ფოტო: Getty Images
ოთხშაბათს, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ მთავრობას გაუქმებული ტარიფებით მიღებული გადასახადების უკან დაბრუნების განკარგულება მისცა. საუბარია დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საყოველთაო ტარიფების შედეგად მიღებულ შემოსავალზე, რომელიც თებერვლის აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო. ბიუჯეტის ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბიზნესებისათვის დასაბრუნებელი თანხა $168-დან $182 მილიარდამდე იქნება.
საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს უფროსმა მოსამართლე რიჩარდ ითონმა საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტოს დაავალა, დღეს წარმოადგინოს სატარიფო გადასახადების უკან დაბრუნების საწყისი გეგმა, რათა თავიდან აირიდონ ათასობით სარჩელი. კონკრეტულად რა მექანიზმით განხორციელდება გადახდილი ტარიფების უკან დაბრუნება, ჯერჯერობით უცნობია.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო საბაჟო სამსახურის საყურადღებოდ, რომ მათ უნდა დააბრუნონ ყველა თანხა, რომელიც უკანონოდ ააგროვეს“, – განაცხადა მოსამართლე რიჩარდ ითონმა.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ფისკალური კვლევითი ჯგუფის ეკონომისტების დათვლებით, საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტომ 2025 წლის 4 თებერვლიდან 2026 წლის 23 თებერვლამდე დაწესებული ტარიფების სახით $182 მილიარდი მიიღო. თავად აშშ-ის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 დეკემბრის მონაცემებით, ტარიფების დაწესების შედეგად მიღებული შემოსავალი $133.5 მილიარდი იყო.
შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპის ტარიფების უკანონოდ ცნობის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლის შესაბამისად, დროებითი, 10%-იანი გლობალური ტარიფები დააწესა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ის 15%-მდე გაიზრდებოდა.













