TBC Capital: სად და რამდენი დახარჯეს არარეზიდენტმა ვიზიტორებმა საქართველოში?

TBC Capital: სად და რამდენი დახარჯეს არარეზიდენტმა ვიზიტორებმა საქართველოში?

TBC Capital-ის ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51%-ით აღდგა, ასევე გაიზარდა არარეზიდენტების მიერ უნაღდო ანგარიშსწორება, 7%-ით. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების მიხედვით ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი ლიდერობენ 16,5%-ით. ასევე 2019 წელთან შედარებით გაორმაგდა უკრაინის წილი, ხოლო მეზობელი ქვეყნებიდან მიღებულმა შემოსავალმა 41%-დან 26%-მდე იკლო. 2021 წლის პირველი ოქტომბრისთვის, 2019 წლის სამი კვარტალის ტურისტული შემოსავლების 34% უკვე აღდგენილია.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებამ, რა თქმა უნდა, გავლენა Airbnb-ის შემოსავალზეც იქონია. Airbnb-ის ბაზრის შემოსავლები 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის სექტემბერში 64%-ი შემცირდა. ზაფხულის შემდგომ შემცირდა სასტუმროების დატვირთულობაც 27%-ით და 50% შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე 19%-ით ნაკლებია. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია როგორც დიდი, ასევე საშუალო და მცირე სასტუმროების დატვირთულობაც.

რეგიონების მიხედვით, რთველის დაწყებასთან ერთად, ყველაზე დიდი პოპულარობით ტურისტებში კახეთი სარგებლობს. კახეთი სასტუმროების დატვირთულობით პირველ ადგილზეა (62%) და 2019 წლის მონაცემებს 22%-ით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი კლება თბილისის სასტუმროებში დაფიქსირდა (52%), შავიზღვისპირეთში კი სიტუაცია თითქმის უცვლელია. უნაღდო დანახარჯები 2019 წელთან შედარებით 23%-ით შემცირდა, საიდანაც თბილისის სასტუმროებზე დანახარჯების შემცირება 37%-ით, ხოლო რეგიონებზე მხოლოდ 5%-ით აღინიშნა. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით შემცირდა სასტუმროების საშუალო დღიური ფასიც 23%-ით.

საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები სექტემბერში კვლავ აჭარბებს ადგილობრივების უნაღდო დანახარჯებს და ჯამურად 65,9%-ს შეადგენს. 2021 წელის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების უნაღდო დანახარჯების წილი მაღალია თბილისში (73,8%), აჭარაში (67,8%), მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში. ადგილობრივი ვიზიტორები კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის რეგიონებში ლიდერობენ.