სუხიშვილები

სუხიშვილები

როცა 2011 წელს ჩვენი დროის ერთ-ერთი გენიოსი, სტივ ჯობსი გარდაიცვალა, მისმა კოლეგამ (Ethernet-ის თანაგამომგონებელმა), ბობ მეტკალფმა მასზე ასეთი რამ თქვა: კომპიუტერულ ინდუსტრიაში სტივის უდიდესი დამსახურება ის იყო, რომ კომპიუტერი ნერდებს გამოაცალა ხელიდან და ხალხს მისცაო.

სულ სხვა სფეროში, მაგრამ პრაქტიკულად ასეთივე რევოლუციური ნაბიჯი გადადგეს გასული საუკუნის პირველ ნახევარში, საქართველოში, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა: მათ ფოლკლორული ცეკვები თანამედროვე ადამიანებისთვის მისაღებ ფორმებამდე მიიყვანეს; ისეთი სახე მისცეს ეთნიკურ ცეკვებს, რომ მათ არა მარტო ეთნოგრაფებში, არამედ ხალხშიც გამოეწვია აღტაცება.

კიდევ ერთი პარალელი რომ გავავლოთ, ეს ისეთივე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა, როგორიც გერმანელი ძმების, გრიმების ღვაწლი კაცობრიობის წინაშე, რომელთაც 19-ე საუკუნეში ფოლკლორული თქმულებები მოაგროვეს, კარგად შეისწავლეს, გასაგებ ენაზე დაწერეს და შედეგად, ისეთი ზღაპრების უკვდავყოფას შეუწყვეს ხელი, როგორიც სუპერპოპულარული “კონკიაა”, “თოვლის დედოფალი” ან თანამედროვე ბავშვების უსაყვარლესი “რაპუნცელი” (ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, “დისნეიმ” პირველად 2010 წელს აქცია ანიმაციად).

ამავე გზით, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა გადაარჩინეს და შეინარჩუნეს ის, რაც დღეს ქართველისთვის იდენტობის განუყოფელ ნაწილსა და სიამაყის საგანს წარმოადგენს: ქართული ცეკვა.

დღეს საქართველოში არავინ მოიძებნება, ვინც “სუხიშვილები” არ იცის, მაგრამ ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა, რომ თუ არა ილიკოსა და ნინოს ძალისხმევა 1930-1940-იან წლებში, ძნელი სათქმელია, რა ბედი ეწეოდა ამ საამაყო ეროვნულ ფენომენს – ქართულ ცეკვას, რადგან იმ პერიოდის საქართველოში საცეკვაო ხელოვნება საგრძნობლად მივიწყებული იყო. აი, ისევე, როგორც 19-ე საუკუნის ინგლისში მივიწყებას ეძლეოდა საშობაო ტრადიციები და რომ არა დიდი მწერლის, ჩარლზ დიკენსის საშობაო ნოველა, “საშობაო სიმღერა”, შესაძლოა, ევროპაში სულაც არ ყოფილიყო შობა ისეთი მოვლენა, როგორიც დღეს არის (ამიტომაცაა, რომ ეს ნოველა საპატიო ადგილს იკავებს იმ 50 წიგნს შორის, რომლებმაც სამყარო შეცვალა).

“და დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რომ განურჩევლად ასაკისა, ყველა ბავშვი მონდომებულია და უნდა ცეკვის სწავლა; თუ არა პროფესიად ქცევა, თავისთვის მაინც რომ იცოდეს თავისი ეროვნული ცეკვები. მე ამაში კიდევ ერთხელ ვხედავ ნინოს და ილიკოს დათესილ მარცვალს”, – ამბობს ამ უკანასკნელთა შვილიშვილი, საქართველოს ეროვნული ბალეტის დირექტორი, ნინო სუხიშვილი, ოღონდ “მე ამას ყოველგვარი მორიდების გარეშე ვამბობ, პირიქით – სიამაყით. ეს არის ძალიან დიდი რამე, გმირობის ტოლფასი, და ეს ნამდვილად ნინოს და ილიკოს დამსახურებაა და მე მიხარია და ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რომ ეს საქმე გავაგრძელო”.

ძნელია არ გიხაროდეს და არ გეამაყებოდეს.

შოუბიზნესი

“ეს უნიკალური შოუა. მე მსოფლიოში არსად, არც ერთ ქვეყანაში არ გამიგია, რომ ერთი და იგივე შოუ 70 წელზე მეტი, დღემდე მოთხოვნადი იყოს. დღესაც, მაგალითად, როცა ასეთი ამბავი ხდება უკრაინაში, 42 კონცერტი უკვე დაგეგმილია და თითქმის ყველა ბილეთი გაყიდული, – ამბობს ნინო და კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ შოუს დამსახურება არაა, ანუ იცის, რომ შოუ ბიზნესის გარეშე ვერ იარსებებს. “მნიშვნელობა არა აქვს, რას ყიდი – კონცერტს, კვების პროდუქტს თუ რაღაც საგანს. მთავარია, რომ სწორად გაყიდო. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებას როგორ წაიყვან, რას დადებ მოლაპარაკების მაგიდაზე და იქიდან რას მიიღებ”.

ესეც “სუხიშვილების” უნიკალურობაზე მეტყველებს, მით უფრო ქვეყანაში, სადაც შოუბიზნესმა ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი შოუბიზნესის შესახებ ხშირად იმართება “ცხარე” სატელევიზიო ტოქშოუები, რომლებიც მთავრდება ხოლმე რომელიმე ადგილობრივი მომღერლის ბიზნესკრახისთვის განწირული, შოუს ელემენტებს მოკლებული ლირიკულ-სასიყვარულო სიმღერის პრემიერით.

სწორედ შოუსა და ბიზნესის წარმატებული სინთეზის, სხვა სიტყვებით, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის უდიდესი ნიჭიერების შედეგია ის, რომ მათ “ფაქტობრივად, არაფრისგან შექმნეს ისეთი პროდუქტი, რომელიც დღემდე არაჩვეულებრივად იყიდება და დღემდე მოთხოვნადია”. ნინო და ილიკო “ძალიან კარგად გრძნობდნენ, რა სჭირდება მსოფლიოს. რასაკვირველია, ფოლკლორზე დაყრდნობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო; მე ვთვლი, რომ ქართველებს – არამარტო ცეკვაში – უნიკალური ტრადიციები გვაქვს, მაგრამ ამის სწორად გამოყენება და მსოფლიო ბაზრისთვის მარკეტინგულად სწორად მიწოდება აუცილებელია”. – ის, რასაც ილიკომ და ნინომ წარმატებით გაართვეს თავი. “გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი ქორეოგრაფები და მოცეკვავეები იყვნენ ილიკო და ნინო, ილიკო სუხიშვილს ამავე დროს ჰქონდა კომერციის უტყუარი წინათგრძნობა. პროდიუსერი იყო. თავის დროს ალბათ ერთი საუკუნით გაასწრო. 50-იან წლებში მსოფლიო პროდიუსერებს იქით ასწავლიდა, როგორ უნდა გაკეთებულიყო რეკლამა”.

სხვათა შორის, ილიკო სუხიშვილს თურმე დამთავრებულიც ჰქონდა ფაკულტეტი, სახელად “სადირექტორო”, “რაც ალბათ დღევანდელი ბიზნესმენეჯმენტია. ასეა თუ ისე, მან ზუსტად იცოდა, როგორ წარემართა საქმე”.

საქმე, ზუსტად იმავე სტილში, შემდეგ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შვილმა (გნებავთ, ილიკო და ნინო სუხიშვილების მამამ) თენგიზმა გააგრძელა, რომელსაც ყველაზე ცუდ პერიოდში მოუწია მუშაობა – მაშინ, როცა საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა და დამოუკიდებლობა მოიპოვა. “ეს ანსამბლის ისტორიაშიც ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, აი, ის გარდამავალი ეტაპი, როცა საქართველო საბაზრო ეკონომიკაზე იწყებდა გადასვლას. გასტროლები უცებ გაჩერდა, სისტემა შეიცვალა, აბონემენტური სისტემა აღარ მუშაობდა, უკვე უნდა გაგეყიდა კონცერტი, უნდა მოგეზიდა მაყურებელი, რეკლამა უნდა გაგეკეთებინა”. ახალ სისტემაზე გადასვლა და ყველაფრის შენარჩუნება რთული იყო, მაგრამ თენგიზ სუხიშვილმა ეს შეძლო.

“და როგორც ილიკო იყო თავისი კომპანიის PR-ი, მერე – თენგიზი, დღეს მე და ილიკოც (უმცროსი) ამ სისტემით ვაგრძელებთ მუშაობას”.

დღეს ეს მხარე – პროდიუსერულ-ადმინისტრაციულ-მენეჯერული – უფრო ნინოს ევალება: “საგასტროლო ტურნეებს ვგეგმავ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, ხელშეკრულებებს ვაფორმებ”. მისი ძმა, ილიკო, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია, “უფრო დარბაზში შემოქმედებითად ქმნის ცეკვებს, მუშაობს მუსიკაზე”. თუმცა ძმას ნინოც ეხმარება შემოქმედებითად: ილიკოს პროგრამებისთვის კოსტიუმებს ის ქმნის. “იდეები უფრო ილიკოს მოსდის, თუმცა მეც ვთავაზობ ხოლმე რაღაც იდეებს… როცა რაღაც კოსტიუმს ქმნი, მერე ეს კოსტიუმი ხანდახან თავის ცეკვასაც გკარნახობს”. ნინოს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და სწორედ “კოსტიუმების დიზაინერად მოვედი ძალიან დიდი ხნის წინ ანსამბლში, ეს იყო ჩემი პირველი საფეხური ამ ოჯახურ კომპანიაში – სცენოგრაფია. მეხებოდა განათება, კოსტიუმები, გაფორმება”. შემდეგ ცეკვაშიც მოსინჯა თავი: “10 თუ 12 წელი სცენაზე გავატარე”, მაგრამ პარალელურად ბიზნესსსაქმიანობასაც ეწეოდა, “ვეხმარებოდი მამას ამაში და მაინც უფრო ოფისში იყო ჩემი სამუშაო”. ამბობს, რომ მისთვის თავიდან არც ისე ადვილი იყო ეს საქმე, რადგან “არ მაქვს არც ბიზნესმენეჯმენტი დამთავრებული და არც სადირექტორო, მაგრამ მე წლები ვიმუშავე ბაბუასა და ბებიას გვერდით, მერე მამასთან და, მგონი, ბევრად მეტი მივიღე, ვიდრე ჰარვარდში რომ დამემთავრებინა family business management-ის ფაკულტეტი. აქვთ თურმე ასეთი”.

ამ ყველაფერში ინტუიცია ეხმარება: “ინტუიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე, პირადად, ძალიან ხშირად ვმუშაობ აბსოლუტური ინტუიციით და არ მღალატობს ხოლმე. ცოდნის გარდა, ბიზნესში აუცილებელია ინტუიცია და ასეთი მიდგომა უმეტესად ამართლებს”.

ალბათ გარკვეულწილად ამ “ინტუიციის” შედეგი იყო, რომ თავის დროზე უფროსი ილიკო და ნინო ასე კარგად უწყობდნენ ფეხს მსოფლიო მოთხოვნებს, ხვეწდნენ და ართულებდნენ ცეკვებს: “ის ტრადიციული, კლასიკური პროგრამა, დღეს რომ არის, ასეთი კი არ იყო 40-იან წლებშიც! ბევრად უფრო პრიმიტიული იყო. თავიანთი შექმნილი ნინომ და ილიკომ თვითონვე განავითარეს, დახვეწეს, ტემპს აუჩქარეს, ილეთები გაართულეს ისე, რომ ამ ცეკვებს დღემდე შეუძლია აღფრთოვანების გამოწვევა. 30-იანი წლებიდან მოყოლებული, სულ იცვლებოდა, 60-იანებში სულ სხვანაირი იყო, 80-იანებში – კიდევ უფრო განსხვავებული და ა.შ.”.

და დღესაც, ზუსტად ამ სისტემით, აგრძელებენ უმცროსი ილიკო და ნინო მუშაობას, ანუ რაღაცას ცვლიან, ამატებენ, ართულებენ. თუმცა შთაგონების წყაროდ მათთვის მაინც ეროვნული ფოლკლორი რჩება. “მაგალითად, როცა ილიკო რაღაც ახალს ქმნის, არავითარ დადგმებს არ უყურებს. ჩვენი შთაგონების წყარო მაინც ფოლკლორია. ხუმრობით ამას “ილეთების საწყობს” ვეძახით, ერთი-ორი ილეთიდან ახალი ცეკვა იქარგება. ეს ფოლკ-მარცვალი თანამედროვე ცეკვაშიც კი ძლიერია. ხშირად ვამბობ, რომ ეს უძირო სკივრივითაა, რომელიც სულ შეგიძლია გახსნა და ამოიღო ახალი და ახალი იდეები”.

ამ “ინტუიციის” შედეგია დღემდე ძალიან პოპულარული და კომერციულად წარმატებული “ასა”, რომლის პრემიერა პირველად 2002 წელს შედგა. შოუებთან ერთად, გამოსცეს “ასას” CD-ი და DVD-ი, “ესეც სწორი მარკეტინგული გათვლა აღმოჩნდა, რაღაც ისეთი, რასაც წლის ბოლოს შეუძლია, კომპანია მოგებაზე გაიყვანოს”. თუმცა, “დღეს “ასა” უფრო კორპორაციული საღამოებისთვის მუშაობს, რადგან ნაკლები მოცეკვავეა საჭირო და ყველგან შეიძლება, იცეკვო. ამიტომ დიდ სცენებზე უკვე იშვიათად გაგვაქვს, საზღვარგარეთ უფრო ჩვენს ახალ პროგრამას, “ჯუთას”, “ზეკარს” წარვადგენთ”.

ამავე “ინტუიციის” შედეგია ახალი პროექტიც, “რამიშვილები”, რომლის პრემიერა 2013 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართა. “რვა სპექტაკლი ჩავატარეთ სრული ანშლაგით და აქედან გამომდინარე, როგორც მოცეკვავეებისთვის, ისე კომპანიისთვის მოგებიანი აღმოჩნდა. CD-ის და DVD-ის გამოშვებაც იგეგმება”. თანაც “რამიშვილები” ყველა კლასიკური თუ არაკლასიკური პროგრამისგან განსხვავებული, სრულიად თანამედროვე ცეკვაა და სკეპტიკოსმა შეიძლება, მისი საზღვარგარეთული წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, რადგან იქ ბევრი ჰყავს ამ ჟანრს კონკურენტი. მაგრამ “უკვე არის დაინტერესება”: პრემიერაზე სხვადასხვა ქვეყნიდან პროდიუსერები ჩამოვიდნენ და ამ პროექტის გატანის სურვილიც უკვე გამოითქვა. გარდა ამისა, “ძალიან ხშირად გვქონდა მოწვევა იტალიიდან, გერმანიიდან, გამოვსულიყავით თანამედროვე ცეკვის ფესტივალებზე. ამანაც იმოქმედა. არის მოთხოვნა თანამედროვე სპექტაკლზე და უკვე შეგვიძლია, ესეც წარვადგინოთ”. თუმცა, თვლიან, რომ ჯერ კიდევ უნდა შეჰმატონ რაღაცები, დახვეწონ, საქართველოში კიდევ ჩაატარონ კონცერტები და მერე გადაწყვიტონ.

კომერციული პროექტების რიცხვშია ცეკვის სკოლა-სტუდიაც, სადაც “სხვადასხვა ასაკის ბევრი ბავშვი დადის, ბევრი ჯგუფია და, რასაკვირველია, ამასაც მოაქვს კარგი შემოსავალი, რაც, ცხადია, დასს ეხმარება. ხელშეკრულებაა დადებული დასსა და ჩვენს სტუდიას შორის და ხშირად სტუდიის შემოსავლით კომუნალურ გადასახადებს ვიხდით”. კომერციულია მუსიკალური დისკები და ვიდეოჩანაწერებიც; აქვთ თავიანთი ინტერნეტტელევიზია; უშვებენ სუვენირებს – მაისურებს, ჭიქებს, ქუდებს, რაც, ძირითადად, ან საჩუქრებად რიგდება ან კონცერტების დროს იყიდება; გამოცემული აქვთ წიგნები: სუხიშვილების ანსამბლის ისტორია, “ქართული ნაციონალური ბალეტი” (5000-ტირაჟიანი წიგნი მთლიანად გაიყიდა, თუმცა ნინო აპირებს საიუბილეო წელს ისევ გამოსცეს), ილიკო სუხიშვილის მემუარები და პირადად ნინოს გამოცემული “უდიდესი მხატვრის, ანსამბლის სცენოგრაფის, ბატონი სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმების ალბომი”. თუმცა, წიგნების შემთხვევაში, კომერციის გარდა, საქმე ნინოს პოლიგრაფიით გატაცებასთანაც გვაქვს: “ეს ჩემი ჰობია, ძალიან მიყვარს პოლიგრაფია. ანსამბლისთვის ვბეჭდავ მაქსიმალურად ბევრ პროგრამას, ბუკლეტს, აფიშას, კალენდარს… ეს უფრო სასაჩუქრედ კეთდება, უფრო სარეკლამო კამპანიის ნაწილია”.

არაერთი კომერციული პროექტის მიუხედავად, ნინო სუხიშვილს მიაჩნია, რომ შემოსავლის ყველაზე კარგი წყარო კონცერტებია – როგორც ადგილობრივი, ისე გასტროლები. მაგრამ პირველსა და მეორეს შორის ბევრი ტექნიკური სხვაობაა: “საქართველოში ჩვენი პროდიუსერები ჩვენ თვითონვე ვართ. სპონსორი იშვიათად თუ გამოჩნდება, ისიც – არასაკმარისი თანხით. ამიტომ, აქ ხარჯების დაფარვა უკვე სალაროდან გვიწევს – თეატრის იჯარები, რეკლამა, გახმოვანება, განათება, უამრავი ტექნიკური საკითხია, რასაც მთლიანად სალაროთი ვისტუმრებთ”.

საქართველოს გარეთ კი პირადი კონტაქტები აქვთ: “თითქმის ყველა ქვეყანაში ჩვენი პროდიუსერები გვყავს – საპროდიუსერო სააგენტოები, ფირმები ან იმპრესარიოები, რომლებიც ამ ყველაფერს აწესრიგებენ. აკეთებენ პროექტს და ამ პროექტს თავად ყიდიან. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სისტემაა. არის ხოლმე, რომ ერთი სააგენტო რამდენიმე ქვეყანას ფარავს; მაგალითად, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ერთი სააგენტოა, რომელიც ფარავს ბულგარეთს, რუმინეთს, სერბეთს და ა.შ. უკრაინული სააგენტო, მაგალითად, ფარავს მოლდავეთს, ბელორუსს და ა.შ., ხანდახან – ბალტიისპირეთსაც”. ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ანაზღაურებაც. “ზოგან უკეთესი პირობებია, ზოგან – უარესი”. ასე, მაგალითად, დასი ხშირად არა სალაროს, არამედ წინასწარ განსაზღვრული ჰონორარისთვის მუშაობს. “ეს ხელშეკრულების საკითხია. “სალაროზე მუშაობა”, რასაკვირველია, ხანდახან უკეთესია, მაგრამ ბევრი პროდიუსერი ამას არ თანხმდება, რადგან ის ისედაც იხდის გზას, სასტუმროს, თეატრის იჯარას, რეკლამას და ჯამში ძვირად ღირებული პროექტი გამოდის. ამიტომ, კონცერტს ერთჯერადი ფიქსირებული ჰონორარისთვის ვატარებთ. ერთი სიტყვით, ეს მოლაპარაკების საგანია თუ ვერ მოვახერხე კონცერტის კარგად გაყიდვა, მაშინ მირჩევნია, დღიური ანაზღაურებისთვის ვიმუშაოთ. მაგალითად, იაპონიაში ისეთი მაღალია დღიური ანაზღაურება, რომ შეიძლება, ჰონორარზე მეტი გამოვიდეს. ეს კარგია, მით უმეტეს, როცა მოცეკვავე ერთი ან ორი თვე იმყოფება გასტროლებზე და დღიური ანაზღაურება აქვს”.

გააჩნია წელიწადსაც: “ხანდახან კარგ მოგებას წერს კომპანია, ხანდახან ნაკლებს, ისევე, როგორც ყველა ბიზნესი”.

და როცა “კომპანიას კარგი მოგება აქვს, ვრიცხავთ ჩვენს საქველმოქმედო ფონდში, რომელიც თენგიზ სუხიშვილის სახელობისაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი არ გამოდის ხოლმე”.

ფული იხარჯება, ასევე, განათლებაში: “რაშიც ყველაზე მეტ ფულს ვხარჯავ, ეს მომავალი თაობის განათლებაა და მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი დაბანდებაა”.

და ცხადია, ფული იხარჯება “ყველაზე მთავარში, რასაც სუხიშვილების ანსამბლი ჰქვია”. ამ ფულით იკერება კოსტიუმები, იფარება სხვადასხვა ხარჯი… ნინოსთვის თანამშრომლების კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია, “ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც თავს ყველა მის წევრად, “სუხიშვილად” თვლის”. ამიტომ, “ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენს მოცეკვავეებს ფინანსური მხარე მოგვარებული ჰქონდეთ. როცა ოჯახი გყავს, მარტო ხელფასით ვერ იარსებებ… მით უმეტეს, 60%, მეტი თუ არა, ჩვენთან რაიონიდან არის ჩამოსული, რომელმაც ბინის ქირაც უნდა გადაიხადოს და, ბუნებრივია, მარტო ხელფასით შეუძლებელია არსებობა”. და სწორედ ამიტომაა, რომ ნინო სუხიშვილი ხშირად რაღაცებს არ რისკავს: “არ მივდივარ რისკზე, რადგან ძალიან ბევრი ხალხი მიდგას უკან, მოცეკვავეები თავიანთი ოჯახებით. უფრო პატარა ჯგუფი რომ მყავდეს, უფრო გავრისკავდი”.

მოკლედ, რთული მისიაა: “თან უნდა განვითარდე შემოქმედებითად და თან არსებობის საშუალებაც უნდა გქონდეს – მოცეკვავესაც და კომპანიასაც”.

ამას წარმატებით ართმევენ თავს. “ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყოს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია”. მაგალითად, თუ შევადარებთ საქართველოსხელა ქვეყნისთვის ოდნავ უხერხულად მომრავლებულ სახელმწიფო საცეკვაო ანსამბლებს, მაშინ “ძალიან წარმატებულია, მაგრამ უფრო დიდ კომპანიებს რომ შევადაროთ, მაგალითად, Microsoft-ს ან Apple-ს, რასაკვირველია, არაა წარმატებული”.

და აქვე იმასაც გეტყვით, რომ “სუხიშვილები” ნებისმიერ კომერციულ საქმიანობას შპს “სუხიშვილების” სახელით აწარმოებენ. ახლა უკვე შპს “რამიშვილებიც” დაარეგისტრირეს.

სახელმწიფო დასი და საოჯახო ბიზნესი

შპს ზემოთ ტყუილად არ გვიხსენებია. საქმე ისაა – იურიდიული ტერმინები რომ გამოვიყენოთ – “სუხიშვილები” სსიპ-საც (საჯარო სამართლის იურიდიულ პირს), ანუ სახელმწიფო ანსამბლს წარმოადგენენ. ეს სტატუსი, ძირითადად, იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო თუ სთხოვს ამა თუ იმ ღონისძიებაზე გამოსვლას, უნდა გამოვიდნენ. თორემ რაც შეეხება საკონცერტო პროგრამებსა და გასტროლებს, “ეს პირადი კონტაქტებით ხდება, გასტროლების მოწყობაში სახელმწიფო არასდროს გვეხმარება, საგასტროლო გრაფიკი სახელმწიფოს მხრიდან არ დგება, კულტურის სამინისტრო ამაში მონაწილეობას არ იღებს, გარდა იმისა, როცა საქართველოს კულტურის დღეები ეწყობა სადმე, სადაც ჩვენ, პრინციპში, იშვიათად გვეძახიან. კოსტიუმების შეკერვა, პროგრამების შექმნა და განახლება სახელმწიფოსგან არ ფინანსდება”.

თუმცა სახელმწიფო სტატუსს ერთი პრაქტიკული უპირატესობა მოაქვს: წლიური ბიუჯეტი, 960 ათასი ლარი, რომელიც მხოლოდ კომპანიის თანამშრომელთა ხელფასებზე ნაწილდება. ამჟამად კომპანიაში 85 ადამიანია დასაქმებული (ტექნიკური პერსონალით დაწყებული, სოლისტებით დამთავრებული). ცოტა ხნის წინ, 99 ჰყავდათ, მაგრამ შეამცირეს, “სამწუხაროდ. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ეს ხელფასების გაზრდის მიზნით გავაკეთეთ”. ადრე ოთხი სახის ხელფასს გასცემდნენ, ახლა კი ორნაირი ხელფასი დატოვეს, რის შედეგადაც საშუალო ხელფასი 875 ლარს შეადგენს. უმაღლესი (სოლისტის) ხელფასი 1000 ლარია, რიგითი მოცეკვავის – 875.

ნინოს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ ხელფასებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მაინც დიდი შეღავათია: “არაა პატარა თანხა, თუმცა დიდი კომპანიისთვის ნამდვილად არაა ბევრი – მარტო სახელმწიფო ბიუჯეტზე რომ ვიყო, ვერ ვიარსებებდი. მაგრამ სტაბილური ხელფასი მოცეკვავეებს ძალიან ეხმარება: კონცერტი არის თუ არა, გასტროლებზე მიდიან თუ არა, ყოველთვიური ხელფასი მაინც აქვთ”. ეს სტაბილური ხელფასი, კომერციულ მოგებასთან ერთად, “გვაძლევს საშუალებას, რომ ამდენი წელი ასეთ დონეზე ვიყოთ და არ გაქრეს ჩვენ მიმართ ინტერესი. სულ არის გასტროლი, სულ არის მოთხოვნა, სულ არის თვეებზე გაწერილი გრაფიკი”.

ანსამბლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, რადგან საბჭოთა კავშირის დროს დასი სხვაგვარად ვერ იარსებებდა. შესაბამისად, ანსამბლის ოფიციალურ იუბილედ 1945 წლის 11 ივნისი ითვლება – დღე, როცა მას სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. სინამდვილეში კი ანსამბლი უკვე 30-იანი წლებიდან არსებობდა, “ფაქტობრივად, გაგანია საბჭოთა კავშირში კერძო კომპანიად არსებობდნენ”, მაგრამ “დიდი გაჭირვებით. მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც ვიცი, პურის წიგნაკებიც კი არ ჰქონდათ, რადგან მოცეკვავეები, მუსიკოსები, ილიკო და ნინო ოფიციალურად არ მუშაობდნენ. ძალიან გაუჭირდათ. ამიტომ ილიკო სუხიშვილმა უამრავი იშრომა, რომ სახელმწიფო სტატუსი მიეღო. დღეს ეს შეიძლება, შეცდომად ჩაითვალოს, მაგრამ იმ დროს გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო”.

ეს ნაბიჯი, ცხადია, ილიკოსა და ნინოს გარკვეულ დათმობებად დაუჯდათ. დასის გადასარჩენად, მათ, პრაქტიკულად, შეგნებულად თქვეს უარი ავტორობაზე. “იმ პერიოდში, კომუნისტების დროს, ერთგვარ მთავარ ღირებულებად ხალხურობა ითვლებოდა, ხალხური შემოქმედება ძალიან მხარდაჭერილი იყო, განსაკუთრებით მაშინდელი ნომენკლატურის წევრების მიერ. ამიტომ, ნინომ და ილიკომ ბევრი თავისი შექმნილი და მოგონილი ხალხურად გამოაცხადეს”.

და დღეს უკვე ითვლება, რომ ეს ცეკვები და ილეთები “კლასიკურია, ხალხურია. თუმცა ასე არ არის. მათი შექმნილი პროგრამა, რასაკვირველია, ტრადიციულ საფუძველს ემყარება, ძირი ხალხური აქვს, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად თავისუფალი ქორეოგრაფიის ნაყოფი, ნამდვილი თავისუფალი იდეები. ბევრი, ბევრი ცეკვა მათი მოგონილია. ბევრმა, შეიძლება, იცის უკვე, მაგრამ ბევრმა არა, რომ ცეკვა “სამაია” მოგონილია, “ხანჯლური”, “ხევსურული”, “ნარნარი”, “მხედრული” და რომელი ერთი ჩამოვთვალო. გავიდა დრო, არც ისე ბევრი, ნახევარი საუკუნე, და დღეს ეს ცეკვები ხალხურად, კლასიკად ითვლება. და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის ტრადიციული და უნდა დავიცვათ!” თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, “თავდამსხმელი ნინოს და ილიკოსაც ბევრი ჰყავდა მაშინ”.

ასეა თუ ისე, ნინო სუხიშვილს დღეს მაინც ეამაყება, ნაციონალურ ანსამბლს რომ წარმოადგენს. მართალია, სუხიშვილების გასტროლებს სახელმწიფო არ აფინანსებს და სახელმწიფო დასი ქვეყნის სახელით მხოლოდ საკუთარი ძალისხმევისა და პირადი კონტაქტების საშუალებით გადის მსოფლიოში, მაგრამ ნინოსთვის ამას “არა აქვს მნიშვნელობა. ეს უკვე პატრიოტული მომენტია. ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ხელოვნება გაგვაქვს მთელ მსოფლიოში და ისტორიულად ეს ყოველთვის ასე იყო”. მას, როგორც პატრიოტს, ეამაყება, რომ საქართველოს წარმოადგენს. ჩვენ ერის განძად გვთვლიან. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს: თან სახელმწიფო დასია, ქვეყნის სახეა და თან საოჯახო ბიზნესი”.

და ორმაგი პასუხისმგებლობაც არის. ოჯახის მომენტი კი დამატებითი სტიმულია და ალბათ მაინც გადამწყვეტი: “მხოლოდ სახელმწიფო ანსამბლი რომ ვიყოთ და არა საოჯახო, ალბათ ასეთი წარმატებულები არ ვიქნებოდით”.

სუხიშვილები – შეუფასებელი ბრენდი

სუხიშვილი – დღეს ეს ისეთივე ბრენდია, როგორიც, მაგალითად, სახელგანთქმული ავტომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია (და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საოჯახო ბიზნესი), “ფორდი”. ეს უკანასკნელიც, კომპანიის დამაარსებლის, ჰენრის, გვარია, რომლის საქმესაც დღეს მისი შთამომავლები აგრძელებენ. თუმცა, “ფორდისგან” განსხვავებით, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ანსამბლი მსოფლიოში ოფიციალურად “საქართველოს ნაციონალური ბალეტის” სახელით წარდგებოდა. ინგლისურენოვან ქვეყნებში, უფრო Georgian State Dance Company-ს სახელით იცნობდნენ.

“სუხიშვილები” კი იყო ის, რაც დასს ხალხმა შეარქვა და დიდი ხანია, რაც მათ ყველა ამ სახელით მოიხსენიებს. ამიტომ ამ სახელის წინ წამოწევა გადაწყვიტეს და დღეს უკვე აფიშებზეც იყენებენ. ეს მომრავლებული სახელმწიფო ანსამბლების ფონზეც გახდა საჭირო, რომლებიც (ფაქტობრივად, ყველა მათგანი) “ქართულ სახელმწიფო ანსამბლებად” იწოდებიან.

დღეს, “სუხიშვილებზე” და უკვე “რამიშვილებზეც” საავტორო უფლებები დარეგისტრირებული აქვთ (ისე, რაც საავტორო უფლებებს შეეხება, ამ მხრივ, ადგილობრივ რეალობაში ბევრი რამ მაინც მოუწესრიგებელი რჩება; მაგალითად, ტელევიზიები მაინც თავიანთი ნება-სურვილით გადასცემენ “სუხიშვილების” კონცერტებს, რადიო – მუსიკას. თუმცა, ნინოს თქმით, რაღაც სასიკეთო პატარ-პატარა ძვრები არის).

და როცა ნინო სუხიშვილს ამ ბრენდის, “სუხიშვილების”, პოტენციურ ღირებულებაზე ვეკითხებით, გვპასუხობს: “არ იყიდება. ჩემთვის შეუფასებელია”.

და არც არის გასაკვირი. ეს მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე შოუ თუ ბიზნესი. “ეს არის ქვეყნის გადარჩენის, საკუთარი იდენტობის დაცვის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი საშუალება”. ეს მისთვის – ყოველგვარი პათეტიკის გარეშე – ქვეყნის სიყვარულია: “არა აქვს მნიშვნელობა, რა ფორმითაა პატრიოტიზმი გამოხატული – ტყვიას აეფარები ომის დროს, საბრძოლველად წახვალ თუ მთელ ცხოვრებას პოლიტიკას დაუთმობ. თავის პატრიოტიზმს ყველა ისე ამჟღავნებს, როგორც შეუძლია. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატრიოტიზმი და მამულიშვილობა – ის, რაც ნინომ და ილიკომ გააკეთეს და რის გაგრძელებასაც მე და ილიკოც ვცდილობთ. და რომ არა ისეთი სიყვარული, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ძალიან ძნელი იქნებოდა მუშაობა. მთელ მსოფლიოში მეკითხებიან ჟურნალისტები, “რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?” და აი, ალბათ ზუსტად ეს სიყვარულია. ესაა, რაც ჩვენ ძალას გვაძლევს”.

და კიდევ – არის რაღაც, რასაც ნინო სუხიშვილი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის “ერთ დიდ მისტიფიკაციას” დაარქმევდა: “ცოტა რაღაც მისტიკური აუცილებლად ხდება. ამას ვერ ახსნი, ვერ ისწავლი, ვერ მოჰყვები, ვერ გადმოსცემ… რაღაც ისეთი მისტიკური ხდება, რაც სუხიშვილების წარმატებას დღემდე თან სდევს. და ამისთვის მადლობელი ვარ”.

ყველაფერს მართლაც ვერ გადმოსცემ სიტყვებით. დანარჩენი უნდა ნახო, შეიგრძნო და განიცადო.