Super Soaper – ინტერვიუ Global Game Jam Georgia-ს გამარჯვებულ გუნდთან

Super Soaper – ინტერვიუ Global Game Jam Georgia-ს გამარჯვებულ გუნდთან

24-25-26 იანვარს თბილისში მასშტაბური საერთაშორისო ჰაკათონი Global Game Jam-ი ჩატარდა. მასში მონაწილეობის სურვილი 300-ზე მეტმა ადამიანმა და 14 გუნდმა გამოთქვა. გამარჯვება კი მხოლოდ ერთს ზურა სიამაშვილის, გიორგი ნაცვლიშვილის, საბა აღნიაშვილის, ეკა ბარკალაიასა და ალი ნურიევის გუნდს და მათ მიერ შექმნილ თამაშს, Super Soaper-ერგო

როგორ გაჩნდა Super Soaper-ის შექმნის იდეა და რა იყო თქვენთვის ინსპირაცია?

ჰაკათონის თემის (Bubble) გამოცხადების მერე, გუნდს ბევრი ფიქრი მოუწია იმაზე, თუ როგორი თამაშის შექმნა გვესიამოვნებოდა ყველას და ამავდროულად, რას გავწვდებოდით ჩვენი რესურსებით და ცოდნით მოცემული 48 საათის განმავლობაში. საბოლოოდ, შევჯერდით იდეაზე, რომლითაც ხუთივე კმაყოფილი დავრჩით. დავიწყეთ ფიქრი საპნის ბუშტებზე და გაგვახსენდა სათამაშოები, რომლებიც ჩვენს პატარაობაში იყო. ბუშტების გაბერვაზე რომ გავამახვილეთ ყურადღება, დანარჩენიც თავისით მოვიდა.

როგორია თქვენ მიერ შექმნილი თამაშის დეტალები?

თამაშის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოთამაშის განკარგულებაში სხვადასხვა ბუშტის თემატიკის მატარებელი იარაღები და მოწყობილობებია, რომელთა საშუალებითაც მან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტი უნდა დაიცვას, რაც არც ისე მარტივია ლოკაციის პერიოდული ცვლილების გამო. მოთამაშემ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგია და შექმნილ ვითარებას სწრაფად მოერგოს. პროცესი შეიძლება აღიწერებოდეს როგორც First Person Shooter Tower Defense-ი.

როგორ გადანაწილდა როლები გუნდში?

ვეცადეთ, როლები თითოეული გუნდის წევრის შესაძლებლობიდან და ინტერესიდან გამომდინარე გადაგვენაწილებინა. თავიდანვე ვიცოდით, რა გვჭირდებოდა და ვინ გაუმკლავდებოდა კონკრეტულ დავალებას ყველაზე კომპეტენტურად. საბოლოო ჯამში, თითოეულმა გუნდის წევრმა ერთი ან მეტი დავალება აიღო საკუთარ თავზე, რამაც თამაშის ხარისხიც განსაზღვრა და გამარჯვებასაც ხელი შეუწყო.

ალი ნურიევი თამაშის პროგრამირებასა და მთლიან პროდუქტად შეკვრაზე იყო პასუხისმგებელი. ჰაკათონის განმავლობაში თამაშის კოდი, უმეტესწილად, მან დაწერა. ეკა ბარკალაიამ შექმნა დიზაინები, ანიმაციები და დახატა თამაშის მრავალფეროვანი პერსონაჟები. გიორგი ნაცვლიშვილს ევალა თამაშის გარემოსთვის 3D-მოდელების შექმნა. ისაა მთავარი მელოდიის კომპოზიტორიც. საბა აღნიაშვილმა (Sebastian Agner) საკუთარ თავზე აიღო თამაშისთვის 2D- და 3D-მასალის შექმნა, რაც მოიცავდა გარემოს და ინვენტარის კონცეპტუალიზაციასა და დიზაინს. ჯენერალისტ ზურაბ სიამაშვილს ებარა თამაშის დიზაინი და ასრულებდა ხელოვანებსა და პროგრამისტების შორის ხიდის როლს.

რა იყო ყველაზე რთული თამაშის შექმნის პროცესში და როგორ დაძლიეთ ეს გამოწვევები?

ყველაზე რთული იყო იმის დადგენა, თუ როგორ გაგვეხადა თამაში სახალისო, ვინაიდან ვაცნობიერებდით ჩვენი ოპონენტების შესაძლებლობებს და ვიცოდით, რომ ვიზუალურად და ტექნიკურად ყველაზე დახვეწილი თამაში შეიძლება ვერ დაგვემზადებინა, მაგრამ თამაშებში ყველაზე მთავარი ეს არ არის. თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რამდენად გაერთობა მოთამაშე და რა ემოციებს  მიიღებს. ვფიქრობთ, ამ კუთხით უმაღლესი შეფასება მივიღეთ, რამაც, საბოლოოდ, გამარჯვებამდე მიგვიყვანა.

რა მიმართულებით გეგმავთ თამაშის განვითარებას და როგორია გეგმები სამომავლოდ?

ამ თამაშზე მუშაობის გაგრძელება ნამდვილად გვსურს და ვგეგმავთ, შევფუთოთ, დავამუშაოთ და უახლოეს მომავალში, ციფრულ პლატფორმა Steam-ზე გავიტანოთ. იდეების დამუშავებაზეც მიდის საუბარი მაგალითად, რომ Tower Defense-სტილის ნაცვლად, ცოტა კლასიკურზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. გვსურს, არსებული იდეები და სახე შევინარჩუნოთ, რათა თამაშის ატმოსფერო და ხასიათი არ შეიცვალოს, მაგრამ ასევე გვინდა, იდეები კიდევ უფრო დავამუშაოთ და განვავრცოთ, რათა ყველა ტიპის მოთამაშისთვის მაქსიმალურად სახალისო და საინტერესო პროდუქტი შევქმნათ.

დაბოლოს, რას ურჩევდით მომდევნო მონაწილეებს?

ალი: აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა Game Jam-ებზე და ნუ შეგეშინდებათ ოპონენტების მთავარია, გაერთოთ. არ იფიქროთ, რომ თუ 3D-თამაშს ვერ შექმნით, მონაწილეობას აზრი არა აქვს. კარგ თამაშს კარგი გრაფიკა და კარგი კოდი არ განსაზღვრავს.

საბა: თავი შეიძლება არაკომპეტენტური, სუსტი და გამოუცდელიც გეგონოთ, მაგრამ მაინც უნდა გაბედოთ, ჩაახშეთ ეს ხმა და შექმენით რაღაც. მეც არ მეგონა, რომ Game Jam-ში მონაწილეობას მივიღებდი, მაგრამ ეს გავაკეთე და მოვიგე კიდევაც ჩემს გუნდთან ერთად.

გიორგი: მგონია, რომ ინდივიდუალურად ჩვენი გუნდის ვერცერთი წევრი ვერ გაართმევდა ამ თამაშს თავს. სასურველი შედეგამდე მივედით გუნდური მუშაობისა და ერთმანეთში ინფორმაციის გაზიარების შედეგად. ჩემი რჩევა იქნება, რომ თამაშები შეძლებისდაგვარად გუნდურად გააკეთოთ, ვინაიდან ადამიანებთან კომუნიკაციითა და მათთან ერთად მუშაობით ძალიან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.

ეკა: ორ Game Jam-ზე გავსულვარ და მინდა სხვებს ვურჩიო, რომ არ დაიზარონ და მიიღონ მონაწილეობა. თუ ვერ გაიმარჯვებენ, ძალიან კარგი გამოცდილება და სახალისო მოგონებები დარჩებათ, გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს და შემდეგ ჯერზე უფრო მეტად მომზადებულები იქნებიან.

ზუკა: არ შეგეშინდეთ იდეების. ჩაეჭიდეთ იმას, რაც იდეაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და უმარტივეს მამრავლებამდე დაშალეთ ის. ხელოვნება იბადება გამბედაობით და პროცესისადმი ნდობით.


Super Soaper-ის დემო ვერსია.