ავტორი: გიორგი ტაბატაძე – გრანთ თორნთონის ბიზნესკონსულტანტი
გიფიქრია, რამდენად სწორად გამოიყენება შენი კომპანიის ფინანსური ინფორმაცია სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში?
მონაცემები, ერთი შეხედვით ხელმისაწვდომია, თუმცა მათი ინტერპრეტაცია ხშირად რჩება ზედაპირულ დონეზე. ციფრები ბევრს გვიჩვენებს, მაგრამ სწორი ანალიზი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვიცით, როგორ ვმართოთ ეს მონაცემები და როგორ ვაქციოთ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებად. რადგან მონაცემების სწორად წაკითხვა და გამოყენება ბიზნესისთვის გადამწყვეტია, სულ უფრო იზრდება საჭიროება სპეციალისტებზე, რომლებიც კომპანიებს ამ ნაბიჯების ეფექტიანად განხორციელებაში ეხმარებიან.
ფინანსური მონაცემების სწორად გამოყენება შესაძლებელს ხდის კომპანიის არა მხოლოდ ფინანსური შედეგებისა და მდგომარეობის შეფასებას, არამედ მომავლის პროგნოზირებასაც.
Harvard Business Review-ის კვლევით, მხოლოდ 40.8% კომპანიას შეუძლია მონაცემების გამოყენება რეალური კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად. უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ 75%-ს საერთოდ არ აქვს ჩამოყალიბებული კულტურა, რომელიც ანალიტიკურ მუშაობას ხელს შეუწყობდა. ანუ კომპანიების უმეტესობა ან არ იყენებს მონაცემებს სწორად, ან არც კი ქმნის პირობებს, რომ ეს შესაძლებელი გახდეს.
ფინანსური მონაცემების სწორად გაანალიზება მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის — ეს მოითხოვს კონკრეტულ ცოდნას, გამოცდილებასა და ინდუსტრიულ კონტექსტში ორიენტაციის უნარს. ამისათვის, კომპანიას შესაძლოა ჰყავდეს კვალიფიციური ფინანსური დირექტორი – CFO (Chief Financial Officer), რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია ფინანსურ მენეჯმენტში. კვალიფიციური CFO წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას ორგანიზაციაში, რომელსაც შეუძლია ფინანსური მონაცემების არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სტრატეგიული კუთხით შეფასება. ძლიერი CFO ხედავს მეტს, ვიდრე ბიუჯეტური ცხრილებია — მას შეუძლია რისკების იდენტიფიცირება, შესაძლებლობების აღქმა და ხელმძღვანელობისთვის ინფორმირებული რეკომენდაციების შეთავაზება ბიზნესის თითოეულ ეტაპზე.
თუმცა, ხშირად კომპანიებს არ ჰყოფნით შიდა რესურსები იმისთვის, რომ ფინანსური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარონ. შესაძლოა, კომპანიას ჰყავდეს კვალიფიციური CFO ან ფინანსური გუნდი, მაგრამ შიდა სტრუქტურები, ინტერესთა გადაკვეთა ან კულტურული ჩარჩოები ხშირად ზღუდავს სრულ ობიექტურობას. გარე ექსპერტი, რომელსაც არ გააჩნია პირადი ან შიდა მიზნების გავლენა, ხშირად უკეთ ხედავს იმ რისკებს ან შესაძლებლობებს, რომლებიც კომპანიის შიგნიდან, ყოველდღიური დინამიკის ფონზე, ნაკლებად შესამჩნევია.
შიდა ინტერესების გავლენისა და სუბიექტურობის კარგი მაგალითია, 2024 წელს, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ გამოქვეყნებული ინციდენტი. კერძოდ, Synchronoss Technologies-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კარენ როზენბერგერის მიერ ფინანსური ანგარიშგების მანიპულირების შესახებ. მან, პირადი მიზნებისთვის, კომპანიის შემოსავალი წარმოადგინა ბევრად მეტი მაჩვენებლით და ასევე, მონაწილეობა მიიღო ხუთი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის არასწორად წარდგენაში. ამასთანავე, როზენბერგერმა თავისი ქმედებების დაფარვის მიზნით, აუდიტორებს წარუდგინა გაყალბებული დოკუმენტაცია.
ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ CFO, მიუხედავად თავისი პოზიციისა, შეიძლება იყოს პირადი ინტერესების გავლენის ქვეშ და მოახდინოს ფინანსური მონაცემებით მანიპულირება, რასაც მენეჯმენტი შეცდომაში შეჰყავს.
გარე ექსპერტები არა მხოლოდ ფინანსური მონაცემების დამუშავების მეთოდებსა და მექანიზმებს სთავაზობენ ბიზნესს, არამედ ინარჩუნებენ აუცილებელ ობიექტურობას, რომელიც კომპანიის შიდა პოლიტიკით არ არის შეზღუდული. სწორედ ეს მიუკერძოებელი პერსპექტივა ხდის მათ ანალიტიკურ წვლილს განსაკუთრებით ღირებულსა და სანდოს. აქედან გამომდინარე, გარე ექსპერტი გადამწყვეტ როლს თამაშობს კომპანიის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.
რა მხრივ შეუძლია დაეხმაროს ფინანსური მონაცემები კომპანიას წარმატების მიღწევაში?
ფინანსური მონაცემების ანალიზი კომპანიას საშუალებას აძლევს ზუსტად განსაზღვროს, რომელი პროდუქტები ან სერვისები ქმნის ყველაზე დიდ მოგებას, სად ხდება რესურსების არაეფექტიანი გამოყენება და როგორ შეიძლება ხარჯების ოპტიმიზაცია მომავალ ზრდაზე ორიენტირებისთვის.
მაგალითად, კომპანია შესაძლოა მიიჩნევდეს, რომ მისთვის ყველაზე მომგებიანია A კატეგორიის პროდუქტი, თუმცა ფინანსური მონაცემები აჩვენებს, რომ ფაქტობრივად B პროდუქტი ქმნის ყველაზე მაღალ მარჟას. ამგვარი შეხედულებების გადახედვა და სწორ გადაწყვეტილებებზე გადასვლა სწორედ სიღრმისეული ფინანსური ანალიზის შედეგად ხდება.
რა არის ის აუცილებელი ქმედებები, რაც კომპანიას სწორი შედეგისკენ წაიყვანს?
ფინანსური მონაცემების გაანალიზება მხოლოდ შესწავლისთვის არ არის — მისი მთავარი მიზანი არის მოქმედების დაგეგმვა და შესრულება. სწორად სტრუქტურირებული ფინანსური ანალიზი საშუალებას აძლევს კომპანიას, უკეთ გაიაზროს მიმდინარე პოზიცია, და დაგეგმოს მომავალი რეალისტურად და შედეგზე ორიენტირებულად.
სწორ შედეგამდე მისასვლელად საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა:
- წარსული შედეგების გაანალიზება
ფინანსური ანალიზი იწყება ისტორიული მონაცემების შეფასებით. შემოსავლის დინამიკა, ხარჯების სტრუქტურა და მოგების მარჟები ავლენს, სად მუშაობს ბიზნესი ეფექტიანად და სად — არა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება შეცდომების იდენტიფიცირება და განახლებული ხედვის ჩამოყალიბება.
- მომავლის პროგნოზირება
წარსული შედეგების ანალიზზე დაყრდნობით კომპანიები ქმნიან მომავლის სტრატეგიას. სწორად დაგეგმილი ფინანსური პროგნოზი მენეჯმენტს აძლევს შესაძლებლობას, დროულად გადაანაწილოს რესურსები, შეაფასოს შესაძლო რისკები და წინასწარ განსაზღვროს ის სცენარები, რომელთათვისაც მზად უნდა იყოს ბიზნესი.
- მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება
ყველა ანალიზი შედეგს მაშინ იძლევა, როცა უკავშირდება კონკრეტულ მიზანს. კომპანიამ უნდა განსაზღვროს: ცდილობს ხარჯების შემცირებას, მოგების ზრდას თუ ახალი ბაზრის ათვისებას?
- მონაცემების მონიტორინგი და შეფასება
ერთჯერადი ანალიზი არასაკმარისია. საჭიროა დინამიკური დაკვირვება, ტენდენციების ანალიზი და დროული კორექტირება. ბიზნესგარემო სწრაფად იცვლება, შესაბამისად, ანალიტიკაც უნდა იყოს მოქნილი – რეალურ დროში გამართული ანალიზი სწორედ ის იარაღია, რომელიც კომპანიას ეხმარება ადაპტაციაში, რისკების მართვაში და შესაძლებლობების დროულ დანახვაში.
- ქმედების გეგმა და შესრულება
ანალიზს რეალური ღირებულება მაშინ აქვს, როცა ის მოქმედებაში გადადის. ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი — შესრულება — რჩება უყურადღებოდ.
მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნები უნდა ტრანსფორმირდეს კონკრეტულ ქმედებებად, როგორიცაა:
- ბიუჯეტში მიზანმიმართული ცვლილებები — რესურსების გადანაწილება იქ, სადაც ისინი ყველაზე მეტ შედეგს გამოიღებს;
- გუნდის ფოკუსის გადატანა მაღალი პოტენციალის მქონე მიმართულებებზე — ძალისხმევის კონცენტრაცია ზრდის წერტილებზე;
- რესურსების მობილიზება შედეგზე ორიენტირებულ პროექტებში — მხოლოდ იმ ინიციატივებზე, რომლებიც აჩვენებენ რეალურ გავლენას ფინანსურ მაჩვენებლებზე.
ანალიზის გარეშე მოქმედება ბრმა რისკია. მოქმედების გარეშე ანალიზი — დაკარგული შესაძლებლობა.
დასკვნა
ფინანსური მონაცემები — სწორად შეგროვებული, გაანალიზებული და ინტეგრირებული — არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ბიზნესისთვის. მათი მეშვეობით კომპანიას შეუძლია არა მხოლოდ წარსულის შეფასება, არამედ მომავლის სიზუსტით დაგეგმვა და კრიტიკულ ეტაპებზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ანალიზი არ უნდა დარჩეს ციფრებად დოკუმენტში. მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მხოლოდ მაშინ იძლევა შედეგს, როცა ისინი რეალურ ქმედებად და ცვლილებად გარდაიქმნება — ბიუჯეტში, სტრატეგიაში ან ოპერაციულ პროცესებში.
სწორედ ამიტომ, თითოეულ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა: მკაფიო მიზნების დასახვა, სანდო მონაცემების შეგროვება, კონტექსტზე მორგებული ანალიზი და შედეგზე ორიენტირებული მოქმედება. ამ გზით ფინანსური მონაცემები გარდაიქმნება კომპანიის განვითარების ძრავად — შედეგიანად, პასუხისმგებლობიანად და სტრატეგიულად.
წყაროები
- Forbes (2024). “20 Expert Strategies For Enhancing Financial Forecasting And Budgeting”
ბმული: https://www.forbes.com/councils/forbesfinancecouncil/2024/02/13/20-expert-strategies-for-enhancing-financial-forecasting-and-budgeting - United Nations Development Programme (2023). “Mobile Payment Technologies and Services”
ბმული: https://sdgprivatefinance.undp.org/leveraging-capital/sdg-investor-platform/mobile-payment-technologies-and-services - McKinsey & Company (2023). “The State of Organizations 2023”
ბმული: https://www.mckinsey.com/~/media/mckinsey/business%20functions/people%20and%20organizational%20performance/our%20insights/the%20state%20of%20organizations%202023/the-state-of-organizations-2023.pdf