TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 1,188,234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების 20%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ვიზიტორთა კლებამ ტრადიციულზე დაბალი მაჩვენებელი – 15% დააფიქსირა, როდესაც 2019 წელს კლება 28%-ს შეადგენდა.
ზაფხულის შემდგომ, ვიზიტორების ტრადიციულზე დაბალი კლება შედარებით სტაბილურმა ეპიდვითარებამ და ქვეყნების ნაწილის მიერ შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა. შედეგად, 2021 წლის სექტემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 349%-ით გაიზარდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის 28,9%-იან აღდგენას გულისხმობს.
TBC Capital-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი, საერთო რაოდენობის 15% – რუსეთიდან ეწვია. იზრდება შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერესიც. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით ვიზიტორთა შორის გაიზარდა თურქეთის, ისრაელის, ასევე აღმოსავლეთ ქვეყნების, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების წილი. მეზობელი ქვეყნების წილი წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა და 41% მოიცვა.
რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების აღდგენას საზღვრის ტიპის მიხედვით, სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორთა კლებასთან ერთად საჰაერო მიმოსვლის აღდგენა შემცირდა და 69,5% შეადგინა. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით შემცირდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, თუმცა გაიზარდა ბათუმის აეროპორტის ვიზიტორთა რიცხვი, შესაბამისად, 39%-ითა და 6%-ით. ხოლო სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი აგვისტოსთან შედარებით მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და 16% შეადგინა.