სტუმარი ინვესტორი

სტუმარი ინვესტორი

საქართველოს ეკონომიკამ სულ მწვანეზე რომ იაროს, ამისთვის მეტი “მწვანე ვალუტაა” საჭირო. უცხოელი ინვესტორები სტუმართმოყვარეობით განთქმული ქვეყნისგან მომხიბლავ ბიზნესგარემოს ელიან. სად დგას ის “სდექ” ნიშნები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას აფერხებენ? სარა უილიამსონი ადგილობრივი ბაზრის პოტენციალზე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში საუბრობს. UGT-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკონომიკური საცობის პრევენციის გზას საკანონმდებლო “შლაგბაუმების” გაუქმებაში ხედავს.

თქვენი, როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, მოვალეობაა, ჩამოაყალიბოთ ბიზნესურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ერთმანეთისგან 10 ათასი კილომეტრით დაშორებული ორი ქვეყნის დასაახლოებლად?

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყველაზე დიდ ბარიერს მანძილი ქმნის. საკმაოდ გრძელი გზის გავლა გვიწევს იმისთვის, რომ ამერიკელებს საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული, მართლაც რომ დაუჯერებელი, წარმატებების შესახებ მოვუყვეთ. ღია ბაზარი, დემოკრატიული საზოგადოება – დღეს უკვე ქართული რეალობაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ქვეყნის, როგორც რეგიონალური ჰაბის მნიშვნელობა. ინვესტორებს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოს ბაზარი ლოკალურ საზღვრებს სცდება და გაცილებით დიდ მასშტაბებში – რეგიონულ ჭრილში განიხილება.

უმთავრესი მაინც პოტენციური ინვესტორის საქართველოში ჩამოყვანაა. ვსაუბრობთ ადგილობრივ ბაზარზე ბიზნესის კეთების სიმარტივეზე, ძალიან ხელსაყრელ საგადასახადო რეჟიმზე, რეფორმებზე ორიენტირებულ მთავრობასა და საქართველოს დასავლურ მისწრაფებაზე, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით და პრეზენტაციებით ყველაფრის გადმოცემა შეუძლებელია. საქართველო ახლოდან ბევრად მომხიბვლელია.

ოთხი წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ხართ. ამ პერიოდის განმავლობაში რომელი ამერიკული კომპანიები შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე თქვენი მხარდაჭერით?

ბევრი დასავლური კომპანია გვიკავშირდება. ამერიკის სავაჭრო პალატა მათ ქართულ ბაზარს აცნობს, ყველაფერს ვაკეთებთ ადგილობრივი პოტენციალის საუკეთესოდ წარმოსაჩენად. გადაწყვეტილებას კომპანიები დამოუკიდებლად იღებენ, ამას პირად მიღწევად არ მივიჩნევთ.

საქართველოში ინვესტორების ჩამოსაყვანად ძალისხმევას არ ვიშურებთ. მაგალითისთვის, შარშან გაზაფხულზე ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტთან და კომერციულ დეპარტამენტთან ერთად, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის თურქულ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ამერიკული კომპანიების დელეგაცია მოვიწვიეთ. სტუმართა უმსხვილეს ბიზნესჯგუფს DOW Chemicals-ი ხელმძღვანელობდა. კომპანიებს, რომლებსაც ინვესტიციები განხორციელებული აქვთ თურქეთში, სამომავლო პერსპექტივისთვის ქართული ბაზარი გავაცანით. დელეგაციის წევრებთან დღემდე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. წელს ფილმის ინდუსტრიის სავაჭრო მისიას ვმასპინძლობთ.

გაიხსნეთ ის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც მთავრობამ გაითვალისწინა თქვენი რჩევები.

ხელისუფლება მუდამ მზადაა თანამშრომლობისთვის. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ რჩევების მიღება-უარყოფით არ შემოიფარგლება. აქტიურად ვიყავით ჩართული შრომის კანონზე მუშაობაში, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ვიზის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებაში – ჩვენი და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ იმას, რომ უცხოელებს საქართველოში კვლავ კეთილგანწყობით ელიან. ინვესტორთა საბჭოსა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან ერთად გადავწერეთ კანონი, რის შედეგადაც კომპანიების ანგარიშების გაყინვა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვეღარ მოხდება – ეს არის ის, რასაც წლების განმავლობაში მოვითხოვთ მთავრობისგან და ეს ეხება არა მხოლოდ ბოლო 4 წელიწადს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირა, საბოლოო სამუშაოებს ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან გავდივართ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ საგადასახადო რეგულაციებზე ესტონური მოდელის გათვალისწინებით. ბატონ კვირიკაშვილს ესმის, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ძალიან კარგ პარტნიორობას გვიწევს პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიებაში.

რა საკანონმდებლო რეგულაციების გამო თქვეს უარი პოტენციურმა ინვესტორებმა საქართველოში შემოსვლაზე ან არსებულმა ინვესტორებმა დატოვეს ქვეყანა?

რთული იმის თქმა, თუ ინვესტორმა რა მიზეზით თქვა უარი ქართულ ბაზარზე. კონკრეტულ შემთხვევებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა იყო ისეთი უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის აკრძალვა, სავიზო რეჟიმის შემოღება, კომპანიების ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ უფრო მომხიბვლელი გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის?

ინვესტორების მოსაზიდად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. რა თქმა უნდა, ამისთვის ჯადოსნური რეცეპტი არ არსებობს. ბიზნესგარემოს განვითარება, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის დაცვა, სტაბილურობა და პროგნოზირებადი კანონმდებლობა – ადგილობრივი საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობას სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის.

როგორია საქართველოს პოზიციონირება რეგიონში და რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას საერთაშორისო ბაზრებზე?

საქართველო რეგიონის მასშტაბით გასაოცარ წარმატებებს აღწევს. მართალია, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არასახარბიელოა, მაგრამ მეზობელი ქვეყნების ფულად ერთეულებთან შედარებით მყარია. ქვეყნის ეკონომიკა ნელა, მაგრამ იზრდება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინება კი შთამბეჭდავია. მოსახლეობას უამრავ პრობლემასთან უწევს გამკლავება, თუმცა მსოფლიო ეკონომიკურ გამოჯანსაღებასთან ერთად საქართველოს წინსვლისთვის ხელსაყრელი არაერთი წინაპირობა აქვს: წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, გაუმჯობესებული მდგომარეობა რეგიონში და დიდი საინვესტიციო პოტენციალი დასავლეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან.

მზად არის საქართველო ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოთხოვნებით გათვალისწინებული დასავლური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად?

დღეს ეს მზაობა არ არის, თუმცა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამ გამოწვევას ითვალისწინებს. მჯერა, გრძელვადიან პერსპექტივაში სავაჭრო შეთანხმებას ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი ექნება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული, ამიტომ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება ახალი სტანდარტების შემოღებისა და ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობის შესახებ.

საქართველო ფრთხილად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, არ უნდა მოხდეს რეგულაციების მოკლე დროში და გადაჭარბებული დოზით შემოღება. ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის დაცვა. ქვეყნის ეკონომიკა ჯერ ისევ ძალიან მყიფეა და სხვა ევროპულ ბაზრებთან შედარებით მეტ ღიაობას მოითხოვს. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ამ გამოწვევების დაძლევაში მხარს უჭერენ.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამერიკასთან წლების განმავლობაში განიხილება. უნდა ველოდეთ თუ არა პროცესის წარმატებით დასრულებას უახლოეს მომავალში და რა დამაბრკოლებელ ფაქტორებთან გვაქვს საქმე?

სამწუხაროდ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ამერიკასთან უახლოეს პერსპექტივაში არ განიხილება. საქართველო ყველაფერს აკეთებს პროგრესის მისაღწევად, მაგრამ ამ ეტაპზე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობა აქცენტირებულია სავაჭრო შეთანხმებებზე ევროკავშირთან და აზიის ქვეყნებთან, მხოლოდ ამ პროცესების დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი საქართველოს საკითხზე მსჯელობა. ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობასთან აქტიური დიალოგი კვლავ მიმდინარეობს. ვფიქრობ, ევროკავშირთან ამოქმედებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებშიც წაადგება.

პოლიტიკური ვითარება საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან ერთად უფრო და უფრო დაძაბული ხდება. როგორ აისახება საარჩევნო წელი ინვესტორებზე?

სამწუხაროდ, ეს რეალობაა. განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში საარჩევნო სეზონზე ყველა ფრთხილობს. 2012 წელთან შედარებით ვითარება სტაბილურია. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდი გარემო შენარჩუნდება. საქართველო მომწიფებულია ღირსეული არჩევნების ჩასატარებლად. მოვლენათა სხვაგვარი განვითარება ქვეყანას მხოლოდ დააზარალებს.

საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია თქვენს ქართველ მეუღლესთან ერთად საქართველოში მაშინ დააარსეთ, როდესაც ქვეყანაში ეს სფერო უცხო ხილი იყო. როგორ იმუშავა ადგილობრივმა ბიზნესგარემომ UGT-ის შემთხვევაში?

UGT საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიაა. ახალგაზრდები ვიყავით და ეს სფერო, რომელიც ქართული ბაზრისთვის ნაკლებად ნაცნობი იყო, ძალიან გვხიბლავდა. გიორგის ახალი დამთავრებული ჰქონდა სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში, იყო ასევე საქართველოს სახელწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ის პროფესიით ასტროფიზიკოსია. მე იმ დროს წარმატებული კარიერა და მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა შტატებში, მაგრამ გადავწყვიტეთ გაგვერისკა და დაგვეწყო საქმე საქართველოში. ასე გავხდით ანტრეპრენიორები.

თანამედროვე მსოფლიოში გადასარჩენად საქართველოს სწრაფი განვითარება სჭირდებოდა. ჩვენ ამ რთულ, მაგრამ მრავალი შესაძლებლობებით აღსავსე გამოწვევას შევეჭიდეთ. გაგვიმართლა, რადგან ძველმა თაობამ, რომელსაც შევარდნაძის რეჟიმის „ძველ გვარდიას“ ვუწოდებთ ხოლმე, არაფერი იცოდა ამ სექტორის შესახებ და მათთვის შეუმჩნეველნი დავრჩით. სწორედ ამიტომ, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ავცდით სახელმწიფოსთან ურთიერთობით გამოწვეულ პრობლემებს. შეიძლება ითქვას, რომ რადარის ქვეშ ვიყავით მანამ, სანამ გავიზარდეთ იმ დონემდე, რომ საკუთარი თავის დაცვა შეგვძლებოდა. გამოწვევების მიუხედავად, შევინარჩუნეთ დასავლური ღირებულებების მქონე კომპანიის პროფილი. დასაწყისში იყო რამდენიმე კომპიუტერი და ათი ადამიანი, დღეს UGT-ში დასაქმებულთა რაოდენობა 350-ს აღწევს. თავდაპირველად ხუთწლიანი ბიზნესგეგმა შევიმუშავეთ, რომელმაც გაამართლა; კომპანიის ყოველწლიური ზრდა შთამბეჭდავი იყო. დღემდე ამ პრინციპით ვმუშაობთ, ახალ სტრატეგიას ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ვადგენთ.

რაც შეეხება შიდა გამოწვევებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების მცოდნე პერსონალის მოძიება როგორ შეძელით?

ქართველები ინტელექტით და ნიჭიერებით გამოირჩევიან, ადვილად ითვისებენ სიახლეებს. 90-იანებში, როდესაც ბიზნესი დავიწყეთ, საზოგადოება კომუნიზმის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო; გაგვიჭირდა ტექნოლოგიების სექტორის, ბიზნესეთიკის, გაყიდვების, მარკეტინგისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის სფეროში კვალიფიცირებული პერსონალის მოძიება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლების გადამზადებაში წლების განმავლობაში სოლიდური ინვესტიციები განვახორციელეთ. ეს პრობლემა მხოლოდ ტექნოლოგიების სექტორს არ ეხება – ადამიანური რესურსები ადგილობრივ შრომის ბაზარზე კვლავ პრობლემად რჩება.

UGT-ის პრეზიდენტი თქვენი მეუღლეა. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ოჯახურ ბიზნესს?

ეს ჩვენს შემთხვევაში კარგად მუშაობს, თუმცა ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ. ცხოვრების ყველა ეტაპზე და ყველა ასპექტში ჩვენ პარტნიორები ვართ, არასდროს გვაქვს აღმატებული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ერთადერთი უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს ის, რომ ხშირად საქმეზე საუბარს სახლშიც განვაგრძობთ. საოჯახო სადილისას UGT-ის, ამერიკის სავაჭრო პალატისა და ბიზნესასოციაციის საკითხებზე ბჭობა ჩვენს შვილებს ნამდვილად არ მოსწონთ და სწრაფად გვაწყვეტინებენ დებატებს. მე და ჩემს მეუღლეს ამაზე მკაცრი რეაქცია არ გვაქვს, ვცდილობთ, შვილების წყრომას იუმორით ვუპასუხოთ.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, როგორ ახერხებთ ოჯახისთვის დროის გამონახვას?

ძალიან რთულია. თუმცა, საკუთარი ბიზნესი მოქნილი გრაფიკით მუშაობის პრივილეგიას გვაძლევს. ვცდილობ, შინ საღამოს 5-6 საათისთვის დავბრუნდე და დრო ბავშვებთან ერთად გავატარო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმეს მათი დაძინების შემდეგ განვაგრძობ. საკუთარ თავს ვუსვამ შეკითხვას, ხომ არ ვაზარალებ სამსახურს ან შვილებს ხომ არ ვაკლებ ყურადღებას? ვცდილობ, პასუხი ბალანსში ვიპოვო. რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება პირველ რიგში ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. მჯერა, რომ დიდი სარგებელი მოაქვს ოჯახურ არდადეგებს. ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათზე ზრუნვისთვის დრო გამოვნახოთ.

რა არის თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი?

აქ ჩვენი სახლია. გვიყვარს ამ ქვეყნის ბუნება საქართველოში მთისა და ზღვის კურორტები თანაბრად ხელმისაწვდომია, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია. გვიყვარს ქართველები და ასევე გვიყვარს ექსპატები, რომლებიც ცხოვრებას საქართველოში არჩევენ. ამ ქვეყანაში ბევრი განათლებული, საინტერესო, დაინტერესებული, თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ცხოვრობს. ვამაყობ, რომ მათი მეგობარი ვარ. საქართველოში უკვე 18 წელია, ვცხოვრობ და ჩემს უახლოეს გეგმებში ქვეყნის დატოვება არ შედის. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *