სუს-ის თქმით, ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა

სუს-ის თქმით, ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა. სუს-ის თქმით, ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ტოვებს სუს-ის შენობას ყოფილი პრემიერი, რომლის სახლიდანაც რამდენიმე დღის წინ დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასი ნივთები ამოიღეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკების შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ 17 ოქტომბერს გაავრცელა.

18 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ადგილიდან ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა ამოიღეს.