სულ ერთი თვეა, რაც ავთანდილ (ავთო) გიგინეიშვილი და ლევან შანიძე “TBC კაპიტალის” მმართველი დირექტორები გახდნენ და გეგმავენ შექმნან საინვესტიციო ბანკი, მართვისა და ბაზარზე ოპერირების განსხვავებული სტილით.
ავთო გიგინეიშვილმა “TBC კაპიტალში” ერთ-ერთი წამყვანი გლობალური საინვესტიციო საბანკო ფირმიდან Jefferies International-დან გადმოინაცვლა, სადაც, ოცწლიანი კარიერის განმავლობაში ლონდონში არაერთი პოზიცია ეკავა: კვლევის ანალიტიკოსის, პორტფელის მენეჯერის, უფროსი ვიცე-პრეზიდენტისა და მმართველი დირექტორის.
არანაკლებ შთამბეჭდავია ლევან შანიძის რეზიუმეც, რომელმაც “TBC კაპიტალში” მოსვლამდე ჰონკონგში თითქმის ოცწლიანი კარიერა Jardine Fleming-ში წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებით (Derivatives) დაიწყო, JP Morgan-ში, Lehman Brothers-სა და Nomura International-ში განაგრძო, ხოლო Silverhorn Investments-ში დაასრულა როგორც წამყვანმა პორტფელის მენეჯერმა.
როგორც “TBC კაპიტალის” თანამმართველები ლევან შანიძე და ავთო გიგინეიშვილი “TBC ბანკს” წარმოადგენენ საქართველოს საფონდო ბირჟაზეც, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.
საქართველოდან ორივე თითქმის ერთდროულად წავიდა, 90-იანი წლების შუა პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, 25 წელია მეგობრობენ და ერთმანეთთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. საბოლოოდ, 20 წლის შემდეგ, მათი გზები აზიიდან და ევროპიდან ისევ თბილისში გადაიკვეთა, “TBC კაპიტალის” გასაძლიერებლად.
არცერთი მათგანი არ მიიჩნევს, რომ მათი წასვლით საქართველოსთან კავშირი გაწყდა. სამშობლოში დაბრუნება დღის წესრიგში ყოველთვის იდგა, “სხვანაირად არც განიხილებოდა”. სანამ უცხოეთში იყვნენ, დისტანციურად, სულ ფიქრობდნენ საქართველოში ერთობლივი პროექტის დაწყებაზე, რომელშიც დაგროვილ გამოცდილებას გამოიყენებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, მათი სურვილი რომ გაიგო, საერთო მეგობარი, პაატა ქურდაძე მეგობრებს მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრაში დაეხმარა.
“მანამდე არ ვიცნობდით მამუკას და როცა შევხვდით, პირველივე ხუთი წუთის განმავლობაში გაირკვა, რომ სრული თანხვდენა იყო ჩვენს ხედვებს შორის. თანამშრომლობის საკითხი, ფაქტობრივად, პირველ ორ წუთში გადაწყდა”, – იხსენებს ავთო გიგინეიშვილი.
თანამშრომლობის საკითხის გადაწყვეტის შედეგად “TBC კაპიტალი” უნდა გახდეს “წმინდა წყლის საინვესტიციო ბანკი”.
დღეს “TBC კაპიტალი” საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევით სერვისებს სთავაზობს ბაზარს. საინვესტიციო ბანკის ბოლოდროინდელი აქტივობებიდან მხოლოდ გასული წლის ნოემბერში, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მიერ 45 მილიონის ლარში დენომინირებული, სამწლიანი ვადიანობის ბონდების განთავსების გახსენება შეიძლება. ამდენად “TBC კაპიტალის” მოქმედ მენეჯმენტს სურს მან უფრო აქტიური როლი შეასრულოს ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. ამისთვის საჭიროა როგორც ინსტიტუციურ, ისე სტრატეგიულ ინვესტორებთან ინტენსიური მუშაობა, რათა მათთვის მიმზიდველი და საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობები დაინახონ საქართველოში და განახორციელონ ინვესტიციები.
პირველი მსხვილი პროექტი, რომელსაც “TBC კაპიტალი” ინვესტორებს შესთავაზებს, სავარაუდოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება, რომლის განხორციელების უფლება “TBC ჰოლდინგისა” და ამერიკული “კონტი ჯგუფისგან” დაკომპლექტებულმა კონსორციუმმა მოიპოვა.
“ეს ერთ-ერთი საინტერესო ტრანზაქციაა – საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ინვესტორებისთვისაც ძალიან საინტერესო ბევრი კუთხით. ისეთი პროექტია, რომელიც საქართველოს ეკონომიკის პროფილს საერთოდ შეცვლის, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ და ინვესტორებისთვისაც ძალიან მოგებიანად განიხილება. მათ ეძლევათ შანსი, ინვესტიცია განახორციელონ პროექტში, რომელსაც მთავრობა სერიოზულად უჭერს მხარს, ხოლო კერძო სექტორიდან დიდი გამოცდილების მქონე პარტნიორები არიან ჩართულები. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაზეც ახლა ვმუშაობთ”, – ამბობს ავთო გიგინეიშვილი.
სხვებზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა “ბევრ პროექტზე” მუშაობენ. კითხვაზე, რა აინტერესებთ ინვესტორებს დღეს საქართველოში, ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უპირობო ლიდერია, თუმცა, მაგალითად, ავთო გიგინეიშვილი თავად რომ ინვესტორი ყოფილიყო, ტურიზმსა და ფინანსურ სექტორში ინვესტირებით დაინტერესდებოდა, რადგან “ორივეში ისეთი საინტერესო დინამიკაა, კარგი მოგების ნახვა შეიძლება”.
ლევან შანიძეს კიდევ უფრო საინტერესო მოსაზრება აქვს, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება, თუმცა “დროის ზონებიდან გამომდინარე”.
“საქართველოს საინტერესო გეოგრაფიული სიტუაცია აქვს დროის ზონების მიხედვით. ამას მაშინ მივხვდი, როცა ჰონკონგში მუშაობის მერე აქ ჩამოვედი: იქ ამერიკასთან თუ მინდოდა მუშაობა, დილის 4 საათზე მიწევდა გაღვიძება, საქმის გაკეთება და ისევ დაძინება. აქ რომ ჩამოვედი, ვაგრძელებდი ჰონკონგზე მუშაობას და მივხვდი, რომ დილით ნორმალურად ადრე გავიღვიძე, მთელი დღე საქმეებს ვაგვარებდი და აქაური დროით ღამის 12 საათზე იკეტებოდა ამერიკა. ისეთი სასიამოვნო აღმოჩენა იყო, რომ ნორმალური დღის პირობებში ყველა ბაზრისთვის შეგიძლია იმუშაო”, – მიზიარებს საკუთარ აღმოჩენას “TBC კაპიტალის” თანამმართველი, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ სათანადო პირობებს შეუქმნის, საქართველოს შეუძლია მოიზიდოს ის კომპანიები, რომლებსაც აქვთ სატელეფონო მომსახურების, კომპიუტერული უზრუნველყოფის პროგრამინგისა და ფინანსური სერვისების განყოფილებები, რადგან სწორედ ასეთ სტრუქტურებს უწევთ ყველაზე ხშირად ერთდროულად სხვადასხვა კონტინენტთან კავშირის დამყარება.
“თუ შეუქმნი მიმზიდველ საკანონმდებლო ბაზას, ძალიან გამარტივებულ და კონკურენტულ საგადასახადო პირობებს, მისცემ იმის გარანტიას, რომ ასეთი პირობები დიდხანს შენარჩუნდება – მაშინ ეს მიმზიდველი იქნება ამ ბიზნესებისთვის, რომლებიც რეალურად სერვისის ექსპორტია და შენს 4-მილიონიან მოსახლეობაზე არ გზღუდავს”, – მიაჩნია ლევან შანიძეს.
ლევან შანიძეც და ავთო გიგინეიშვილიც “ძალიან ანტი გადასახადები არიან”, ანუ ემხრობიან მათ მაქსიმალურად შემცირებას. “ბუნებრივია, რომ ეგრე ვფიქრობთ. როდესაც კაპიტალის ბაზრებზე იმუშავებ, უცნაურია, გინდოდეს მაღალი გადასახადი, როცა იცი რამდენად არაეფექტიანად მუშაობს ქვეყანა, რომელშიც მაღალი გადასახადების სტრუქტურაა”, – განმარტავს ავთო გიგინეიშვილი.
ლევან შანიძე ისევ ჰონკონგის მაგალითს იშველიებს, სადაც დამატებითი ღირებულების გადასახადი ნულია, ხოლო მოგების გადასახადი – 15-17%.
“ჩვენ გვინდა, რომ მაღალი დამატებითი ღირებულების ბიზნესები გვქონდეს. თუ ასეთ ბიზნესს აიღებ და VAT-საც გადაახდევინებ, მაშინ გამოდის, რომ მისი გადასახადი 35%-მდე ადის. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა მიდის მუშაობა, რომ გადაიხედოს რეგულაციები კაპიტალის ბაზრისა და სხვა ბევრი ინსტრუმენტის მიმართულებით კომპლექსურად, რაც სწორია”, – ამბობს ლევან შანიძე.
ფასიან ქაღალდებსა და დაბეგვრასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება საინვესტიციო ბანკს საშუალებას მისცემს, უკეთ დააინტერესოს ინვესტორები ქვეყანაში ფულის დაბანდებით. შედეგად, ქართულ კომპანიებს გაუჩნდებათ წვდომა დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე, გარდა ბანკებისა, რომლებიც დღეს ბაზრის დაფინანსების მთავარ წყაროდ განიხილებიან.
“ჩვენ სხვანაირი სტილი და მიდგომა გვექნება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით, რომლებსაც ახლა ვერ გავამხელ. ვხედავთ, რომ ამ ბაზარს სჭირდება მოწესრიგება. საერთოდ, კაპიტალის ბაზარი არის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ანუ როგორც სისხლი ორგანიზმისთვის და ის ჩვენთან ჯერ ჩამოუყალიბებელია, თუმცა არის მონდომება მის გასავითარებლად”, – ამბობს ლევან შანიძე.
კაპიტალის ბაზრის სამი შემადგენელი ნაწილიდან ქვეყანაში განვითარებული არ არის თითქმის არცერთი. არც ისე ბევრი ადგილობრივი კორპორაციაა, რომელიც უკვე ფიქრობს კაპიტალის მოზიდვას ობლიგაციების ან აქციების განთავსების გზით, რაც შესაძლოა იმითაც იყოს განპირობებული, რომ კაპიტალის ასეთი გზებით მოზიდვის დადებითი მხარეები მკაფიოდ არ არის გააზრებული. არც იმ ინვესტორთა სიჭარბეა, რომლებიც ქართულ კორპორაციებში ფულის დაბანდებას მოინდომებდნენ. ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა გასაწევი და საინვესტიციო ბანკები ჯერ მხოლოდ ახლა აქტიურდებიან, თუმცა მათ მიერ სწორი პროდუქტების შემუშავების შემთხვევაში, რომელიც თითოეული მხარის მოთხოვნას მეტ-ნაკლებად მოერგება, სიტუაცია შესაძლოა უკეთესობისკენ შეიცვალოს.
“ქართულ კორპორაციებს ადრე არ ჰქონდათ იმის საჭიროება, რომ კაპიტალი მოეზიდათ, გაეზარდათ ბრუნვა, გასულიყვნენ საერთაშორისო ბაზრებზე, ჰქონოდათ კონკურენცია, მაგრამ ახლა უკვე გამოჩნდა ასეთი შესაძლებლობები და კაპიტალი საჭირო გახდა. როცა საუბარი არის იმაზე, თუ რატომ არ არის აქტიური ვაჭრობა ჩვენს ბირჟაზე, ამას ყველაფერს უნდა გამოზრდა და სწორედ ამისთვის არის საჭირო საინვესტიციო ბანკი. უკვე სხვანაირი დრო მოდის, როცა კორპორაციებს ობლიგაციების განთავსებაც უნდათ და ალბათ წილობრივი კაპიტალის გასხვისებასაც ეტაპობრივად შეხედავენ ზუსტად ისე, როგორც ახლა ობლიგაციებს უყურებენ”, – მიაჩნია ლევან შანიძეს.
“ჩვენ პროდუქტებს შევქმნით. შეიძლება ახლა ვინმეს უნდა კიდეც ბირჟაზე ვაჭრობა, მაგრამ როგორ ივაჭრონ, როცა პროდუქტები არ არის”, – საუბარში ერთვება ავთო გიგინეიშვილი.
პროდუქტები, რომლებსაც “TBC კაპიტალი” შექმნის, იქნება ობლიგაციები, აქციები, დერივატივები, თუმცა ძირითადი კონცეფცია იქნება ერთი: მხარეებს უნდა ჰქონდეთ ამ პროდუქტების და ფინანსური ინსტრუმენტების გაცვლა-გამოცვლის სურვილი და ინტერესი.
ამ ფონზე, პრობლემაა ქვეყანაში ადგილობრივი ინსტიტუციონალური ფონდების არარსებობაც, თუმცა საინვესტიციო ბანკირებს ეიმედებათ საპენსიო რეფორმა, რაც, ერთი მხრივ, შექმნის პროფესიონალი ინვესტორის პრეცედენტს ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიები უკეთ დაინახავენ იმ სარგებელს, რაც “ცივილიზებული ფორმით კაპიტალის ბაზართან ურთიერთობას მოაქვს”.
თუმცა, რეფორმას კრიტიკოსები არ აკლია. კრიტიკის ძირითადი ნაწილი დამსაქმებლებზე დამატებითი წნეხის გაჩენის და თავად საპენსიო თანხების მართვის ნაწილზე მოდის, რადგან ერთი მხრივ, დამსაქმებლები ვალდებულები იქნებიან დასაქმებულს, თუკი მას საპენსიო სქემაში ჩართვის სურვილი გაუჩნდა, დაუმატონ ხელფასის 2%, ხოლო მეორე მხრივ – არსებობს ვარაუდები, რომ მთავრობამ საპენსიო ფონდის სახსრები საბიუჯეტო საჭიროებებზე მიმართოს, ან თავად საპენსიო ფონდმა ვერ შეძლოს თანხის მოგებიანად დაბანდება.
“მგონი, გაკეთებულია კალკულაცია, რომ ქვეყანას ურჩევნია კერძო საპენსიო სისტემა. იმიტომ, რომ ის ნაკლებად დააწვება სახელმწიფოს, ანუ იმის რისკი, რომ ეს კერძო საპენსიო ფონდი უახლოეს მომავალში გამოიყენოს სათავისოდ, პირიქით, უფრო მცირდება”, – მიიჩნევს ლევან შანიძე.
გარდა ამისა, მისი თქმით, საპენსიო რეფორმა არა მარტო ლარის რესურსს გააჩენს ბაზარზე, არამედ ხელს შეუწყობს კულტურის განვითარებას: “კომპანიებს მისცემს მაგალითს, რომ თუ მოაწესრიგებენ შიდა სამზარეულოს, შეძლებენ კაპიტალის მოზიდვას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას”.
ავთო გიგინეიშვილს არსებული სიტუაცია უფრო სარისკოდ ეჩვენება, როდესაც პენსიებს ბიუჯეტი გასცემს. მისი აზრით, ეს “ძალიან პრიმიტიული მეთოდია 21-ე საუკუნეში”.
“საპენსიო ფონდში პენსიის დაგროვება და გადახდა არის აქტივებისა და ვალდებულებების შეჯერება, რისთვისაც საპენსიო ფონდებს ჰყავთ მათემატიკოსები და ისინი ითვლიან, თუ რა თანხები უნდა გადაიხადონ, რა ვადაში და იმისთვის, რომ ამის გადახდა შეძლონ, დაგროვილი თანხები როგორ დააბანდონ. ამას საკმაოდ რთული მათემატიკური მოდელები სჭირდება, მაგრამ ეს არის სპეციალისტების საქმე და ბევრად უფრო ეფექტიანად ხდება ეს პროცესი, ვიდრე ის, რომ მთავრობამ დაბეგროს მოსახლეობის ნაწილი და მერე მათგან მიღებული ფული დაუბრუნოს პენსიონერებს”, – მიაჩნია ავთო გიგინეიშვილს.
ის უფრო დიდ რისკად განიხილავს საპენსიო ფონდის არასპეციალისტებისთვის მინდობას, თუმცა ამის თავიდან ასარიდებლად, “ყოველთვის შეიძლება უცხოურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკება და ისინი ამ საკითხს ძალიან მარტივად მოაგვარებენ, მთავარია ნება იყოს”.
“TBC კაპიტალის” ახალ მმართველებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ბოლო ოცი წლის განმავლობაში ძირითადად ქვეყნის გარედან აკვირდებოდნენ, მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში “ყველაფერი ვითარდება ზუსტად ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს”, თუმცა სხვა საკითხია, ვის რა მოსწონს და რა – არა.
მაგალითად, ავთო გიგინეიშვილს, რომელსაც მანქანა არ ჰყავს და ფეხით დადის, ლონდონის შემდეგ ძალიან არ მოსწონს, რომ თბილისში მანქანები ძნელად უჩერებენ გადასასვლელზე “სანამ ბორბლებში არ ჩაუვარდება”, მაგრამ “ამის გამო ვერ იტყვის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება”.
პრინციპში, დამატებითი ღირებულების გადასახადს თუ არ ჩავთვლით, ავთო გიგინეიშვილს და ლევან შანიძეს ყველაფერი აკმაყოფილებთ იმისთვის, რომ საქმეს შეუდგნენ. საქმე ბევრია. იმდენი, რომ როგორი კონკურენციაც არ უნდა იყოს ბაზარზე, ყველას საკმარისად რჩება. მათაც არ ეზარებათ, “პროდუქტებს შექმნიან, ახალ მიდგომებს დანერგავენ” და იმედი აქვთ, 2-3 წლის შემდეგ კონკრეტული შედეგებიც ექნებათ. მანამდე, როგორც ჭეშმარიტ საინვესტიციო ბანკირებს, “ზარ-ზეიმის ატეხა” მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.