ტარიფების გამო, GM-მა II კვარტალში $1.1 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო

ტარიფების გამო, GM-მა II კვარტალში $1.1 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო

General Motors-მა მეორე კვარტალში $3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით $1.1 მილიარდით ნაკლებია. კომპანიის თქმით, კლებას ძირითადად ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები განაპირობებს. GM-მა განცხადება სამშაბათს, კომპანიის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას გააკეთა.

GM-ის ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში კომპანიის მიერ მიღებულმა წმინდა მოგებამ $1.89 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ($2.93 მილიარდი) საგრძნობლად ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ კვარტალური ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 6.5%-ით შემცირდა.

ავტომწარმოებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტარიფების ზეგავლენის პროგნოზი წლიურ შემოსავალზე $4-5 მილიარდამდე შენარჩუნებულია, თუმცა, სავარაუდოდ, მესამე კვარტალში ზეგავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება — განსაკუთრებით არაპირდაპირი ხარჯების ფონზე.

არც ისე სახარბიელო ფინანსური შედეგების მიუხედავად, GM-ის აღმასრულებელი დირექტორი, მერი ბარა, ინვესტორებისთვის გაგზავნილ წერილში ამაყად საუბრობს კომპანიაში განხორციელებულ $4-მილიარდიან ინვესტიციაზე — მიჩიგანში, კანზასსა და ტენესში არსებულ ქარხნებში. მისი თქმით, მექსიკიდან დაახლოებით 2 მილიონი ავტომობილის წარმოების აშშ-ში გადატანა ტარიფების რისკს შეამცირებს.

ბარამ ასევე ხაზი გაუსვა GM-ის წარმატებას ელექტრომობილების სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ელექტრომობილებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ცდილობს. მისი თქმით, მეორე კვარტალში Chevrolet აშშ-ში მეორე ყველაზე გაყიდვადი EV-ბრენდი გახდა, ხოლო Cadillac-ი — მეხუთე.