სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, 13 წლით პატიმრობა შეეფარდა

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, 13 წლით პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედებოდა. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო:

I ეპიზოდი: პროკურატურის განცხადებით, 2022 წლის ოქტომბრში გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის გავლით 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო, რათა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირება გაეწია.

II ეპიზოდი: პროკურატურის ცნობით, 2022 წლის თებერვალში, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია “ექსპრესსერვისი 2008-ის” დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.

III ეპიზოდი: მისივე განცხადებით, 2021-2023 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველი იყო. პროკურატურის ცნობით, ის ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. უწყების ინფორმაციით, ქოლ-ცენტრებიდან გრიგოლ ლილუაშვილმა, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით ქრთამის სახით დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

IV ეპიზოდი: პროკურატურის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს. მისივე ინფორმაციით, ეს უკანასკნელი საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით დიდი ოდენობის თანხებს იღებდა.

გრიგოლ ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს.