„სუპერმენმა“ აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში ხუთშაბათის პრემიერის დროს 22.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, უიკენდზე გლობალური პრემიერის ჩათვლით კი ბილეთების გაყიდვით სალაროებიდან ჯამურად 217 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. მსგავსი დებიუტის გათვალისწინეთ, არ არის გამორიცხული, რომ წლების განმავლობაში „სუპერმენი“ DC Studios-ისთვის პირველი დიდი პროექტი გახდეს.
მიღებული შემოსავლით, ჯეიმს განის რეჟისორობით გადაღებულმა ფილმმა, რომელშიც მთავარ როლს დევიდ კორენსვეტი ასრულებს, თითქმის პირველივე შაბათ-კვირას შეძლო წარმოებაზე დახარჯული 225 მილიონი დოლარის გაქვითვა. გარდა ამისა, „სუპერმენმა“, 2025 წელს გამოსულ კინოსურათებს შორის, სადებიუტო უიკენდზე მიღებული თანხის მიხედვით მესამე ადგილი მოიპოვა. მისი შედეგი მხოლოდ „მაინკრაფტსა“ (162 მილიონი აშშ დოლარი) და „ლილო და სტიჩს“ (146 მილიონი აშშ დოლარი) ჩამორჩება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრემიერის დღეს „სუპერმენის“ მიერ გამომუშავებული 22.5 მილიონი დოლარი მცირედ, მაგრამ მაინც აჭარბებს ბოლოდროინდელი ბლოკბასტერების შედეგებს, მათ შორის როგორიცაა „ბარბი“, რომელმაც 2023 წელს პრემიერებიდან 22.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ნაჩვენები შედეგი Warner Bros.-ისა და DC Studios-სთვის, რომლებსაც ბოლო წლებში სუპერგმირული ფრენჩაიზების კონკურენციის დაძლევა უჭირდათ, დიდი წარმატებაა. ფილმის დადებითად მიღებამ, რასაც Rotten Tomatoes-ზე კრიტიკოსების 83%-იანი და დადასტურებული მაყურებლის 93%-იანი შეფასება მოწმობს, DC-ის სამყაროს მიმართ ენთუზიაზმის ხელახლა გაღვივება გამოიწვია.