ტაივანური TSMC Anthropic-სა და OpenAI-ში $1 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს

ტაივანური TSMC Anthropic-სა და OpenAI-ში $1 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

 

ტაივანური TSMC ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პოზიციების გაძლიერებას განაგრძობს და წამყვან AI-კომპანიებში, Anthropic-სა და OpenAI-ში, ჯამურად $1 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს. ინვესტირების გეგმა TSMC-ის დირექტორთა საბჭომ სამშაბათს დაამტკიცა.

გეგმის თანახმად, ტაივანური კომპანია Anthropic-ში $500 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც TSMC სტარტაპის აქციებს თავდაპირველი საჯარო შეთავაზების (IPO) ფასად შეისყიდის. ამასთან, დამატებით კომპანია $500 მილიონამდე დაფინანსებას ჩადებს OpenAI-ში და კომპანიის პრივილეგირებულ აქციებს შეიძენს.

TSMC-ის ინვესტირების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Anthropic-მა თავისი აქციების ფასი IPO-სთვის $70-$78-ის ფარგლებში განსაზღვრა. კომპანია საფონდო ბირჟაზე აქციების საჯარო დალისტვით $1.4 ტრილიონამდე საბაზრო ღირებულების მიღწევას განიხილავს.

პარალელურად, Claude-ის შემქმნელი აქციების კერძო გაყიდვის რაუნდში დამატებით $26 მილიარდის მოზიდვასაც გეგმავს. დაფინანსების ამ რაუნდში ისეთი მსხვილი ინვესტორები იღებენ მონაწილეობას, როგორებიცაა Google-ი, Nvidia, AMD და Microsoft-ი.

თავის მხრივ, TSMC-მ, რომელიც გლობალურად წამყვანი AI-კომპანიებისთვის, მათ შორის Nvidia-სთვის, ჩიპების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია, ზედიზედ მეექვსე კვარტალში რეკორდული მოგება დააფიქსირა. TSMC 2026 წელს წლიური შემოსავლის დაახლოებით 44%-იან ზრდას პროგნოზირებს.

კომპანიის განცხადებით, ჩიპებზე მოთხოვნა მის საწარმოო შესაძლებლობებს კვლავ აჭარბებს. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად TSMC წარმოების გაფართოებასაც გეგმავს. მათ შორის, არიზონაში საწარმოო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად უკვე დაანონსებულია $265 მილიარდის ინვესტიცია.