„თბილღვინოს“ სამოცწლიანი წარმატების ისტორია - ინტერვიუ ზურა მარგველაშვილთან

„თბილღვინოს“ სამოცწლიანი წარმატების ისტორია - ინტერვიუ ზურა მარგველაშვილთან

საქართველოში, ანუ ღვინის სამშობლოში ღვინო რომ ძალიან უყვართ, აისახება არა მხოლოდ მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე, არამედ ამ სექტორში არსებული კომპანიების მრავალწლიან ისტორიაზეც. აი, სწორედ ასეთი კომპანიების თანრიგს მიეკუთვნება 1962 წელს დაფუძნებული „თბილღვინო“, რომელიც, წლების განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ღვინის მწარმოებლად იქცა.

წლევანდელი წელი „თბილღვინოსთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. პირველი მიზეზი, ცხადია, კომპანიის სამოცი წლის იუბილეს უკავშირდება, რომლის აღსანიშნავად „თბილღვინომ“ ღვინის საიუბილეო კოლექცია გამოუშვა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა ვებგვერდიც, რომელშიც აისახა კომპანიის ისტორია და მიღწევები, დაარსებიდან – დღემდე.

თუმცა 2022 წელი „თბილღვინოსთვის“ დამატებით მნიშვნელობასაც ატარებს, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კომპანიის მესვეურებმა რუსეთში ღვინის ექსპორტზე უარი განაცხადეს და მთელი ძალისხმევა სტრატეგიული ბაზრების განვითარებასა და ახალი ქვეყნების ათვისებაში ჩადეს.

„თბილღვინოს“ სამოცწლიანი ისტორია, ღვინის საიუბილეო კოლექცია და კომპანიის მომავალი – ეს ის თემებია, რომლებზეც „თბილღვინოს“ თანადამფუძნებელს, ზურა მარგველაშვილს ვესაუბრეთ.

ბატონო ზურაბ, ინტერვიუს დასაწყებად ალბათ ყველაზე რთული შეკითხვა შევარჩიე. როგორ შეაფასებთ „თბილღვინოს“ სამოცწლიან ისტორიას? რა მომენტებს გაიხსენებთ?

„თბილღვინოს“ სამოცწლიანი გზა გამოწვევებით აღვსილი, საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. მოდი, ჩვენი ისტორიის ნიშანსვეტების შესახებ დეტალურად მოგიყვებით: 2002 წელს განსაკუთრებული მარაგის ღვინო შევქმენით, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია განვაახლეთ. მნიშვნელოვანი სიახლეები გვქონდა ბოლო წლებშიც: 2019-2020 წლებში ამბერ ღვინოების წარმოება დავიწყეთ და რეალიზაციაში ქართული ბრენდი ჩავუშვით.

ცხადია, წლების განმავლობაში, კომპანიის განვითარებასთან ერთად, ჩვენ მიერ წარმოებულმა ღვინომ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. პირველი საერთაშორისო ჯილდო – ვერცხლის მედალი – ჯერ კიდევ 2006 წელს, ლონდონში გამართულ International Wine & Spirits Competition-ზე მოვიპოვეთ. მოგვიანებით, 2012 წელს, ყვარელში ახალი საწარმო გავხსენით, საკუთარი ვენახები გავაშენეთ და წარმატების სრული ჯაჭვი შევკარით, რაც, ცხადია, მაღალი ხარისხის ღვინის შექმნის გარანტიას გვაძლევს – აღნიშნული დასტურდება საერთაშორისო კონკურსებითაც. წელს, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე – Decanter London, IWC London, IWSC London – „თბილღვინომ“ 49 ჯილდო მოიპოვა და მიღწევების ჯამური რაოდენობით, მესამედ გახდა ყველაზე ტიტულიანი ქართული კომპანია.

თუმცა ყველაზე წარმატებული წელი მაინც 2020 იყო, არა მხოლოდ „თბილღვინოსთვის“, არამედ მთელი საქართველოსთვის. ჩვენმა საფერავმა, ლონდონში გამართულ International Wine Competition-ზე, მსოფლიოს წითელ ღვინოებს შორის ჩემპიონი ღვინის ტიტული მოიპოვა, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თბილღვინოს“ საერთაშორისო წარმატება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაში.

ასევე მნიშვნელოვანია ღვინის კონკურსები, რომლებიც საქართველოში ტარდება. წელს ჩვენს ქვეყანაში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა, რომელსაც საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექსპერტები აფასებდნენ. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო. აღსანიშნავია, რომ „თბილღვინოს“ განსაკუთრებული მარაგის საფერავმა და მუკუზანმა ამ კონკურსზე ოქროს ჯილდო მიიღო. გვჯერა, რომ თანამიმდევრული და მუდმივი წინსვლა სტაბილურ ხარისხს განაპირობებს და სანდოობას ქმნის.

რა თქმა უნდა, ამ წლებში ღვინის ინდუსტრიამ არაერთი რყევა გამოიარა. პანდემიამ და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, ხოლო შემდეგ უკრაინაში მიმდინარე ომმა არაერთი სირთულის წინაშე დაგვაყენა – ომი განსაკუთრებული გამოწვევა იყო, რომლის შემდეგ, აპრილში, კომპანიის გადაწყვეტილებით რუსეთში ექსპორტი შევწყვიტეთ. თუმცა, საპირწონედ ამისა, დიდი რესურსი ჩავდეთ სტრატეგიული ბაზრების განვითარებასა და ახალი ქვეყნების ათვისებაში. 2022 წელს 30 საექსპორტო ქვეყანას უნგრეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ახალი ზელანდია დაემატა.

როგორც ვიცი, სამოცი წლის იუბილეს „თბილღვინო“ აქტიურად შეხვდა. ამის შესახებ უფრო დეტალურად ხომ ვერ მომიყვებოდით?

კომპანიისთვის ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ღვინის საიუბილეო კოლექცია შევქმენით, რომელშიც „თბილღვინოს“ ვენახებში მოწეული ყურძნისგან დამზადებული წინანდალი და საფერავი არის წარმოდგენილი. თუმცა, ღვინის კოლექციის გარდა, შევქმენით ვებგვერდიც – https://60.tbilvino.ge/ge, რომლითაც ჩვენი ისტორიისა და მიღწევების შესახებ გიყვებით, კომპანიის დაარსებიდან – დღემდე. საინტერესოა, რომ საიუბილეო ღვინის თითოეულ ბოთლზე დატანილია QR-კოდი, რომლითაც მომხმარებელი ამ ვებგვერდს დაუკავშირდება და ჩვენი კომპანიის განვლილ გზას, გამოცდილებასა და საინტერესო ფაქტებს გაეცნობა.

„თბილღვინოს“ საიუბილეო წინანდალი ერთ-ერთი უძველესი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. თავად სასმელი მომწვანო-ჩალისფერია, რომელსაც ნედლი თხილისა და თეთრი ატმის ტონებთან ერთად, ციტრუსის სურნელიც ერთვის. რაც შეეხება გემოს, მასში სასიამოვნო მჟავიანობა, კახური მწვანეს სიხალასე და რქაწითელის ძალა და სიმსუბუქე იგრძნობა.

საიუბილეო კოლექციაში კომპანიის ერთ-ერთი სიამაყე – საფერავი არის წარმოდგენილი. როგორც გითხარით, 2018 წლის მოსავლისგან ჩემპიონი საფერავი შევქმენით, რომელიც ლონდონში ჩემპიონ წითელ ღვინოდ დასახელდა. მასში მწიფე ალუბლის, იის, მაყვლის, ვანილისა და მუხის ტონები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

რას უნდა ველოდოთ „თბილღვინოსგან“ მომავალში და როგორი იქნება 2023 წელი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება, ასევე ახლის შეცნობის სურვილი. ამიტომაც, სასიამოვნო სიახლე გვაქვს ბრენდის მოყვარულებისთვის – VS-კოლექცია, რომლის დაგემოვნებას მომხმარებლები 2023 წლის დასაწყისიდან შეძლებენ. აღნიშნულ კოლექციაზე მუშაობისას მაღალი ხარისხის საბრენდე სპირტები გამოვიყენეთ, რომლებიც ფრანგული მუხის კასრში ექვსი წლის განმავლობაში ვარგდებოდა.

ამასთანავე, მომავალ წლებში, კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს შორისაა ახალი ვენახების გაშენება და მათი მუდმივი განვითარება. ბოლო ათწლეულია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უიშვიათეს ქართულ ენდემურ ჯიშებს – წელს ქვევრის მცვივანი შევქმენით, ხოლო მომავალ წელს ვარდისფერი რქაწითელისა და ბუდეშური საფერავის წარმოებას ვგეგმავთ. ამასთანავე, წელს ყვარლის საწარმოს ტერიტორიაზე უნიკალური არქიტექტურული ნიმუშის, საქვევრე-სადეგუსტაციო სივრცის პროექტირება დავასრულეთ, ხოლო 2023 წელს დაიწყება მშენებლობა – აქ განთავსებულ ქვევრებში სხვადასხვა ქართული ჯიშის ღვინოს დავამზადებთ. ამავე შენობაში იქნება სტუმრების მისაღები დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია, სასიამოვნო დროის გატარება და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *