სურსათით ვაჭრობის აღსადგენად EU რუსულ ბანკებზე სანქციების შერბილებას გეგმავს

სურსათით ვაჭრობის აღსადგენად EU რუსულ ბანკებზე სანქციების შერბილებას გეგმავს

ევროკავშირის მიერ შემუშავებული ახალი დოკუმენტის პირველადი ვერსიის თანახმად, EU საკვებითა და სასუქებით გლობალურ ვაჭრობაში არსებული შეფერხებების შესამსუბუქებლად ზოგიერთ რუსულ ბანკს გაყინულ აქტივებს დაუბრუნებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც აფრიკული სახელმწიფოების ლიდერებმა სავაჭრო ბლოკი სანქციების ნეგატიური ეფექტის შესახებ გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო დაწესებულმა სანქციებმა საკვების დეფიციტი კიდევ უფრო გააძლიერა.

შეგახსენებთ, რომ ეს ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პირველადი ვერსიაა. საბოლოო გადაწყვეტილება სანქციების შემსუბუქების შესახებ დღეს გახდება ცნობილი. დოკუმენტის პირველი ვერსიის თანახმად, ევროპული სახელმწიფოების ლიდერები რუსული ბანკების, VTB-ის, Sovcombank-ს, Novikombank-ს, Otrkitie FC Bank-ს, VEB-ს, PromsvyazBank-სა და Bank Rossiya-ს გაყინულ აქტივებს დაუბრუნებენ.

თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პირის მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ახალი სანქციათა პაკეტი რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის აქტივების გაყინვას გულისხმობს. ამასთან, სანქციები არ დაემუქრება იმ რესურსებს, რასაც სურსათით ვაჭრობისათვის იყენებენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აქტივები აღნიშნულ ბანკებს მას შემდეგ დაუბრუნდებათ, რაც დადგინდება, რომ აღნიშნული ეკონომიკური რესურსები სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტისა და ტრანსპორტირებისთვისაა აუცილებელი.