სუბსიდიების დახმარებით, ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები 71%-ით გაიზარდა

სუბსიდიების დახმარებით, ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები 71%-ით გაიზარდა

ევროკავშირის ავტომწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებული მონაცემებით, მაისში ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები 71%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, უკვე ზედიზედ მეათე თვეა, ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებლები იზრდება. ამჯერად ზრდამ მაისში 18.5% შეადგინა.

ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროკავშირის სამთავრობო სუბსიდიებია. ავტომობილების მწარმოებელთა ევროპული ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, მაისში მთლიანობაში გაყიდულ ავტომობილთა 13.8% ელექტრომობილი გახლდათ. შედარებისათვის, გასულ წელს ეს რიცხვი 10%-ზე ქვემოთ იყო.

მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირში კვლავაც ბენზინისძრავიანი ავტომობილების გაყიდვებს უკავია და მან მაისში 36.5% შეადგინა. ჯამში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებმა ევროკავშირში მაისში 51% შეადგინა. ჯერ კიდევ 2015 წელს კი 50%-ს მხოლოდ დიზელისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები წარმოადგენდა. შესაბამისად, შემცირების ტენდენცია აშკარაა.

ევროპის ყველაზე გაყიდვადი მწარმოებლის, Volkswagen-ის გაყიდვები მაისში 19.5%-ით გაიზარდა. დაახლოებით 35%-ით გაიზარდა Renault-სა და BMW-ის გაყიდვებიც. სანაცვლოდ, 0.2%-ია კლება დაუფიქსირდა Stellantis-ს.

ევროკავშირში, ბრიტანეთსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიებზე დარეგისტრირებული ახალი ავტომობილების რაოდენობა მაისში 18.2%-ით გაიზარდა და წლის ჭრილში 1.12 მილიონი ერთეული შეადგინა.