აგვისტოში საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა – „სილქ როუდ ჯგუფმა” “აჭარა ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა. სექტორის ორ უმსხვილეს კომპანიას შორის შეთანხმება თიბისი კაპიტალის ჩართულობით განხორციელდა. ტრანზაქციის დეტალებსა და შერწყმა/შეძენის მიმართულების განვითარებაზე თიბისი კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე ისაუბრა.
რა იყო თიბისი კაპიტალის როლი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან და მსხვილ გარიგებაში?
თიბისი ჯგუფს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ მათ შორის გარიგებაც სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა – ჩვენ ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის ფუნქცია გვქონდა. თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის მეშვეობით შეთანხმება ორ თვეზე ნაკლებ დროში განხორციელდა, რაც უჩვეულოდ მოკლე ვადაა შერწყმა-შეძენის(M&A) ტრანზაქციებისთვის. M&A ტრანზაქციებში ჩვენი გუნდის ჩართულობა მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობას, კლიენტისთვის შესაბამისი სტრატეგიული რჩევის გაცემას, ტრანზაქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცესის მართვასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას. ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებთან ერთად შერწყმა/შეძენის გარიგებაზე მუშაობა ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.
რას ცვლის ეს გარიგება როგორც სტუმამასპინძლობის, ასევე შერწყმა/შეძენის ბაზარზე?
საქართველოში შერწყმა/შეძენის სექტორი მაღალი აქტივობით არ ხასიათდება – M&A-ზე მეტად, კომპანიები ორგანულ ზრდას ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ მსგავსი გარიგებები კარგი მაგალითი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე აქტივის გამყიდველებისთვის: ერთი მხრივ, ინვესტორები დაინახავენ, რომ სტრატეგიული ინვესტიციები შეიძლება იყოს გაფართოებისა და ახალ ბაზარზე შესვლის სწრაფი და ეფექტიანი გზა; მეორე მხრივ, ბიზნესის გაყიდვის მსურველები დარწმუნდებიან, რომ აქტივის სწორად პოზიციონირება ზრდის მაღალხარისხიანი მყიდველების მოძიების ალბათობას. თიბისი კაპიტალის M&A დეპარტამენტში სწორედ ამაზე ვმუშაობთ – ვაკავშირებთ გამყიდველსა და მყიდველს ერთმანეთთან და ვეხმარებით ტრანზაქციის წარმატებით დასრულებაში.
რა გამოცდილება დააგროვა წლების განმავლობაში თიბისი კაპიტალმა შერწყმა/შეძენის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე?
ჩვენი გუნდი კლიენტებს მუდმივად ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში. 4 წელია, რაც თიბისი კაპიტალში M&A დეპარტამენტი შეიქმნა და ამ პერიოდის განმავლობაში 9 გარიგების წარმატებით დახურვა შევძელით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გამოცდილება სცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს ტრანზაქციებს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის უკრაინასა და უზბეკეთში; ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის M&A ტრანზაქციები გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა სექტორში: სტუმარმასპინძლობა, ფინტექი, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, უძრავი ქონება და სხვა.
როგორია თიბისი კაპიტალის სამომავლო ხედვა ამ მიმართულებით – როგორ აპირებთ განვითარებას?
თიბისი კაპიტალი მუდმივად მუშაობს მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სწორედ ამიტომ ვავითარებთ შერწყმა/შეძენის ბაზარს საქართველოში. M&A ტრანზაქციები კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მსგავსი შეთანხმებები სწორედ პროფესიონალი შუამავლებისა და მრჩევლების ჩართულობით ხორციელდება – მრჩევლების ჩართულობა ხელს უწყობს გაყიდვის პროცესის ეფექტიანად მართვას და ზრდის გარიგების წარმატებით დასრულების ალბათობას. ყველაფერთან ერთად, M&A ტრანზაქციები ზრდის ლიკვიდურობას ბაზარზე, რაც დადებითი სიგნალია მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის: ეს ნიშნავს, რომ ბაზარი მოქნილია და არსებობს სექტორიდან გასვლის, ხოლო ინვესტორებისთვის ამ სფეროში შესვლის შესაძლებლობები. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შერწყმა/შეძენის გარიგებების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკისთვის.
თიბისი კაპიტალი, როგორც M&A ბაზრის ლიდერი, აქტიურად მუშაობს სექტორის განვითარებისთვის: გვინდა, ბიზნესს სრულად დავანახოთ შერწყმა/შეძენის გარიგებების სარგებელი და ამ შეთანხმებებში თიბისი კაპიტალის გუნდის ჩართულობის მნიშვნელობა; სამომავლოდ, კი ახალი შესაძლებლობების პოვნაში დავეხმაროთ, რომელიც სარგებლიანი იქნება არამხოლოდ კონკრეტული ბიზნესისთვის, არამედ ინვესტორების მოზიდვისა და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისთვის.
S