სტრესი, დეპრესია, განკურნება... და შემდეგ?

სტრესი, დეპრესია, განკურნება... და შემდეგ?

პეკინური მკაცრი ზამთარი იდგა. სიცივეში ფანჯრის რაფაზე ფეხებგადმოკიდებული ვიჯექი, ტრანსში ვიმყოფებოდი და ვცდილობდი გამეგო, რა დამემართა. 28 წლის ასაკში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფირმის გლობალური მენეჯმენტის თანამშრომელთა რიცხვში ვიყავი. ჩემს სავიზიტო ბარათში შთამბეჭდავ წოდებას ამოიკითხავდით. მყავდა ერთგული შეყვარებული და უამრავი მეგობარი, მაგრამ ექვსი თვის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს მომქანცველი შაკიკითა და ყოველკვირა სასწრაფო დახმარების გამოძახებით გატანჯული, სამუშაოს თავს ვეღარ ვართმევდი. ცხოვრებასა თუ საკუთარ თავთან გამკლავებას ვერ ვახერხებდი. დეპრესიაში ჩავიძირე. მზად ვიყავი ფანჯრიდან გადავმხტარიყავი და სიცოცხლე თვითმკვლელობით დამესრულებინა.

ეს ორი წლის წინ იყო. მას შემდეგ დეპრესიას განუწყვეტლივ ვებრძოდი და რამდენჯერმე თვითმკვლელობამდეც კი მივედი. ახლა, ნელ-ნელა განკურნების გზაზე დამდგარს, ერთი კითხვა მებადება: კარიერის გაგრძელების რა შანსი მაქვს? ჩემნაირი, ერთ დროს წარმატებული ქალი-ლიდერის სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში, დეპრესიით დასმულ დაღს როგორ გავუმკლავდები?

კორპორაციულ სამყაროში შესვლის პირველივე დღეს ფიცი დავდე, რომ ქვას გავხეთქავდი და ყველა დაბრკოლებას დავძლევდი. რადგანაც კარგად ვაცნობიერებდი, რომ ქალებთან მიმართებით სტერეოტიპები არსებობდა, – თავდაჯერებული ქალები ცივებად ითვლებოდნენ, მაშინ როდესაც ნაკლებად თავდაჯერებულებს ხელმძღვანელი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევდნენ – ვცდილობდი, ვყოფილიყავი მტკიცე, მაგრამ არააგრესიული, მეგობრული, მაგრამ არა სუსტი, თავდაჯერებული, მაგრამ არა აბეზარი და უტიფარი. ჩემმა ასეთმა დამოკიდებულებამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო, რადგან ჩემი უფროსების, კოლეგებისა და დაქვემდებარებული პირების პატივისცემა დავიმსახურე. კორპორაციულ კიბეზე ასვლისას ვფიქრობდი, თუ რა კარგად ვუმკლავდებოდი ჩემს სამუშაო ადგილზე არსებულ გამოწვევებს და საკუთარ თავს იმდენად მაღალ შეფასებას ვაძლევდი, რომ მეგონა, ჩემში სტრესს ვერაფერი გამოიწვევდა. ამიტომ აღშფოთებული დავრჩი, როდესაც ექიმებმა დეპრესიის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად სტრესი დაასახელეს, – ანუ ის ზეწოლა, რომლის ქვეშ საკუთარი თავი თვითონვე დავაყენე ცხოვრებისა და სამუშაოს ყველა ასპექტში.

ბოლოს მკაცრად მოითხოვეს, რომ შვებულება ამეღო. მოგვიანებით, ბლექბერის საშუალებით, ჩემი გუნდის მართვასაც მოვეშვი – ტელეფონის პატარა ეკრანზე ყურადღების კონცენტრირების უნარი აღარ მქონდა, რადგან თავი ბულდოზერივით მიგუგუნებდა და ყოველ მეორე საათს პირღებინებით ვიტანჯებოდი. შემდგომი 24 თვის განმავლობაში ყველას ვემალებოდი; წონაში თითქმის 33 ფუნტი დავიკელი და ხან უძილობით ვიტანჯებოდი, ხანაც 30-საათიან ძილქუშს მივეცემოდი ხოლმე.

სახლში გამომწყვდეული, უჩვეულო ენერგიის მოზღვავების პერიოდებში, დეპრესიის შესახებ წიგნებს ვკითხულობდი. სტერეოტიპების საპირისპიროდ, დეპრესია ის მდგომარეობა არ არის, რომლისგანაც ადამიანს ერთი ხელის მოსმით შეუძლია გათავისუფლება. World Health Organization (“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია”) (WHO) დეპრესიას განსაზღვრავს, როგორც გუნება-განწყობილების აშლილობას, რომლის დროსაც, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მოტივაცია, ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო დაბალია და მას თან ახლავს სხვა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მადის დაკარგვა, უძილობა, ჰალუცინაციები და სხვ. WHO-ს მონაცემებით, დეპრესიით მსოფლიოში 120 მილიონი ადამიანია დაავადებული, ხოლო მათგან ნახევარზე მეტი ქალია. ხოლო 2020 წლისთვის დეპრესია წამყვანი გლობალური დაავადება იქნება – ისეთი დაავადება, რომლის ტვირთის ქვეშ ადამიანს მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია ცხოვრება. მთელ მსოფლიოში დეპრესია შრომის უუნარობის გამომწვევ რიგით მეორე მიზეზს უკვე წარმოადგენს.

ჩემი კომპანია ჩემს მდგომარეობას ყურადღებით მოეკიდა. სივრცე და დრო გამომიყო იმისათვის, რომ გონზე მოვსულიყავი, მაგრამ მე თვითონ შევწყვიტე ყოველგვარი კონტაქტი მასთან, რადგან არ შემეძლო ვინმესთან ურთიერთობა, განსაკუთრებით იმ მენეჯერებთან, რომლებმაც ჩემს კარიერულ ზრდას დიდად შეუწყვეს ხელი. ვერაფრით ვერ ვათავსებდი ერთმანეთთან ძლიერი ლიდერის რეპუტაციას და ასეთ უსიამოვნო სისუსტეს, რომელიც მოულოდნელად დამეუფლა. არ მინდოდა ჩემს კოლეგებთან ამაზე საუბარი, რადგან მეშინოდა, ჩემზე ცუდად არ ეფიქრათ. ასეთი რეაგირება მარტო მე არ მომიხდენია. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, Royal Association-ის (“სამეფო ასოციაცია”) მიერ Disability Rights-თან (“შრომისუუნაროთა უფლებები”) დაკავშირებით ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად, 2009 წელს, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა 15% საკუთარ პრობლემას სამსახურში არავის უმჟღავნებდა, მაშინ როდესაც სხვა პრობლემების მქონე პირთა მხოლოდ 4% იქცეოდა ასე.
ბევრი დეპრესიას პიროვნულ სისუსტედ მიიჩნევს და არა ჯანმრთელობის გარკვეულ მდგომარეობად. ამგვარად, ნეგატიური რეპუტაციის თავიდან ასაცილებლად, დეპრესიით დაავადებულნი თავიანთ მდგომარეობას მალავენ. ლორდ სტივენსონმა, Pearson – ის ყოფილმა თავმჯდომარემ, Financial Times-ისა და HBOS-ს მფლობელმა, მხოლოდ პენსიაში გასვლის შემდეგ გაამჟღავნა, რომ დეპრესიის რეგულარული შეტევები აწუხებდა. ეს დაღი ძალაშია და რეალურია – ის კიდევ უფრო ძლიერმოქმედია იმ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავეთათვის, რომლებიც ერთხელ უკვე შესჯახებიან სტერეოტიპებთან დაპირისპირებას იმის გამო, რომ მდედრობით სქესს მიეკუთვნებოდნენ.

ამ ბნელ უიმედობასთან საბრძოლველად, სიმშვიდის მოსაპოვებლად და მცირე სოციალური კონტაქტის შესანარჩუნებლად, ჩინური დამწერლობის შესწავლა და taichi-ის (ჩინური საომარი ხელოვნების სახეობა) გაკვეთილებზე სიარული დავიწყე. ჩემმა ფსიქოთერაპევტმა ასევე მირჩია, რომ საკუთარი აზრები ჩამეწერა. ჩანაწერები თანდათან სულ უფრო ვრცელი ხდებოდა და საბოლოოდ საკუთარი გამოცდილების შესახებ ბლოგების წერაში გადაიზარდა. თერაპიის ნაწილად წერა იქცა, რომელიც ჩემს ფიქრებსა და დათრგუნვილ ემოციებს უპირისპირდებოდა. ვინ ვიყავი, უფრო მეტად გავაცნობიერე და ჩემი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზებიც გავიაზრე. ნელ–ნელა ნეგატიურობისა და უიმედობის გრძნობა შემიმცირდა.

ჩემი ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ გამოჯანმრთელების პროცესის დასაწყებად ჯერ კიდევ ერთი წელიწადია საჭირო და კიდევ რამდენიმე წელი, ჩემს გუნება-განწყობაზე კონტროლი მთლიანად რომ აღვიდგინო. მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, სამედიცინო დასკვნა ადგენს, რომ სამუშაოს დასაწყებად მზად არ ვარ პანიკური შეტევების, ფიზიკური დაავადებებისა და სუიციდური იდეების გამო. ამ რეალობამ ძალიან შემაძრწუნა – როგორ შევავსო ეს ნაპრალი ჩემი კარიერის ისტორიაში?

სინამდვილეში, კარიერის შემდგომი აღმასვლისათვის დეპრესია შესაძლოა პოზიტიური გამოცდილებაც იყოს, იმიტომ რომ დეპრესიასთან საბრძოლველად, ამგვარი გამოცდილების მიღებისას, ჩემ მსგავსად უკეთ შეიარაღდეთ.

თვითშემეცნების ზრდა: გარკვეული გრძნობების გასაცნობიერებლად, ემოციების მიღმა არსებულ აზრებთან დაპირისპირება იმის გააზრებაში გეხმარებათ, თუ ვინ ხართ და ცხოვრებაში რა გსურთ.

ნდობის აღდგენა: ნუ დამალავთ, რომ დეპრესია გაქვთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ რეაგირებენ სხვები ამაზე. ეს გადამწყვეტი ნაბიჯია თვითდაჯერებულობის აღსადგენად და იმისათვის, რომ საკუთარ არსთან მიმართებით თავს კომფორტულად გრძნობდეთ.

წონასწორობის აღდგენა: იმის ნაცვლად, რომ თანამდებობრივი წინსვლისთვის ბრმად იბრძოლოთ, ცხოვრება გადააფასეთ და დაადგინეთ,რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი (ჯანმრთელობა, ურთიერთობები).

ხელი შეუწყვეთ საკუთარ გატაცებებს: დეპრესიით გამოწვეული უმუშევრობის პერიოდი გამოიყენეთ იმისათვის, რომ თავიდან აღმოაჩინოთ და განახორციელოთ ის, რისი კეთებაც გიყვართ.

ისწავლეთ სამუშაოს გამოყენება: დეპრესიისგან განკურნება ხასიათს აძლიერებს. ძლიერი ხასიათი კი დადებითი თვისებაა ნებისმიერი დამსაქმებლის ან კომპანიის თვალში.

გაითავისუფლეთ საკუთარი თავი: არავითარ შემთხვევაში რაიმე სამსახურზე არ უნდა დათანხმდეთ იმ პრივილეგიების საფასურად, რომელთა გარეშე თითქოს ცხოვრება არ შეგიძლიათ და ამით თქვენი სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობა სამსხვერპლოზე არ უნდა მიიტანოთ. ამქვეყანად ხომ უამრავი სხვა შესაძლებლობა არსებობს: ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, შტატგარეშედ მუშაობა, მეწარმეობა, სახლში მუშაობა…

ქალ-ლიდერებთან მიმართებით არსებული სტერეოტიპები დეპრესიის გაღრმავებას არ იწვევენ, პირიქით, დეპრესიით დამღადასმულნი უფრო თვითდარწმუნებული და თავდაჯერებული ლიდერები ხდებიან, რაც ნებისმიერი სამუშაო ადგილისთვის ფასდაუდებელი ღირსებაა.

ამჟამად, ზემოთქმულის გაცნობიერების შემდეგ, ნაკლებად ვღელავ ჩემს რეზიუმეში არსებულ პაუზაზე იმიტომ, რომ დეპრესიის შემდეგ სიცოცხლე გაგრძელდება.