ფოტო: Getty Images
პარასკევს აშშ-ის სამივე ძირითადი საფონდო ინდექსი გაიზარდა, რაც უზენაესი სასამართლოს მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გლობალური ტარიფების პოლიტიკის არაკონსტიტუციურად ცნობას მოჰყვა. საფონდო ბირჟებზე ზრდა დაფიქსრიდა იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის ეკონომიკამ ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ყველაზე ნელი ზრდა აჩვენა.
S&P 500-ის საფონდო ინდექსის შემთხვევაში დაახლოებით 0.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო Dow-ისა და Nasdaq-ის ინდექსები, შესაბამისად, 0.3%-ით და 0.7%-ით გაიზარდა. ყველაზე მკვეთრი მატება კი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებმა აჩვენა, მათ შორის Amazon-მა (1.7%) და Salesforce-მა (1.1%). აღსანიშნავია, რომ Nasdaq-ზე დალისტულმა კომპანიებმა ჯამურად საბაზრო კაპიტალიზაციის $353-მილიარდიანი ზრდა დააფიქსირეს.
პარასკევს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 2025 წლის ბოლო კვარტალში 1.4%-მდე შენელდა. თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გლობალური ტარიფების არაკონსტიტუციურად ცნობამ ინვესტორების განწყობაზე დადებითად იმოქმედა, რაც საფონდო ბირჟებზეც აისახა.
კერძოდ, გუშინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 1977 წლის კანონის – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA) – გამოყენებით უფლებამოსილებას გადაამეტა.
ცნობისთვის, IEEPA პრეზიდენტებს უფლებამოსილებას აძლევს დააწესონ ეკონომიკური სანქციები ეროვნული საგანგებო სიტუაციების დროს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ ეს უფლებამოსილება ტარიფების დაწესებას მოიცავს. ამიტომ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ შეიძლება გავრცელდეს ტარიფებზე.
შეგახსენებთ, 2025 წლის აპრილის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ფართომასშტაბიანი ტარიფები გამოაცხადა, რომლებიც ყველა ქვეყნიდან საქონლის იმპორტზე 10%-იან საბაზისო გადასახადს ითვალისწინებდა. ტრამპმა ზოგიერთი სახელმწიფოს შემთხვევაში გადასახადი დამატებით გაზარდა. ტარიფების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში საფონდო ბირჟა ჩამოიშალა. 3 აპრილს S&P 500 დაახლოებით 4.8%-ით დაეცა, Dow-ის შემთხვევაში 4%-იანი, ხოლო Nasdaq-ის შემთხვევაში 6%-იანი კლება აღინიშნა.









