ომის გამო, საქართველოსთვის €130 მილიონის გადახდა დააკისრა

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, 2008 წლის ომის გამო, საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 130 მილიონ ევრომდე თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება სასამართლოს დიდი პალატის მიერ იქნა მიღებული.

კონკრეტულად კი, რუსეთს სულ მცირე 50 ადამიანის მკვლელობისთვის სამი თვის ვადაში 3.25 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. მას ასევე დაევალა 2 697 500 ევროს ოდენობის თანხის გადახდა არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, მშვიდობიანი მოქალაქეების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და თვითნებური დაკავების გამო, რისი მსხვერპლიც სულ მცირე 166 ადამიანი გახდა.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციას ქართველი სამხედრო ტყვეების წამების გამო (სულ მცირე 16 ადამიანი) 640 ათასი ევროს კომპენსაცია დაეკისრა; ასევე, 115 მილიონი ევროს კომპენსაცია საქართველოს 23 ათასი მოქალაქისთვის, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნება ვერ შეძლეს.

ბრალდებული მხარის მთავრობის შეუსრულებელი ვალდებულების გამო, ომის აქტიურ ფაზაში დაღუპული სამოქალაქო პირების საქმეების ადეკვატურად გამოუძიებლობისთვის, რუსეთს 412 მსხვერპლისთვის 8.24 მილიონი ევროს გადახდა დაევალა.

საერთო ჯამში, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაკისრებული კომპენსაცია 129.8 მილიონ ევროს უტოლდება.